"ამერიკის ახალი ელჩისა და ივანიშვილის შეხვედრისას მათი დაძაბული პოზები გვაფიქრებინებს, რომ ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა"
რამდენიმე დღის წინ "ევროპული საქართველოს" ლიდერებმა დავით ბაქრაძემ და ოთარ კახიძემ განაცხადეს, რომ ოპოზიციური პარტიები არჩევნებში ერთიანი მაჟორიტარი კანდიდატებით უნდა წარდგნენ.
"ოპოზიციის ლიდერების განცხადებები, რომ ნებისმიერ საარჩევნო სისტემაში "ქართული ოცნების" დასამარცხებლად მზად არიან, შეცდომების აღიარებაა", - ამბობს ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე და ირწმუნება, რომ ოპოზიცია დღეს სერიოზული გამოწვევებისა და საფრთხეების წინაშე დგას.
- ოპოზიციის ლიდერები ამბობენ, რომ შემუშავებული აქვთ სტრატეგია, რომლითაც ხელისუფლებას დისკომფორტს შეუქმნიან.
- რა სტრატეგია - პარლამენტის პიკეტირება და პერფორმანსები?! პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდებიდან ერთი თვის განმავლობაში ასეთი ღონისძიებები ეფექტიანი იყო, დღეს კი საინტერესოც აღარ არის. ახლა საჭიროა ინოვაციური სტრატეგია, რომელიც ოპოზიციურად განწყობილ ხალხს ერთი იდეის გარშემო დარაზმავს. დღეს ერთ მხარეს ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოებაა, მეორეზე კი ოპოზიციური პარტიები, რომლებიც ვერ ახერხებენ ასეთი საზოგადოების მობილიზებას. ეს სწორედ მცდარი ტაქტიკური ნაბიჯების გამოძახილია. ოპოზიციას მხოლოდ ერთი მესიჯი აქვს - "გავუშვათ ივანიშვილი". ვთქვათ, ასეც მოხდა, ან თავადაც გადაწყვიტა პოლიტიკიდან წასვლა, მერე რას ვთავაზობთ საზოგადოებას? ოპოზიცია, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ამ საკითხზე არ ფიქრობს. შეიძლება გქონდეს ხედვა, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი მიტანა ამომრჩეველთან. მაგალითად, გიორგი ვაშაძე ქმნის 21-ე საუკუნის ტექნოლოგიური საქართველოს ინოვაციურ სისტემურ მოდელს. თუმცა საჭიროა გასაგებ ენაზე ამომრჩეველთან მისი მიტანა.
- ვერ გეტყვით, გააგრძელებენ თუ არა ბრძოლას... ახლა, როგორც ჩანს, ლაპარაკია პროპორციულისა და მაჟორიტარულის ახალ კომბინაციაზე: 120 დეპუტატი პროპორციული სიით და მხოლოდ 30 მაჟორიტარული სისტემით. ოპოზიციისთვის ეს ვერსია გაცილებით მომგებიანია. თუმცა ცხადია, არჩევნებზე ერთიანი მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენის იდეა ოპოზიციის კიდევ ერთ დიდ გამოწვევად გადაიქცევა.
გამოჩნდება ცენტრისტული ძალა ლოზუნგით "არც ქოცი, არც ნაცი", მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, ხელისუფლებასთან კოალიციაში მოგვევლინება. შეიქმნება ე.წ. მესამე ცენტრი, რომელიც იტყვის, რომ მისი მისიაა, მოიზიდოს ელექტორატი, რომელსაც არც "ნაციონალები" უნდა, არც "ოცნება" და ხმების განსაზღვრულ რაოდენობას აიღებს, მაგრამ რეალურად მიზანი იქნება ოპოზიციური ერთობის დაქსაქსვა.
- თქვენ ოპოზიციის ერთიანობის დაშლას სერიოზულ გამოწვევად აფასებთ, თუმცა საინტერესოა, სწორედ ოპოზიციის გაერთიანების გამო ხომ არ დაიკარგება იმ ამომრჩევლის ხმა, რომლისთვისაც "ქართული ოცნებაც" და "ნაციონალური მოძრაობაც" მიუღებელია?
- ესეც ერთგვარი გამოწვევაა. ჩვენი პოლიტიკური სპექტრი ძლიერი რომ იყოს, არც დადგებოდა დღის წესრიგში ალტერნატიული ცენტრების შექმნა. რადგან არსებული ოპოზიცია სრულად ვერ ითვისებს ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატის ხმებს, ჩნდება ახალი პოლიტიკური ძალების საჭიროება, რომელიც "უპატრონოდ" დარჩენილი საპროტესტო ელექტორატის მობილიზებას შეძლებს.
