“შეთანხმება თუ ვერ მოხერხდა, არჩევნებამდე ძალიან მძიმე შედეგებით მივალთ”
“შოთაძის ხელახლა გაპროკურორებაში არაფერია მოულოდნელი - “ქართული ოცნება~ რეიტინგს კარგავს და როდესაც ხელისუფლება მოსახლეობაში დასაყრდენს კარგავს, მაშინ დასაყრდენად მას ძალოვანი სტრუქტურები ესახება. სწორედ იქ სჭირდება ივანიშვილს ერთგულებაში გამოცდილი კადრები. ის ეძებს ერთგულებაში კარგად გადამოწმებულ პირებს, სჭირდება ასეთი ხალხი და აბრუნებს თანამდებობებზე... სხვა საკითხია, ეს ხალხი რამდენად არის მართლაც უღალატო - არავინ იცის, შოთაძე კრიტიკულ ვითარებაში რას მოიმოქმედებს. თუმცა ამ ეტაპზე ივანიშვილს სწორედ ის ეიმედება, როგორც ეს მოხდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის დროსაც. საზოგადოება რას როგორ შეაფასებს, ეს უკვე დიდად არ ადარდებთ, რადგან მთავარ მოკავშირედ ამომრჩეველს აღარ მიიჩნევენ... “ოცნებას” სტრატეგიული მიზნები უკვე აღარ აქვს. მისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ამბად იქცა ოქტომბერში ძალაუფლების შენარჩუნება, შორს მიმავალ გეგმებზე “ქართული ოცნება” უკვე არ და ვერ ლაპარაკობს”, - აცხადებს ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “შეთანხმება თუ ვერ მოხერხდა, არჩევნებამდე ძალიან მძიმე შედეგებით მივალთ”.
“ეს ყველაფერი ფარსი იყო - ის, რომ თურმე ხუნდაძე და დეპუტატთა ჯგუფი წავიდნენ ივანიშვილის წინააღმდეგ, მხოლოდ ღიმილის მომგვრელია, მაგრამ მათთვის იმდენად მნიშვნელოვანი იყო, არსებული საარჩევნო სისტემა შეენარჩუნებინათ, რომ ამაზე წავიდნენ. ამ ყველაფერს შიდაპარტიული დემოკრატიის ელფერი შესძინეს და ასე წარუდგინეს ჩვენს საზოგადოებასაც და დასავლელ პარტნიორებსაც. დარწმუნებული ვარ, ვაშინგტონში ვიზიტის დროსაც მაგას ამტკიცებდნენ - ეს ყველაფერი დემოკრატიული პროცესია და ჩვენ ვერაფერს გავხდითო. სპექტაკლი გაითამაშეს, რომელსაც დემოკრატიად ასაღებენ. რაც შეეხება ივანიშვილის მიერ ძალაუფლების შენარჩუნებისა და “ქართული ოცნების” პერსპექტივას, ეს ძალა გამარჯვების შანსს კვლავაც ინარჩუნებს და ინარჩუნებს მხოლოდ იმიტომ, რომ მისი რეიტინგის დაცემის პარალელურად, ოპოზიციის რეიტინგი არ იზრდება. დღეს რომ იყოს რომელიმე ოპოზიციური ჯგუფი, რომლის რეიტინგიც სახელისუფლებო ძალის რეიტინგის პარალელურად გაიზრდებოდა, მაშინ “ქართულ ოცნებას” სერიოზული პრობლემა შეექმნებოდა. ოპოზიციურ ფლანგზე ძალიან რთული ვითარებაა და სწორედ ამის ხარჯზე ცდილობს “ქართული ოცნება” ძალაუფლების შენარჩუნებას. ამას უკვე თვითონაც აღიარებენ”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
“თუ გავიხსენებთ, როგორ შეიცვალა ხელისუფლებები 2003 თუ 2012 წლებში, ვნახავთ, რომ 2003 წელს `ნაციონალური მოძრაობა~ პროგრესულ ძალად ითვლებოდა, სააკაშვილი კი იყო ლიდერი, რომელსაც მთლიანად ოპოზიციური ამომრჩეველი უჭერდა მხარს. მიუხედავად ამისა, მაშინ ბეწვის ხიდზე გავიარეთ - მოხერხდა და პოლიტიკური პროცესები სამოქალაქო დაპირისპირებაში არ გადაიზარდა. რაც შეეხება 2012 წელს, მაშინაც გამოჩნდა ახალი ლიდერი - ბიძინა ივანიშვილი, რომელიც საერთოდ მითური პიროვნება გახლდათ. მიუხედავად იმისა, რომ 2007-დან 2012 წლამდე ოპოზიცია სააკაშვილის ხელისუფლებას ებრძოდა და მასთან იყო საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილიც, ივანიშვილის გამოჩენამდე ოპოზიციამ ვერ შეძლო