November 23, 2024

„არის თემები, რაც მერაბიშვილს ციხეში შებრუნებაზე მეტად აღელვებს“

ვანო მერაბიშვილის ციხიდან გამოსვლის პირველივე კადრებში გამოჩნდა, რომ ის კარგა ხნის განმავლობაში ემზადებოდა ამ სცენისთვის. ეს მისთვის იყო, ერთგვარად, ფსიქოლოგიური რეპეტიცია ფართო საზოგადოების წინაშე წარსადგომად. ამასთანავე, მან პირველივე განცხადებებით პოლიტიკაში დარჩენის პრეზენტაცია გამართა. მერაბიშვილი მაქსიმალურად შეეცადა, გადაეფარა ხმები იმის თაობაზე, თითქოს მას ციხიდან უშვებენ იმიტომ, რომ ხელისუფლებას გაურიგდა და ვფიქრობ, ამ ეტაპზე ეს, გარკვეულწილად, მოახერხა კიდეც... ის პოლიტიკაში რჩება, მაგრამ ჯერჯერობით რთული სათქმელია, რომელ გუნდში შეიძლება ვიხილოთ. მერაბიშვილი, შესაძლოა, წავიდეს “ნაციონალურ მოძრაობაში” ან “ევროპულ საქართველოში”, თუმცა ასევე შესაძლებელია შექმნას ახალი პოლიტიკური ძალა”, - აცხადებს ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით „არის თემები, რაც მერაბიშვილს ციხეში შებრუნებაზე მეტად აღელვებს“ / “ამ ორი ძალის გაერთიანება გამორიცხულია, ვიდრე ბოკერია იქნება “ევროპული საქართველოს” ლიდერი. როდესაც მერაბიშვილი ლაპარაკობს ერთიანობაზე, ვფიქრობ, გულისხმობს ამ ერთიანობას “ევროპული საქართველოს“ ზოგიერთი ლიდერის გარეშე”.

 

 

“მერაბიშვილს, რასაკვირველია, აქვს პოლიტიკური რესურსი, ჰყავს მხარდამჭერები - ძალოვანი სტრუქტურების ყოფილი და ზოგი ამჟამინდელი თანამშრომელი; ჰყავს გულშემატკივრები რეგიონშიც - ვგულისხმობ სამცხე-ჯავახეთს, საიდანაც არის წარმოშობით და სადაც სხვადასხვა პოლიტიკურ თუ ბიზნესსქემაში ბევრი ადამიანი ჰყავდა ჩართული. რომ გითხრათ, მერაბიშვილი იმ ტიპის პოლიტიკური ფიგურაა, რომელსაც ამინდის შექმნა შეუძლია-მეთქი, მოგატყუებთ. თავის დროზე ხელისუფლებაში მისი მაღალ თანამდებობებზე ყოფნა, ძირითადად, განპირობებული იყო ორგანიზატორული ნიჭით, რაც მას მართლაც გამოარჩევს. მერაბიშვილს შეუძლია მოქნილად და სისტემურად აზროვნება, ასევე _ გადაწყვეტილებების ოპერატიულად მიღება, მაგრამ მას არა აქვს საჯარო გამოსვლების დიდი გამოცდილება, ამიტომაც უშვებს შეცდომებს. ვფიქრობ, მისი განცხადება ხელისუფლების დამხობის თაობაზე სწორედ ამგვარი შეცდომა იყო. მერაბიშვილი არ განეკუთვნება იმ კატეგორიის ადამიანებს, ვინც შეიძლება სინანულის გრძნობამ შეაწუხოს. აშკარად ჩანს, რომ ის სახელმწიფო ჩინოსნის პოზიციიდან მაშინაც მიიჩნევდა და ახლაც მიიჩნევს, რომ მართალია და, რომ თავისი მოქმედებებით იცავდა კანონსა და სამართალს. ერთიც და მეორეც მახინჯი რომ იყო “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს, ამას, რა თქმა უნდა, არ აღიარებს. მისი აზროვნება ასეა მოწყობილი”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.

