November 22, 2024

“ოპოზიცია ტყუილად ცდილობს, პროპორციული არჩევნებით ხალხის მობილიზებას”

“რომელ პარტიას რამდენი პროცენტი ექნება, ჩემი აზრით, ამ თემაზე საუბარი ძალიან ნაადრევია. საერთოდ, პოლიტიკური მოთამაშეების რეიტინგები სოციოლოგიური გამოკითხვებისა და სპეციალური ფოკუს-ჯგუფების შედეგად დგება, ამით იზომება რეიტინგი და ამით ვიღებთ ზუსტ ობიექტურ სურათს”, - აცხადებს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე პარტიების რეიტინგების შეფასებისას. ის მიიჩნევს, რომ პარტიის რეიტინგის მიახლოებული სურათის დადგენა მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში ორი-სამი გამოკითხვის შედეგების შეჯერებისას შეიძლება. მისივე თქმით, ოპოზიციის მიერ ოთხშაბათს გამართული პიკეტირება ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ არჩევნების ჩატარების პროპორციული ფორმა მოსახლეობის უმრავლესობისთვის პრიორიტეტული არაა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით „ოპოზიცია ტყუილად ცდილობს, პროპორციული არჩევნებით ხალხის მობილიზებას“ - ზაალ ანჯაფარიძე.

 

“არჩევნების მოახლოების კვალობაზე, სხვადასხვა ორგანიზაციები ასეთ გამოკითხვებს ჩაატარებენ, ჩვენ შეგვიძლია მინიმუმ ორი ან სამი გამოკითხვის შედეგები შევაჯეროთ, შევადაროთ და უკვე აქედან მეტ-ნაკლებად რეალური სურათი გამოვიყვანოთ, თუ არჩევნებზე რომელ პარტიას რა შანსები შეიძლება ჰქონდეს. ჩვენი ელექტორალური კულტურა ისეთია, რომ ხშირად ადამიანები სოციოლოგიურ გამოკითხვისას, თავიანთ რეალურ პოლიტიკურ პრეფერენსიების დაფიქსირებას რატომღაც ერიდებიან, ალბათ ნახეთ, რომ ენ-დი-აის ბოლო გამოკითხვაში თითქმის 50%-მა თქვა, რომ ის არცერთ პარტიას მხარს არ უჭერს, ხოლო დაახლოებით 9%-მა კი პასუხზე საერთოდ უარი თქვა. ამიტომაც ხშირად ადამიანები არჩევნების წინა დღეს იღებენ გადაწყვეტილებას თუ ვის მისცენ ხმა, ეს პოლიტიკურმა პარტიებმაც ძალიან კარგად იციან და შესაბამისად ისინი სწორედ არჩევნების მოახლოებისას ისეთ რაღაცეებს აკეთებენ ხოლმე, რომელიც ამომრჩეველს მათ სასარგებლოდ განაწყობს, ეს იქნება მის მოწინააღმდეგეზე კომპრომატის გავრცელება, ან გრანდიოზული ინიციატივა და ა.შ.” - აცხადებს გამოცემის კორესპონდენთთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.

 

 

„დღევანდელი პიკეტირება მკაფიო მაგალითია და დადასტურებაა იმისა, რომ პროპორციული სისტემა და ის თუ რა ქვეყანაში არჩევნები რა ფორმით ჩატარდება, ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობისთვის პრიორიტეტული თემა არაა. სხვათა შორის, ამას არაერთი სოციოლოგიური გამოკითხვა ადასტურებს, ენ-დი-აის ბოლო გამოკითხვაში მთავარი პრიორიტეტების ჩამონათვალს შორის საარჩევნო სისტემის ცვლილება პირველ ათეულშიც კი არაა მოხვედრილი. აქედან გამომდინარე ჩემი აზრით, ამ თემით მასობრივი მიტინგების მოწყობა არარეალისტურია და ოპოზიცია ტყუილად ცდილობს, რომ ამ საკითხით ხალხის მობილიზება მოახდინოს. მეორეც ის, რომ ყველა კარგად ხედავს ამ საპროტესტო აქციების ავანგარდში ვინ დგას, ესენია “ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო” და მათთან აფილირებული ე.წ. სამოქალაქო აქტივისტები და ახალგაზრდული მოძრაობები, აქედან გამომდინარე საზოგადოების თვალში მიმზიდველობა დაკარგა რაც 2019 წლის ივნისის დღეებში ჰქონდა, როდესაც გავრილოვის ვიზიტი მოსახლეობის გონებაში ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და რაღაცნაირად ეს ჯგუფები აღიქმებოდა, როგორც სამოქალაქო მოძრაობა”, - განაგრძობს რესპონდენტი.

 

 

“დღეს კი ისინი საზოგადოებაში აღიქმებიან, როგორც პარტიების დანამატები, აქედან გამომდინარე მათ აქციებზე უკვე იმდენი ხალხი აღარ მოდის, ვეჭვობ, რომ მათ დიდი პერსპექტივა ჰქონდეთ, გარდა იმისა, რომ ეს ყველაფერი მათ ევროპის დედაქალაქებში, დასავლურ მედიაში და ვაშინგტონში გაუშვან და იქ ცალკეულ კონგრესმენებში შექმნან სურათი, რომ თითქოს ეს სახალხო პროტესტია, სამწუხაროდ იქ ზოგიერთი პოლიტიკოსი ამას იჯერებს. როგორც ანალიტიკოსი, გეტყვით, რომ გაყალბებას თავისი ლიმიტები აქვს, ადმინისტრაციული რესურსით ან სხვა რესურსებით არჩევნების შედეგების მოდელირება მოახდინონ, მაგრამ როგორც ამ საქმის სპეციალისტები ამბობენ ეს მაქსიმუმ 7% დან 10%-მდე შემოიფარგლება, ამის იქით გაყალბება უკვე წარმოუდგენელია. გარდა ამისა 2020 წლის არჩევნებს საერთაშორისო დამკვირვებლები გამადიდებელი ლუპით დააკვირდებიან იმ კრიტიკული შენიშვნებიდან გამომდინარე, რაც წინა საპრეზიდენტო არჩევნებზე იყო, პოლიტიკურ თვითმკვლელობას ჩაიდენს ნებისმიერი, ვინ ამ არჩევნების გაყალბებას შეეცდება, თუ ადრე არჩევნებს დამკვირვებლების გარკვეული რაოდენობა აკვირდებოდა, ამ არჩევნებზე ალბათ 3-ჯერ მეტი იქნება, აქედან გამომდინარე, თუნდაც გაყალბების რესურსი, გაცილებით უფრო მცირე იქნება”, - დაასკვნის ანჯაფარიძე.

 

 

“შეგახსენებთ, რომ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ არჩევნებზე ყოველი მეორე ამომრჩეველი “ქართულ ოცნებას” მისცემს ხმას და შესაძლოა 60% ზე მეტიც კი აიღოს პარტიამ. ექსპერტმა თორნიკე შარაშენიძემ ამ საკითხზე კომენტირებისას კი განაცხადა, რომ ასეთი პროგნოზი ნიშნავს, იმას რომ მმართველი გუნდი არჩევნების გაყალბებას აპირებს. კობახიძემ კი ექსპერტის პროგნოზირებას “ვანგური” უწოდა და განაცხადა, რომ “საქართველოში ჩვენ გვყავს ექსპერტები, რომლებიც ვერანაირ პროგნოზს ვერ აკეთებენ”, - დასძენს გამოცემა.

წაკითხვა 562 ჯერ განახლდა განახლდა თებერვალი 06 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.