ელექტორატის გაერთიანება. იმის თქმა მინდა, რომ ორივე შემთხვევაში ოპოზიციური ელექტორატის გაერთიანება მოხერხდა, რისი პერსპექტივაც დღეს არ ჩანს. ამჟამადაც კვლავ ეს ორი ფიგურაა პოლიტიკურ ასპარეზზე, თუმცა დღეს მათდამი საზოგადოების ნდობა ძალიან დაბალია. სხვა ძალა, ჯგუფი თუ პერსონა კი, რომელიც მთლიან ოპოზიციურ ელექტორატს გააერთიანებს, არ ჩანს. ამიტომაც არის, რომ “ქართული ოცნება” მშვიდად უყურებს ქვეყანაში განვითარებულ პროცესებს. მას თუ რამე აწუხებს, ქვეყნის გარეთ მასზე გამოთქმული შეფასებებია და “ქართული ოცნების” შესახებ შექმნილი აზრი ვაშინგტონსა თუ ბრიუსელში”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“დარწმუნებული ვარ, კარს მიღმა ვაშინგტონურ კაბინეტებში საკმაოდ მკაცრი საუბრები გაიმართებოდა. ჩემი აზრით, ჩვენს ხელისუფლებას საარჩევნო სისტემის საკითხში დათმობაზე წასვლას მოსთხოვდნენ. დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ “ქართული ოცნების” დელეგაცია შეეცდებოდა არგუმენტირებულად დაერწმუნებინა ჩვენი პარტნიორები, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა უკვე შეუძლებელია, თუმცა შეჰპირდებოდნენ, რომ შეეცდებიან მოძებნონ ოპოზიციასთან შეხების წერტილები. მეც ვფიქრობ, რომ ჯერ კიდევ არის სივრცე და საშუალება, რათა გამოინახოს კომპრომისული ვარიანტი და, ჩემი აზრით, ამერიკელებს სწორედ ამ მიმართულებით დაჰპირდებოდნენ რაღაც კონკრეტულს. რამდენად შეასრულებენ ამას, არ ვიცი. ეს მალე გამოჩნდება სწორედ დასავლეთის რეაქციით. იმედია, “ქართულ ოცნებას” ესმის, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები ყურადღებით დააკვირდებიან წინასაარჩევნო პროცესსაც, არჩევნების მიმდინარეობასაც და შესაბამის დასკვნასაც გამოიტანენ. ამ არჩევნების ლეგიტიმაცია დამოკიდებულია არა მარტო ცესკოს გადაწყვეტილებებზე, არამედ იმაზეც, როგორ მიიღებს არჩევნების შედეგს დასავლეთი. ასე რომ, ხელისუფლება მნიშვნელოვანი პრობლემების წინაშე ნამდვილად დგას, ამიტომაც, იმედია, ამჯერად მაინც შეასრულებს დაპირებებს”, - თვლის ექსპერტი.
“ნუ დაგვავიწყდება, რომ ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრები სწორედ ჩვენი დასავლელი პარტნიორების ორგანიზებულია და დასავლური ქვეყნების ელჩების მონაწილეობით მიმდინარეობს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი პარტნიორები საკუთარ თავზე იღებენ არა მარტო შეკრებების ორგანიზებას, არამედ მომრიგებლის ფუნქციასაც. ამ დახურულ შეხვედრებზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. ვფიქრობ, კომპრომისზე წასვლა მნიშვნელოვანია არა მარტო ხელისუფლებისთვის, არამედ ოპოზიციისთვისაც. ყველას უნდა ესმოდეს, რომ ქვეყნისთვისაა აუცილებელი შექმნილი ვითარებიდან გამოსავლის გამონახვა. კომპრომისზე წასვლა ორივე მხარემ უნდა სცადოს. თუ რომელიმე მხარე კატეგორიულ პოზიციაზე დარჩება, ვფიქრობ, ჩვენი დასავლელი პარტნიორები შესაბამის დასკვნებს გამოიტანენ. თუ ოპოზიციამ მხოლოდ პროპორციულ სისტემაზე დაიწყო ლაპარაკი, ამით ვერაფერს მიაღწევს. თუ შეთანხმება ვერ მოხერხდა, მაშინ არჩევნებამდე ძალიან მძიმე, რადიკალური პროცესებით მივალთ, არა მარტო პოლიტიკურ ძალებს შორის დაპირისპირებით, არამედ ამომრჩეველს შორისაც, რაც ძალიან სახიფათო იქნება ქვეყნისთვის არჩევნებამდეც და მის შემდგომაც”, - დაასკვნის ვახტანგ ძაბირაძე.