 

 

“რაც შეეხება, ზოგადად, ჩვენი საზოგადოების დამოკიდებულებას მერაბიშვილის მიმართ, კარგად გამოჩნდა, რომ მის უმრავლესობას არ დავიწყებია, რა ხდებოდა ქვეყანაში მერაბიშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროს. “ორი გვამი” კი არა, უამრავი ცხედარი გვახსოვს, რომელთაც მისი თავკაცობით დაგეგმილი და განხორციელებული ე.წ. სპეცოპერაციების დროს ხან სახურავზე პოულობდნენ, ხან - სად და ხან - სად. რა სარგებლის მოტანა შეუძლია მას “ნაციონალური მოძრაობისა” თუ “ევროპული საქართველოსთვის”? - ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს. კი, შესაძლოა, ორგანიზაციული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგას, მაგრამ ორივე ამ ორგანიზაციაში უკვე არიან ლიდერები, რომელთაც ახალი ლიდერის გამოჩენა, ვფიქრობ, მაინცდამაინც არ გაუხარდებათ, მეორეც, მგონია, ამ პოლიტიკური ძალებისთვის მერაბიშვილი უკვე ბალასტია. საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც "ქართულ ოცნებაზე" იყო განაწყენებული და სოციალურ ქსელებში განაწყენებას აქტიურად გამოხატავდა, უცებ გაახსენდა ყველაფერი, რაც პირადად მერაბიშვილთან არის დაკავშირებული, შედეგად კი "ნაციონალური მოძრაობისა" თუ მისი განაყოფის მიმართ მათი დამოკიდებულება უფრო უარყოფითი გახდა. საქმე ის არის, რომ დანაშაულები, რომლებიც ხელისუფლებაში ყოფნისას ჩაიდინა `ნაციონალურმა მოძრაობამ~, დიდწილად სწორედ მიხეილ სააკაშვილისა და ვანო მერაბიშვილის სახელებს უკავშირდება”, - განაგრძობს რესპონდენტი.

 

 

“მერაბიშვილის გამოსვლა რომ აუცილებლად გაამწვავებდა ვითარებას არა მხოლოდ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, არამედ ოპოზიციაშიც, თავიდანვე აშკარა იყო. არ მინდა დავიჩემო, თითქოს მართლაც ასეა, მაგრამ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ შეიძლება მისი ციხიდან გამოშვება ხელისუფლების პოლიტტექნოლოგიის ნაწილი იყოს სწორედ ოპოზიციაში არეულობის შესატანად. ოპოზიციაში არის ბევრი პოლიტიკოსი, ვინც უკვე ხმამაღლა გამოთქვა თავისი აზრი, რომ მერაბიშვილთან საქმეს არ დაიჭერს. წარმომიდგენია, რა შეიძლება მოჰყვეს მერაბიშვილის მისვლას ნათელაშვილის ოფისში, სადაც ოპოზიციის შეხვედრები იმართება, თუმცა ცოტა გაუგებარია ე.წ. გაერთიანებული ოპოზიციის ზოგიერთი ლიდერის ეს განცხადებები. მერაბიშვილი წლების განმავლობაში წარმოადგენდა “ნაციონალურ მოძრაობას”, თუ ამ პარტიის სხვა ლიდერებს ელაპარაკები, მერაბიშვილთან ლაპარაკი რატომ არის პრობლემა?!”- ამბობს ექსპერტი და შეკითხვაზე - “მერაბიშვილის პირველი განცხადებებით ჩანს, რომ ის ეცდება “ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო” კვლავ გააერთიანოს... - პასუხობს:

 

 

