ვისზე გააკეთებს ფსონს დასავლეთი წინასაარჩევნოდ
“დასავლეთის მხრიდან კრიტიკული შენიშვნები არ წყდება, სადაც საუბარია სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფასა და დემოკრატიის კურსის შენარჩუნებაზე. ამას ემატება ამერიკელი კონგრესმენების კრიტიკული წერილების ახალი სერია. ანალიტიკურ წრეებში აქტიურად მიდის საუბარი დასავლეთის მხრიდან რომელიმე ოპოზიციური პარტიის მხარდაჭერაზე, რაც არჩევნების შემდეგ უკვე სხვა სახეს მიიღებს. ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, საპარლამენტო არჩევნებს დასავლეთი რამდენად ლეგიტიმურად ცნობს”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, ვისზე გააკეთებს ფსონს დასავლეთი წინასაარჩევნოდ / "დამოკიდებულია იმაზე, რომელი პოლიტიკური ძალა დაარწმუნებს, რომ ის იქნება მისი ინტერესების შეუვალი გამტარებელი“
"დემოკრატიული კურსიდან გადახვევა," "გადახრა ავტორიტარიზმისკენ" და "გადაკვეთილი წითელი ხაზები," - ექსპრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას უბრუნდება. ამის შესახებ ყოფილმა პრეზიდენტმა „ტვიტერზე" დაწერა. ანალიტიკოსთა ერთი ნაწილი თვლის, რომ გიორგი მარგველაშვილი სავარაუდოდ "ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი გახდება, რომელიც პარტიას რეიტინგსა და იმიჯს აუმაღლებს, თუმცა, მეორე ნაწილი მის "ლელოში" გაწევრიანების ფაქტს სკეპტიკურად უყურებს, რადგან კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, პოლიტიკური გაერთიანება რამდენად მიიღებს ექსპრეზიდენტს. თავად გიორგი მარგველაშვილი მზად არის ითანამშრომლოს ნებისმიერ პოლიტიკურ გაერთიანებასთან. მისი განცხადებით, მზად არის ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსაც ესაუბროს, თუკი ამ უკანასკნელს დემოკრატიის გაძლიერებასთან დაკავშირებით ხედვა აქვს. მარგველაშვილმა "მთავარ არხს" განუცხადა, რომ პოლიტიკურ ოპოზიციასთან კონსულტაციებს იწყებს და სურს გაერთიანებულ ოპოზიციას დაეხმაროს”, - აღნიშნავს გამოცემა.
"ანალიტიკოსმა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან" საუბრისას თქვა, რომ დასავლეთი აქცენტს არ გააკეთებს რომელიმე პოლიტიკურ გაერთიანებაზე და საპარლამენტო არჩევნებამდე „ქართული ოცნების" წინააღმდეგ რადიკალურ ზომებს არ მიიღებს. მისივე თქმით, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, არჩევნებს დასავლეთი რამდენად ლეგიტიმურად ცნობს. რაც შეეხება მარგველაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას, მისი აზრით, ექსპრეზიდენტი „ლელოს" შეუერთდება. “არ მგონია, რომ მიზანმიმართულად რომელიმე ოპოზიციურ პარტიაზე გაკეთდეს აქცენტი დასავლეთის მხრიდან. ზოგადად იქნება ოპოზიციაზე ლაპარაკი და ამასთან იმაზე, არჩევნები ნორმალურად ჩატარდეს. ქვეყანაში უმძიმესი ვითარებაა შექმნილი, თუმცა, მიუხედავად ამისა, არ ველოდები, რომ არჩევნებამდე დასავლეთი გადამჭრელ და მკვეთრ ზომებს მიიღებს „ქართული ოცნების" წინააღმდეგ. ეს საარჩევნო სისტემა რომც დარჩეს, ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად კანონიერად ჩატარდება არჩევნები. ასე რომ, ამ შემთხვევაში დასავლეთი უფრო იქნება გარანტი იმისა, რომ არჩევნები ჩატარდეს კანონიერების ფარგლებში, ყოველგვარი გაყალბების გარეშე, ვიდრე რომელიმე პოლიტიკურ პარტიაზე გააკეთოს აქცენტირება. დასავლეთში მშვენივრად იციან, რომ საქართველოში ერთპარტიულობა ყოველთვის კატასტროფის მომტანია. ისინი რომელიმე ცალკე აღებულ პარტიას არ დაუჭერენ მხარს. ზოგადად მისცემენ შეფასებას, თუ რა მოხდება არჩევნების დროს”, - განაგრძობს გამოცემა.
"რაც შეეხება მარგველაშვილს, თუკი ის პოლიტიკაში დაბრუნდება, „ლელო"ყველაზე ახლოს მდგომი მგონია მის მსოფლმხედველობასთან. ამასთან, პრაქტიკულად მთელი მისი ადმინისტრაცია, ვინც პოლიტიკაში დაიწყო მოღვაწეობა, „ლელოში" გადაბარგდა და სრულიად ბუნებრივი იქნება, რომ ისიც „ლელოს" მიმართულებით წავიდეს. მარგველაშვილს, ცალკე აღებულს და თუნდაც კვირიკაშვილთან ერთად, არ აქვს იმის პოლიტიკური და ფინანსური კაპიტალი, რომ ცალკე დამოუკიდებელი ორგანიზაცია შექმნან. ისინი, ერთად თუ ცალცალკე, ნებისმიერ პოლიტიკურ ორგანიზაციას გააძლიერებენ და გარკვეულ ელექტორატს, „ქართულ ოცნებაზე" განაწყენებულს, თავისკენ წაიყვანენ. თუ, ვინმე ელოდება იმას, რომ მარგველაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებით არსებული პოლიტიკური ბალანსი კატასტროფულად შეიცვლება, ასე არაა, მაგრამ იმ პარტიისთვის და ორგანიზაციისთვის, სადაც მივა, მნიშვნელოვანი შენაძენი იქნება," - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ”, - დასძენს გამოცემა.
"ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე მარგველაშვილის „ლელოსთან" გაერთიანების შესაძლებლობას სკეპტიკურად უყურებს და აღნიშნავს, რომ ექსპრეზიდენტი საკუთარ შესაძლებლობებს გადაჭარბებულად აფასებს. რაც შეეხება დასავლეთის მხრიდან რომელიმე ოპოზიციური პარტიის მხარდაჭერას, თქვა, რომ ყველაფერი დამოკიდებულია წინააარჩევნო პერიოდზე. მისივე თქმით, ერთი მხრივ დასავლეთი, მეორე მხრივ ჩრდილოვანი ქვეყანა რუსეთი, საქართველოს თავისკენ ექაჩება. დასავლეთის პოზიცია მნიშვენლოვანია და სწორედ ამიტომაც ქირაობს ხელისუფლება და ოპოზიცია ვაშინგტონში ლობისტურ კომპანიებს. უცნაური განცხადებაა, რადგან არცთუ ისე დიდი ხნის წინ მარგველაშვილი ამბობდა, რომ სწორედ ის იყო სააკაშვილთან მებრძოლი პოლიტიკური ძალების ავანგარდში. პოლიტიკაში რაღაც წესები, ეტიკეტი და მორალური ზღვრები ხომ უნდა არსებობდეს? - როდესაც აცხადებ, რომ შენ ითანამშრომლებ მასთან, ვისაც შენ საჯარო გამოსვლებში უარყოფით კონტექსტში მოიხსენიებ, ამომრჩევლისთვის და საზოგადოებისთვის გაუგებარია. გასაგებია, რომ მას სურს ერთგვარი შემკვრელის როლი შეასრულოს სხვადასხვა პროდასავლურ ძალებთან, მაგრამ რამდენად გამოუვა? - ცოტა გადაჭარბებულად აფასებ საკუთარ შესაძლებლობებს. „ლელოში"ლიდერები მგონი საკმარისი რაოდენობით შეიკრიბნენ. მარგველაშვილი თუ იქ მივა, რა სტატუსით უნდა მივიდეს? გახდეს „ლელოს" ლიდერი თუ პოლიტსაბჭოს რიგითი წევრი? - "ლელოში" ლიდერთა პოზიციები უკვე გადანაწილებულია”, - წერს გამოცემა.
"მას ალბათ უფრო მაღალი ამბიციები აქვს და რამდენად მოხერხდება მისი „ლელოში" გაწევრიანება ისე, რომ მისი ამბიციები დაკმაყოფილდეს, გაუგებარია. ალბათ „ლელოს" წევრებმაც უნდა გამოთქვან სურვილი, სურთ მათ მარგველაშვილის მიღება? - გამომდინარე იქიდან, რომ საზოგადოების საკმაოდ ანგარიშგასაწევი ნაწილის დამოკიდებულება მისი ფიგურის მიმართ დადებითი არ არის. ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ განვითარდება წინასაარჩევნო დიმანიკა. საქართველო, რომელიც გადაქცეულია დასავლეთსა და რუსეთს შორის სტრატეგიული კონკურენციის ერთ-ერთ ველად, ყველა დაინტერესებულია იმით, ხელისუფლებაში არ მოვიდეს ის პოლიტიკური ძალა, რომელიც მის ინტერესებს ამ ქვეყანში დააზიანებდა. ვისზე გააკეთებს ფსონს დასავლეთი დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი პოლიტიკური ძალა დაარწმუნებს უკეთ იმაში, რომ ის იქნება მისი ინტერესების მყარი, შეუვალი და თანმიმდევრული გამტარებელი. ამიტომაც არის ეს შეჯიბრი ერთი მხრივ "ქართული ოცნების" და მეორე მხრივ "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოსი," - ვინ უფრო მეტ მხარდაჭერას მოიპოვებს. ამიტომაც არის ლობისტური კომპანიების მეშვეობით დასავლეთში ზეგავლენის მოხდენის მცდელობა სასურველი მიმართულებით. სამწუხაროა, რომ ჩვენი პოლიტიკური კულტურა ასეთ დონეზე დავიდა, რომ საშინაო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად ჩვენი პოლიტიკური მოთამაშეები მხარდაჭერას გარედან ეძებენ. ზოგი მოსკოვში, ზოგი სად და ზოგი სად," - განუცხადა ანჯაფარიძემ „რეზონანსს.", - წერს სტატიის ავტორი.
სიახლეები
- "თუ არ ხევ მანდატს და არ გადიხარ, ე.ი. პარლამენტის ლეგიტიმურობას აღიარებ?" - ვახტანგ ძაბირაძე
- "ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა! " - მიხეილ სააკაშვილი
- მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსული დრონებით შეტევას
- "მათ არაფერი აკავშირებთ ამ ქვეყანასთან და არაფერი რომ არ აკავშირებთ, იმიტომაც იღებენ პასუხს ქუჩაში მათივე მხარდამჭერებისგან"- შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე
- "დღევანდელი ოპოზიცია, ის ოთხეული, რომელმაც ბარიერი გადალახა არა ამომრჩევლის, რამედ უცხოელი პატრონების ნებას წარმოადგენს" - შალვა პაპუაშვილი