თუმცა, ჩემი აზრით, ამ რთული ვითარებიდან ერთიან მაჟორიტარებზე შეთანხმება სწორედაც რომ გამოსავალია - ანუ ოპოზიციურმა პარტიებმა მხოლოდ მაჟორიტარულ ოლქებში უნდა წარადგინონ საერთო კანდიდატები, სიით კი ცალ-ცალკე პარტიებად ან კოალიციებად იყარონ კენჭი. მაჟორიტარულ ოლქებში ისეთი პირები უნდა წარადგინონ, ვინც საზოგადოებაში ავტორიტეტით სარგებლობენ და სულაც არ არის აუცილებელი, რომელიმე პარტიას წარმოადგენდნენ, უფრო პირიქით. ამით გაქარწყლდებოდა ეჭვი, რომ პროცესებს "ნაციონალები" მართავენ.
- როგორც კვალიფიციურმა იურისტებმა მითხრეს, კონსტიტუციასთან შესაბამისობაზე მსჯელობა ვენეციის კომისიის პრეროგატივაა. შესაბამისად, ოპოზიციას უნდა სცოდნოდა, სად, რას და რატომ გზავნიდა. ისიც უნდა სცოდნოდა, რომ ხელისუფლება არ მისცემდა საშუალებას, დასკვნაში ის ამოეკითხა, რაც იქ არ წერია.
- ოპოზიციას ამუნათებთ, რომ არჩევნების მოსაგებად არა აქვს სტრატეგია, მაგრამ რამდენად ადეკვატურად მოქმედებს მმართველი გუნდი ხალხის გულის მოსაგებად?
- მმართველ გუნდს მხოლოდ იმაზე აქვს გათვლა, რომ ხალხი ქუჩაში არ გამოვა და ოპოზიციას წაგებას გაუფორმებს.
- არც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე გამოვიდა ხალხი ქუჩაში, მაგრამ ოპოზიციის კანდიდატმა 800 000 ხმა მიიღო. ნახეთ, რა კოზირები აქვთ ცალკე ოპოზიციას, ცალკე კი ხელისუფლებას: ოპოზიცია ფიქრობს, არა უშავს, ხალხი თუ ქუჩაში არ გამოვა, მთავარია, საარჩევნო ურნებთან მივიდესო. ხელისუფლება ფიქრობს, საპრეზიდენტო არჩევნებზე 800 000 კაცი მივიდა და ხმა ოპოზიციის კანდიდატს მისცა, მაგრამ იქიდან 800 კაცი აღარ გამოვიდა ქუჩაში შედეგების გასაპროტესტებლადო. ამასვე ელის ახლაც - თუ ოპოზიციის წაგების შემთხვევაში ხალხი ქუჩაში არ გამოვა, "ოცნება" დედის რძესავით შეირგებს რეალურ თუ იმიტირებულ მოგებას. ამიტომაც არჩევნებზე იმდენი მოქალაქე უნდა მივიდეს, რომ საზოგადოებაში არსებული საპროტესტო განწყობა სრულად აისახოს შედეგებზე.
30-40%-იან გაყალბებაზე ვერც ერთი ხელისუფლება ვერ წავა, ვერ შეძლებს.
სხვათა შორის, ძალზე მეტყველია ამერიკის ახალი ელჩისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრის ამსახველი ერთი კადრი: შეხვედრის ორივე მონაწილის დაძაბული პოზები და ნაკვთები გვაფიქრებინებს, რომ ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა, ისევე როგორც სააკაშვილის ბოლო ფეისბუკგამოსვლა, სადაც ის გაერთიანებული ოპოზიციისა და "ნაცმოძრაობისგან" დამოუკიდებლად საარჩევნოდ საკუთარი შტაბის გახსნას აანონსებს, და დიალოგისთვის ოპოზიციურ ლიდერებს ეპატიჟება. ვშიშობ, ამ გამოსვლის სხვადასხვანაირად ინტერპრეტირებამ ოპოზიციურ ერთობას საფრთხე არ შეუქმნას.
სიახლეები
- "თუ არ ხევ მანდატს და არ გადიხარ, ე.ი. პარლამენტის ლეგიტიმურობას აღიარებ?" - ვახტანგ ძაბირაძე
- "ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა! " - მიხეილ სააკაშვილი
- მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსული დრონებით შეტევას
- "მათ არაფერი აკავშირებთ ამ ქვეყანასთან და არაფერი რომ არ აკავშირებთ, იმიტომაც იღებენ პასუხს ქუჩაში მათივე მხარდამჭერებისგან"- შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე
- "დღევანდელი ოპოზიცია, ის ოთხეული, რომელმაც ბარიერი გადალახა არა ამომრჩევლის, რამედ უცხოელი პატრონების ნებას წარმოადგენს" - შალვა პაპუაშვილი