“მარგველაშვილისა და კვირიკაშვილის გააქტიურებამ შეიძლება არსებული კონიუნქტურა შეცვალოს”
"გარკვეული ოპოზიციური პარტიები შეთანხმდნენ, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე მაჟორიტარულ ოლქებში საერთო კანდიდატები წარადგინონ, თუმცა ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ეჭვს გამოთქვამს, საბოლოოდ ოპოზიციურმა სპექტრმა ამ შეთანხმებას მიაღწიოს. როგორც “რეზონანსთან” საუბრისას აღნიშნა, ამ საკითხზე კონსენსუსი აუცილებელია, რადგან რეალური კონკურენცია გაჩნდება, რაც მისასალმებელია”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “მარგველაშვილისა და კვირიკაშვილის გააქტიურებამ შეიძლება არსებული კონიუნქტურა შეცვალოს” - გია ხუხაშვილი.
“11 თებერვალს ლეიბორისტული პარტიის ოფისში პოლიტიკური პარტიების ლიდერების მორიგი საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა, სადაც პოლიტიკოსები შეთანხმდნენ, რომ განახლდება საპროტესტო აქციები, პიკეტები და ხალხთან სალაპარაკოდ რეგიონებშიც გავლენ. შეხვედრაზე ასევე საუბარი იყო მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე მაჟორიტარულ ოლქებში საერთო კანდიდატების წარდგენაზე, რასაც პოლიტიკოსების უმრავლესობა დათანხმდა, თუმცა პარტია „ლელოს” ლიდერების თქმით, მათ ჯერ არ მიუღიათ გადაწყვეტილება, შეუერთდებიან თუ არა ოპოზიციის შეთანხმებას მაჟორიტარებზე. პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა ახალი პოლიტიკური ძალის შექმნა დააანონსა, რომელიც “ქვეყანას პოზიტიურ ალტერნატივას შესთავაზებს”. მისივე თქმით, შესაძლოა მოხდეს „ქართული ოცნების" ზოგიერთ ყოფილ დეპუტატთან გაერთიანება. ხუხაშვილის განცხადებით, ახალი პოლიტიკური ძალის შექმნა დაგვიანებულია”, - აღნიშნავს გამოცემა.
„ჩვენი ისტორიული გამოცდილება აჩვენებს, რომ ასეთი შეთანხმებები საქართველოში ძალიან რთულად არის მიღწევადი, თუმცა სასურველია. ეს არის ერთადერთი შანსი, რომ მეტ-ნაკლები კონკურენცია გაჩნდეს ამ მაჟორიტარულ სეგმენტზე. აქ შეიძლება კომბინირებული ვარიანტის გამოყენება. სადაც ვერ შეთანხმებიან, იმ ოლქებში პირველი ტური ჩაითვალოს, ფაქტობრივად, პრაიმერიზად და იმაზეც შეთანხმდენენ, რომ ოპოზიციიდან ვინც მეორე ტურში გადავა, მხარი დაუჭირონ. პირველ ეტაპზე შეეცადონ, რომ მაქსიმალურად შეთანხმდნენ, რაც შეიძლება მეტ ოლქში, სადაც ეს შეთანხმება მიუღწევადი იქნება, იქ უკვე ამ სქემით იმოქმედონ. ამ შემთხვევაში შეიძლება რეალური კონკურენცია გაჩნდეს ბაზარზე”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.
“პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა ახალი პოლიტიკური ძალის შექმნა დააანონსა, რომელიც “ქვეყანას პოზიტიურ ალტერნატივას შესთავაზებს”. მისივე თქმით, შესაძლოა მოხდეს „ქართული ოცნების" ზოგიერთ ყოფილ დეპუტატთან გაერთიანება. ხუხაშვილის განცხადებით, ახალი პოლიტიკური ძალის შექმნა დაგვიანებულია. რაც შეეხება ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნებას, ანალიტიკოსმა თქვა, რომ, როგორც ექსპრეზიდენტის, ასევე ექსპრემიერ გიორგი კვირიკაშვილის პოლიტიკაში დაბრუნება მნიშვნელოვანია. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებამ შესაძლოა დღევანდელი პოლიტიკური რეალობა შეცვალოს”, - დასძენს გამოცემა.
“ეს უკვე ძალიან გვიანაა. გასაგებია, რომ ნაცვლიშვილი არის მკვეთრად გამოხატული მემარცხენე პოლიტიკოსი. საინტერესო ადამიანია და პატივისცემასაც იმსახურებს, მაგრამ ამ ეტაპზე მის პოლიტიკურ პერსპექტივას ბუნდოვან ფერებში ვხედავ. არ მგონია, რომ ამან მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ამ საარჩევნო ციკლში... მარგველაშვილის დაბრუნება მისასალმებელი და ძალიან კარგი იქნება. ის ფორმაშია, აქტიურია. პოლიტიკურ პროცესს მისი რეინტეგრაცია ძალიან წაადგება, ისევე, როგორც გიორგი კვირიკაშვილის. ამ ორი ფიგურის გამოჩენამ, ქართულ პოლიტიკაში გააქტიურებამ შესაძლებელია გარკვეულწილად კონიუნქტურა შეცვალოს. მოხარული ვიქნები თუ მარგველაშვილი პოლიტიკაში დაბრუნდება და იქნება აქტიური”, - მიიჩნევს გია ხუხაშვილი.
