November 23, 2024

„რუსულ საფრთხესთან გასამკლავებლად საქართველო დასავლეთისგან მეტ სამხედრო დახმარებას ითხოვს“

ბრიტანულ გაზეთ «Financial Times»-ში სათაურით „რუსულ საფრთხესთან გასამკლავებლად საქართველო დასავლეთისგან მეტ სამხედრო დახმარებას ითხოვს“ გამოქვეყნებულია საუბრის შინაარსი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან - დავით ზალკალიანთან (ავტორები - მაიკლ პილი და ჰენრი ფოი).

 

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა საუბრის დროს, დასავლეთის ქვეყნებმა უნდა გაზარდონ თავიანთი შემაკავებელი ძალა, რათა რუსეთმა შავი ზღვის რეგიონში სტრატეგიული კონტროლი არ დაამყაროს. მისივე თქმით, აშშ-მა და ევროპამ მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ იმ ფაქტს, რომ მოსკოვი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავის სამხედრო წარმომადგენლობას ზრდის.

 

„რუსეთის სამხედრო და პოლიტიკური გავლენა უნდა შემცირდეს. ეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რეგიონია და ევროკავშირისა და სხვა დასავლელი პარტნიორების მხრიდან ყურადღების ნაკლებობით სხვა აქტორები ისარგებლებენ. ოკუპირებულ აფხაზეთში განლაგებულია C-300 ტიპის სარაკეტო სისტემები და ყველაზე თანამედროვე რადარები. 2014 წელს უკრაინისგან ანექსირებულ ყირიმში რუსეთმა C-400 ტიპის სარაკეტო სისტემები განათავსა. ეს აძლევს მოსკოვს საშუალებას, გააკონტროლოს შავი ზღვის მთელი პერიმეტრი და მთელი რეგიონი“, - აცხადებს დავით ზალკალიანი.

 

ქართული დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელის თქმით, საქართველო ნატოსა და ევროკავშირის მხრიდან მეტ ყურადღებას და ჩართულობას საჭიროებს, როგორც პოლიტიკური, ასევე სამხედრო და სოციალურ-ეკონომიკური კუთხით.

 

სტატიის ავტორები მაიკლ პილი და ჰენრი ფოი აღნიშნავენ, რომ ყირიმის პორტებზე კონტროლის დამყარების შემდეგ რუსეთმა საგრძნობლად გააძლიერა თავისი შავი ზღვის ფლოტი. გარდა ამისა, სირიაში ბაშარ ასადის რეჟიმისა და ლიბიაში ხალიფა ჰაფტარის მხარდაჭერით, რუსეთმა გაზარდა თავისი წარმომადგენლობა ხმელთაშუა ზღვაში. 2018 წლის ნოემბერში მოსკოვმა დააკავა სამი უკრაინული გემი, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რუსეთს შავ ზღვაზე კონტროლის გაზრდა სურს.

 

რამდენიმე დღის წინ დავით ზალკალიანმა, მოლდოველ და უკრაინელ კოლეგებთან ხელი მოაწერა განცხადებას, რომელიც საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში ევროკავშირის მიერ ასოცირების შეთანხმებების შესრულების მხარდაჭერის გაზრდას ეხება. ეს სახელმწიფოები ფიქრობენ, რომ მათ დაფინანსება, რომელსაც ევროკავშირი ე.წ. სამეზობლო ინვესტიციების ფარგლებში გეოგრაფიულად ახლომდებარე პარტნიორ ქვეყნებისთვის გამოყოფს, ბლოკის მომდევნო 7 წლის ბიუჯეტში შესაძლოა შემცირდეს, რადგან ევროკავშირის წევრები ცდილობენ შეავსონ ის დანაკლისი, რომელიც Brexit-ის შემდეგ დიდი ბრიტანეთის კონტრიბუციის დაკარგვით შეიქმნა.

 

მინისტრი მეტი ინვესტიციებისკენ მოუწოდებს ევროკავშირს, ისეთ სფეროებში, როგორებიცაა წყალქვეშა ელექტროენერგია და ოპტიკურ-ბოჩკოვანი კაბელები და ბორნები, რომლებიც საქართველოს პორტებს დაუკავშირდებიან.

 

„ეს შესაძლოა ერთ-ერთი ეფექტიანი გზა გახდეს ევროპასა და აზიას შორის მანძილის შესამცირებლად. ამავდროულად, საქართველოზე გადის გზა აზიის 8 სახელმწიფოსკენ, რომლებსაც ზღვისკენ გასასველი არ აქვს“, - განაცხადა მინისტრმა ევროკავშირის სტრატეგიაზე საუბრისას, რომელიც ევრაზიაში სავაჭრო მარშრუტების შექმნას ითვალისწინებს.

 

დავით ზალკალიანმა სირიაში შექმნილ მდგომარეობაზე და მასში თურქეთის როლზეც ისაუბრა. მინისტრმა მოიხსენია თურქეთი-აშშ-ის ურთიერთობის გაუარესების ფაქტი, თუმცა აღნიშნა, რომ თურქეთი საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს ყოველთვის მხარს უჭერს.

 

„ოფიციალური თბილისი ყურადღებით აკვირდებოდა სირიის საკითხზე აშშ-სა და თურქეთს შორის შექმნილ დაძაბულობას და ანკარას მიერ რუსული სარაკეტო სისტემის შესყიდვას, თუმცა თურქეთი ყოველთვის მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და ქვეყნის სუვერენიტეტს. რუსულ-თურქული ურთიერთობები ცვალებადია, მაგრამ, საბედნიეროდ, საქართველოს მიმართ თურქეთის დამოკიდებულება უცვლელი რჩება“, - აცხადებს დავით ზალკალიანი.

 

წყარო: «Financial Times» (დიდი ბრიტანეთი)

 

https://www.ft.com/content/70f4aed4-526a-11ea-8841-482eed0038b1

წაკითხვა 535 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.