“ვინმეს სჯერა, რომ შოთაძე იმ შეხვედრაზე შემთხვევით მოხვდა?!”
“ანაკლიის პროექტის შეჩერების მიზეზი ის იყო, რომ სახელმწიფომ უარი თქვა 50 მილიონი დოლარის გარანტიის გაცემაზე. ეს იყო გარანტია, რომელსაც კომერციული დატვირთვა ჰქონდა და მისი გამოყენების შემთხვევაში კრედიტად გარდაიქმნებოდა. ამაზე უარი თქვეს და ახლა ახალ ტენდერს აცხადებენ. რა პასუხს აძლევენ უცხოელ ინვესტორებს, რომლებიც ენდნენ ჩვენს ხელისუფლებას და 75 მილიონი ჩადეს ამ გაურკვეველ ვითარებაში? როგორ წარმოუდგენიათ ტენდერის გამართვა იმ პროექტზე, რომელზეც შესაძლოა საერთაშორისო საარბიტრაჟო გარჩევა დაიწყოს. ძნელად წარმომიდგენია კარგი რეპუტაციის მქონე ინვესტორი, რომელიც ასეთ პროექტში ფულს ჩადებს. ყველა იკითხავს, რატომ გაჩერდა პროექტი და რა მოუვიდა მასში ჩადებულ თანხებსო? გარდა ამისა, ეს პროექტი უნდა დააფინანსონ სწორედ იმ საერთაშორისო ბანკებმა, რომლებთანაც ჩვენ ვთანამშრომლობდით. ისინი ზუსტად იმავე პირობას წამოუყენებენ სხვა ინვესტორსაც, ანუ სხვისგანაც მოითხოვენ 50 მილიონი დოლარის გარანტიას. როგორ მოიქცევა სახელმწიფო ასეთ შემთხვევაში?”, - აცხადებს “ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ვინმეს სჯერა, რომ შოთაძე იმ შეხვედრაზე შემთხვევით მოხვდა?!” / “ივანიშვილისთვის ანაკლიის პროექტის დაფინანსება ხარაკირის ტოლფასი იქნება”.
“ხელისუფლება პროექტის გასაჩერებლად ლეგალურ მიზეზს ეძებდა. ახლა ახალი ტენდერი გამოაცხადეს, თუმცა ყველა იმ მიზეზის გათვალისწინებით, რაც უკვე ჩამოვთვალე, ამ პროექტს ვერ განახორციელებენ. თუ განვითარება გინდა, მსგავსი პროექტები უნდა განახორციელო საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით. გამჭვირვალობის თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანია, ვინ ჩადებს ფულს. ჩვენს მოყვანილ ყაზახ ინვესტორს მთელი “ოცნება” დაუპირისპირდა, რუსეთში აეროპორტები ჰქონია და რუსული წარმოშობის ფული აქვსო. ივანიშვილს მთელი ფული რუსეთში აქვს ნაშოვნი და დღესაც იქ აქვს ბიზნესი. თუ ქართველი ხალხის ამოცანა ის არის, ივანიშვილს გადაეცეს წყალტუბოც, ანაკლიაც და ყველა მნიშვნელოვანი პროექტი, კი ბატონო... მას არ სჯერა ამ პროექტის, მისთვის ანაკლიის პროექტის დაფინანსება ხარაკირის ტოლფასი იქნება. სწორედ რუსეთის საამებლად გაგვაჩერა. ამიტომ ასეთ რამეს გამოვრიცხავ, შესაძლოა განცხადებით გამოვიდეს, სინამდვილეში კი არაფერს გააკეთებს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა ხაზარაძე.
“რაც შეეხება ოპოზიციის ახალ ინიციატივას მაჟორიტარობის ერთიანი კანდიდატების შესახებ ველოდები, როგორ დამთავრდება ოპოზიციისა და ხელისუფლების მოლაპარაკება, მერე გავახმაურებთ ჩვენს პოზიციას... ჩვენს საქმეზე სასამართლოში ერთი თვის განმავლობაში 18 სასამართლო პროცესი დაინიშნა. გამოაკელით შაბათ-კვირა და თავად განსაჯეთ, რა რეჟიმშიც ვართ. ამას ემატება ისიც, რომ ჩვენი საბანკო ანგარიშები დაყადაღებულია და შეზღუდული გვაქვს უცხოეთში გასვლა. 29 წელია ბიზნესში ვარ, რა არ მინახავს, რა არ გამომივლია, მაგრამ მსგავს წნეხში არ ვყოფილვარ, მაგრამ საქართველოდან არსად წავალ, ვიშრომებ და ვიბრძოლებ. თუ ამ ქვეყანაში ერთპროცენტიანი სამართალი მაინც არის, ჩემი დაპატიმრება გამორიცხულია. თუმცა, რომც დამაპატიმრონ, იქიდანაც არ შევწყვეტ ბრძოლას”, - დასძენს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “ირაკლი შოთაძემ დაადასტურა თქვენი ნაამბობი, რომ ივანიშვილმა ჩხარტიშვილთან საქმის გასარჩევად დაგიბარათ და იქ მთავარი პროკურორი დაგახვედრათ. თუმცა შოთაძე ამბობს, რომ იქ შემთხვევით მოხვდა”... - პასუხობს:
“ვინმეს სჯერა, რომ შოთაძე იმ შეხვედრაზე შემთხვევით მოხვდა?! თქვენ რომ შემთხვევით მოხვდეთ სადმე, ხომ მოიბოდიშებთ და გახვალთ? ის კი, როგორც ნაბრძანები ჰქონდა, იჯდა და გვისმენდა. ჩემი ნაამბობი შოთაძის შესახებ, რომელიც ხელისუფლებამ სიცრუედ მონათლა, ხომ დადასტურდა? აი, ასე დადასტურდება ყველაფერი, რაც აქამდე მითქვამს”.
სიახლეები
- "თუ არ ხევ მანდატს და არ გადიხარ, ე.ი. პარლამენტის ლეგიტიმურობას აღიარებ?" - ვახტანგ ძაბირაძე
- "ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა! " - მიხეილ სააკაშვილი
- მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსული დრონებით შეტევას
- "მათ არაფერი აკავშირებთ ამ ქვეყანასთან და არაფერი რომ არ აკავშირებთ, იმიტომაც იღებენ პასუხს ქუჩაში მათივე მხარდამჭერებისგან"- შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე
- "დღევანდელი ოპოზიცია, ის ოთხეული, რომელმაც ბარიერი გადალახა არა ამომრჩევლის, რამედ უცხოელი პატრონების ნებას წარმოადგენს" - შალვა პაპუაშვილი