“ბოლო ორი დღეა აქტიურად განიხილება ექსპრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნების საკითხი, რასაც ანალიტიკოსთა ნაწილი დადებითად აფასებს და აღნიშნავს, რომ ყოფილი პრეზიდენტის დაბრუნება დღევანდელი პოლიტიკური ვითარებისთვის მნიშვნელოვანი ცვლილება იქნება. თავად მარგველაშვილი არ გამორიცხავს, რომ გაერთიანებულ ოპოზიციას შეუერთდეს, რაც ანალიტიკოს რამაზ საყვარელიძის თქმით, ოპოზიციურ სპექტრს გააძლიერებს, თუმცა მეტ რეიტინგს ვერ შესძენს”. მისივე აზრით, მარგველაშვილისა და კვირიკაშვილის დღევანდელი მდგომარეობა განსხვავებულია და ისინი ერთად ვერ განიხილებიან”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით შევლენ თუ არა მარგველაშვილი და კვირიკაშვილი „ლელოსთან“ ალიანსში.
“გაძლიერდება, ალბათ, ერთი ადამიანი. მაგრამ რეიტინგიც გაძლიერდება თუ არა, ძნელი სათქმელია. როდესაც პოლიტიკური ლიდერები ერთად დგებიან, ხშირად ხდება, რომ ვისაც ერთი მოსწონს, მეორე არ მოსწონს და შედეგად ხმებს კარგავენ. ამით შეიძლება უფრო დაასუსტონ ერთმანეთი. არ მგონია, მარგველაშვილის მიმართ სიმპათიით განწყობილი ადამიანი და “ნაციონალების” მიმართ სიმპათიით განწყობილი ადამიანი, ორივე ერთი და იგივე იყოს... არ მგონია, მარგველაშვილისა და კვირიკაშვილის მდგომარეობა ერთნაირი იყოს. პოლიტიკა არის არენა, რომელიც დროს და ენერგიას მოითხოვს. კვირიკაშვილს აქვს კონკრეტული საქმე და შეიძლება არ მოინდომოს თავისი ბიზნესსაქმიანობის მიტოვება. მარგველაშველი შედარებით თავისუფალი ადამიანია, ასე რომ მათი ერთად აღება არ იქნებოდა სწორი”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
“ლელო საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა თქვა, რომ ამ ეტაპზე არანაირი შეთანხმება არ არსებობს “ლელოს”, გიორგი მარგველაშვილსა და გიორგი კვირიკაშვილს შორის. “ მაგრამ ასევე მინდა დაგიდასტუროთ, რომ არსებობს ზოგადი კეთილგანწყობა თითქმის სამი ათეული წლის მანძილზე ერთობლივი ცხოვრებიდან და შემდეგ პოლიტიკური საქმიანობიდან გამომდინარე. ამიტომ როდესაც ვიყავით მოქმედი პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე, თუ ვერ შევძელით გაგვეკეთებინა ის, რაც ამ ქვეყანას სჭირდებოდა, თუ “ყოფილების” რეჟიმში ამას შევეცდებით, მე წინააღმდეგი არ ვიქნები. გიორგი მარგველაშვილსა და გიორგი კვირიკაშვილს მკაფიო სამოქალაქო პოზიცია აქვთ, რომელიც თითქმის ყოველთვის თანხვედრაშია ჩემს პოზიციასთან და “ლელოშ” ჩემი მეგობრების პოზიციასთან”, ამბობს უსუფაშვილი, რომლის აზრით,“ისინი პოლიტიკურ ნაბიჭს გადადგამენ თუ არა, ეს მათი გადასაწყვეტია”, - წერს სტატიის ავტორი.
სიახლეები
- "თუ არ ხევ მანდატს და არ გადიხარ, ე.ი. პარლამენტის ლეგიტიმურობას აღიარებ?" - ვახტანგ ძაბირაძე
- "ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა! " - მიხეილ სააკაშვილი
- მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსული დრონებით შეტევას
- "მათ არაფერი აკავშირებთ ამ ქვეყანასთან და არაფერი რომ არ აკავშირებთ, იმიტომაც იღებენ პასუხს ქუჩაში მათივე მხარდამჭერებისგან"- შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე
- "დღევანდელი ოპოზიცია, ის ოთხეული, რომელმაც ბარიერი გადალახა არა ამომრჩევლის, რამედ უცხოელი პატრონების ნებას წარმოადგენს" - შალვა პაპუაშვილი