“ვნახოთ, თებერვლის ბოლომდე საკმარისი დროა მოლაპარაკებისთვის. რაც შეეხება იმას, თუ მხოლოდ ხელისუფლების ვარიანტზე იქნება ლაპარაკი, უნდა დათანხმდეს თუ არა ოპოზიცია, მიმაჩნია, რომ ყველაფერს უნდა დათანხმდეს, რაც ოდნავ მაინც გააუმჯობესებს არსებულ სისტემას. ჩემი აზრით, ნამდვილად უკეთესი იქნება, თუ პროპორცია მანდატებს შორის შეიცვლება, თუმცა გაცილებით უკეთესი მრავალპარტიული მაჟორიტარული ოლქების იდეა მგონია. ვნახოთ, იმედია, შეთანხმდებიან და პოლიტიკური პროცესები ნორმალურ კალაპოტში წარიმართება. დღეს ოპოზიციის ამოცანაა, მინიმუმ, არ დაუშვას “ქართული ოცნების” საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსვლა. ასეთ შემთხვევაში 2024 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებაც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. ქვეყანაში გადაუწყვეტელი ამომრჩეველი გაცილებით მეტია, ვიდრე ოპოზიციისა და ხელისუფლების მხარდამჭერები ჯამურად. ეს ხალხი ვის დაუჭერს მხარს ან რამდენი ამომრჩეველი მივა ურნებთან, ეს იქნება გადამწყვეტი”, - ამბობს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “ოპოზიციაში უკვე დაიწყეს ლაპარაკი, რომ აუცილებელია მაჟორიტარობის კანდიდატებზე შეთანხმება...” - პასუხობს:
“თეორიულად ეს შესაძლებელია, მაგრამ პრაქტიკულად, ურთულესი იქნება. დღეს ყველაზე სტრუქტურირებული და ფლაგმანი ძალა “ნაციონალური მოძრაობაა”, მაგრამ “ნაციონალი” კანდიდატები “ქართული ოცნების” კანდიდატებთან დიდწილად წააგებენ. თუ სხვა ძალის კანდიდატს დაასახელებენ, ამა თუ იმ ოლქში მისი გამარჯვებისთვის სწორედ “ნაციონალური მოძრაობის” ადგილობრივმა ორგანიზაციამ უნდა იმუშაოს, რაც ურთულესი იქნება. გარდა ამისა, პიროვნული ამბიციების მოთოკვაც არ იქნება იოლი”.
“რაც შეეხება სააკაშვილის ინიციატივას და “პირად შტაბს”, ცოტა ძნელი შესაფასებელ-გასაანალიზებელია, რადგან თვითონ სააკაშვილიც არ ექვემდებარება ანალიზს. რას ნიშნავს პირადი შტაბი? ანუ სააკაშვილი ცდილობს, რომ ცალკე აწარმოოს საარჩევნო კამპანია? ემიჯნება “ნაციონალურ მოძრაობას”? ან ეს ახალი სახეები საიდან მოჰყავს?! სააკაშვილი მეტად პარადოქსული ფიგურაა, მას ჰყავს მხარდამჭერები და ფაქტია, “ნაციონალური მოძრაობისთვის” ხმები ნამდვილად მოაქვს, მაგრამ, იმავდროულად, ის არათუ ვერ აერთიანებს ოპოზიციურ ელექტორატს, აქუცმაცებს მას. ისე, სააკაშვილს “ოცნებისგან” პრემია ეკუთვნის, რადგან ასეთი განცხადებით ოპოზიციის რიგებში დაბნეულობა შეიტანა და მეორე მხრივ, მმართველ პარტიას მისცა საშუალება კვლავ ის აქციოს მთავარ “საფრთხობელად”. ერთ ვერსიად შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მან მართლაც შექმნას ახალი პარტია და გაეცალოს “ნაციონალურ მოძრაობას”. ეს მნიშვნელოვანი იქნება რამდენიმე მიმართულებით: ახალშექმნილ პარტიას არ ექნება 3%-იანი ბარიერის დაძლევის პრობლემა; ოპოზიციას, რომელსაც ჩამოშორდება სააკაშვილის აჩრდილი, რასაც აქამდე კარგად იყენებდა “ქართული ოცნება”, უფრო მსხვილი და ძლიერი გაერთიანების შექმნის საშუალება მიეცემა. მოიშორებენ სააკაშვილის ნეგატიურ ტვირთს - ანუ საფრთხობელა სააკაშვილი იქნება ცალკე, დანარჩენი ოპოზიცია კი - ცალკე”, - დასძენს ვახტანგ ძაბირაძე.
სიახლეები
- "თუ არ ხევ მანდატს და არ გადიხარ, ე.ი. პარლამენტის ლეგიტიმურობას აღიარებ?" - ვახტანგ ძაბირაძე
- "ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა! " - მიხეილ სააკაშვილი
- მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსული დრონებით შეტევას
- "მათ არაფერი აკავშირებთ ამ ქვეყანასთან და არაფერი რომ არ აკავშირებთ, იმიტომაც იღებენ პასუხს ქუჩაში მათივე მხარდამჭერებისგან"- შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე
- "დღევანდელი ოპოზიცია, ის ოთხეული, რომელმაც ბარიერი გადალახა არა ამომრჩევლის, რამედ უცხოელი პატრონების ნებას წარმოადგენს" - შალვა პაპუაშვილი