November 22, 2024

“სააკაშვილი საერთოდ გაგებაში არაა საქართველოში რა ხდება...”

“სალომე ზურაბიშვილს ჰქონდა ასეთი პოზიცია, რომ ის იყო მესამე ძალა. რა თქმა უნდა, ის ხელისუფლების მიერაა მხარდაჭერილი, მაგრამ ფორმალურად და ოფიციალურად ის დამოუკიდებელი კანდიდატი იყო და ვფიქრობ, რომ მან ამ კუთხით მხარეებს შორის მოლაპარაკებაში შუამავლობა შესთავაზა. შესაძლოა მისი შუამავლობაც იმით იყოს გამოხატული, რომ მხარეები შეთანხმდნენ თუ წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვა რა თამაშის წესების ფორმატში მოხდება. ფაქტია, რომ მხარეებმა რაღაც შეთანხმებას უნდა მიაღწიონ. რაც შეეხება სართაშორისო მეგობრებს, მოუწოდებენ და ცდილობენ, რომ არჩევნებში არ მივიღოთ ის რეციდივები, რაც ჩვენ 90 იან წლებში გვქონდა. ფაქტიურად ახლა საზოგადოებაში დიდი პოლარიზაციაა, არჩევნები როგორ ჩატარდება ის პრინციპიც არაა შემუშავებული და როდესაც ეს მდგომარეობაა, ამ დროს მათი ჩართულობა საჭიროა”, - აცხადებს ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია გაზეთ “რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ასეთ დანაშაულზე დანდობა არ შეიძლება, ამაზე ამერიკაში უვადო სასჯელია” - მაისაია უგულავას საქმეზე.

 

“ჩვენ საკმაოდ სერიოზულ პოლიტიკურ ჩიხამდე მივედით. 4 აპრილს გაერთიანებული ოპოზიცია, როგორც ჩანს მმართველ პოლიტიკური ძალის თამაშის წესებს დათანხმდება. ჩემი აზრით, ისინი 73/77 საარჩევნო მოდელის ფარგლებში ჩაერთვებიან, უბრალოდ ოპოზიციის ტაქტიკა იქნება ასეთი, რომ დააყენონ ერთობლივი კანდიდატები და 73-ივე მაჟორიტარულ ოლქში გაიმარჯვონ, და ამის ხარჯზე მოიგონ არჩევნები, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად ხმები პროპორციულშიც ექნებათ, როგორც ჩანს, ეს იქნება მათი სტრატეგია. არადა მაშინ გამოდის, რომ ჩვენ პოლიტიკურ ჩიხამდე მივდივართ, რომელიც პოლიტიკური კონფრონტაციიდან შორს არაა. როგორც ოპოზიცია, ისე მართველი ძალა უკვე ბრძოლის ახალ ეტაპზე გადადის, მთავარია უკვე ის თუ წინასაარჩევნო კამპანია როგორ ჩატარდება, აქ უკვე ყველაფერი გამოჩნდება თუ მმართველი ძალა ადმინისტრაციულ რესურსს რამდენად გამოიყენებს და ა.შ.” - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

 

 

“... უგულავას დაპატიმრებას პოლიტიკურ ჭრილში ვერ გადავიტან, რადგან რაც მან ჩაიდინა, ეს უმძიმესი დანაშაულია, ე.წ. თეთრსაყელოიანი დანაშაული, ამერიკაში ეს ყველაზე უმძიმესი კორუფციული დანაშაულია, როდესაც საბიუჯეტო თანხებს კონკრეტული პოლიტიკური პროცესების სამართავად იყენებ და ცდილობ, რომ პოლიტიკური გადატრიალება მოახდინო. 48 მილიონი ლარის ჯიბეში ჩადება, ეს უმძიმესი დანაშაულია. მეორე მომენტი ისაა, რომ როდესაც ასეთ უმძიმეს დანაშაულს ჰქონდა ადგილი და ხელისუფლებამ ეს იცოდა, ამ ბრალის წაყენება თავის დროზე უნდა მომხდარიყო და ეს პროცესი “ფაჩიკოს გარმონივით” არ უნდა ყოფილიყო გაწელილი, ასეთ დანაშაულზე დანდობა არ შეიძლება, ასეთი ტიპის დანაშაულზე ამერიკაში უვადო სასჯელია, ამის გამო პრეზიდენტებსაც კი აყენებენ”, - დასძენს ექსპერტი და შეკითხვაზე - “მიხეილ სააკაშვილმა დაანონსა, რომ საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში საკუთარ შტაბს ხსნის...” - პასუხობს:

 

 

“ნაციონალურ მოძრაობაში” პოლიტიკური რღვევა დაიწყო, მიხეილ სააკაშვილი საერთოდ გაგებაში არაა საქართველოში რა ხდება და დაავადებულია ასე ვთქვათ “საზღვარგარეთის სინდრომით”. ეს ფაქტი დაემთხვა იმასაც, რომ უკრაინაში საკმაოდ სერიოზული რამ მოხდა, უკრაინის პროკურატურის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის საფუძველზე, სააკაშვილისა და (კრემლის ოლიგარქის და იანუკოვიჩის “მარჯვენა ხელის”) სერგეი კურჩენკოს საუბრის ჩანაწებზეა საუბარი. მათი საუბრის ავთენტურობა დადასტურდა, უკრაინის პროკურატურამაც და მეხუთე არხმაც დაადასტურეს, რომ ეს მართლაც მათი საუბარი იყო. ავთენტურების დადასტურება უკვე მტკიცებულებაა და ამით უკრაინის პროკურატურას შეუძლია მიხეილ სააკაშვილს უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლი წაუყენოს, 109-ე მუხლი სახელმწიფო ღალატი და 111-ე მუხლი კონსტიტუციური წყობის ძალადობრივი გზით დამხობის მცდელობა, ანუ შესაძლოა სააკაშვილს უკრაინაში სერიოზული პრობლემები შეექმნას და უკვე აპირებს, რომ ეპიცენტრი საქართველოში გადმოიტანოს და თვითონ ჩაუდგეს სათავეში, სწორედ ამ ყველაფერს უკავშირდება ამ შტაბის შექმნაც”.

წაკითხვა 811 ჯერ განახლდა განახლდა თებერვალი 13 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.