“ამ ორი ძალის გაერთიანება გამორიცხულია, ვიდრე გიგა ბოკერია იქნება “ევროპული საქართველოს” ლიდერი. როდესაც მერაბიშვილი ლაპარაკობს ერთიანობაზე, ვფიქრობ, გულისხმობს ამ ერთიანობას “ევროპული საქართველოს” ზოგიერთი ლიდერის გარეშე. საქმე ის არის, რომ 2012 წლის აგვისტო-სექტემბერში უკვე ძალიან გაღრმავებული იყო დაპირისპირება “ნაციონალურ მოძრაობაში”. ეს მაშინ არ გამოჩნდა, რადგან ამის დასანახავად არავის ეცალა, სხვა ტალღაზე იყო მთელი საზოგადოება გადართული, საზოგადოების ყურადღების მიღმა დარჩა ის ნაპრალი, რაც მაშინ არსებობდა “ნაციონალურ მოძრაობაში” და 2016 წელს უკვე ოფიციალურად გაფორმდა. ბიძინა ივანიშვილს აბრალებენ “ნაციონალური მოძრაობის” დაშლას, მაგრამ ამის ნიადაგი ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლამდე არსებობდა. იმ დროს მიხეილ სააკაშვილი უკვე უაღრესად უკმაყოფილო იყო კონკრეტული ლიდერების მოქმედებით მათ შორის ვანო მერაბიშვილით...”

 

 

“მერაბიშვილის წინააღმდეგ იმდენი კომპრომატი არსებობს, რომ შეიძლება მრავალტომიანი ახალი საქმე შედგეს. როგორც ვიცი, მასთან დაკავშირებული რამდენიმე საქმე სასამართლოში უკვე განიხილება. რა თქმა უნდა, არ არის გამორიცხული, მას ეს აფიქრებდეს, თუმცა, ჩემი აზრით, არის კიდევ გარკვეული თემები, რაც მერაბიშვილს ციხეში შებრუნებაზე მეტად აღელვებს. ეს არ შეეხება მისი, როგორც მინისტრის საქმიანობას... შეიძლება ეს ბიზნესის იყოს - შეიძლება ესეც იყოს... მეტს ვერაფერს გეტყვით”, - დაასკვნის რესპონდენტი.

 

 

“რაც შეეხება რუსეთის კიბერთავდასხმას ეს სულ ცოტა, მესამე სერიოზული თავდასხმაა ქართულ ინტერნეტსივრცეზე; პირველი მოხდა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, როცა ზუსტად ვიცოდით, რომ ამის უკან რუსეთი იდგა. შემდგომაც მუდმივად იყო ეჭვიც და მოლოდინიც, რომ შეიძლებოდა რუსეთის სპეცსამსახურებს მსგავსი იარაღი ჩვენს წინააღმდეგ კვლავაც გამოეყენებინათ, მით უფრო, რომ ჩვენ ვნახეთ, რა მდგომარეობაში ჩააგდეს უკრაინა, როდესაც 2015 წლიდან მოყოლებული, ამ ქვეყანაზე პირდაპირ კიბერშტურმი მიიტანეს - მწყობრიდან გამოიყვანეს ენერგოსისტემები, პრობლემები შეუქმნეს მეტროპოლიტენსა და აეროპორტს; სახელმწიფო ორგანიზაციების ვებგვერდებს რუსული კიბერთავდასხმების შედეგად პრობლემები შეიქმნა აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში; აშშ-ში პრეზიდენტის არჩევნებში ჩარევაც კი სცადეს და ა.შ. ცნობილია, რომ რუსეთის მონაწილეობა ბრიტანელთა გამოძიების შედეგად დადგინდა. კიბერდივერსანტების რამდენიმე რუსული ჯგუფია ცნობილი. დასავლეთში, როგორც ჩანს, უკვე ისე კარგად შეისწავლეს ამ ჯგუფების ხელწერა, უკვე ამ ხელწერით ცნობენ, რომელი დგას ამა თუ იმ შეტევის უკან. როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოსგან შევიტყვეთ, საქართველოზე განხორციელებულ კიბერშეტევის უკან გენშტაბის სადაზვერვო სამმართველო და კონკრეტული სამხედრო ნაწილი იდგა, ნომრით 74455 და სახელწოდებით “უდაბნოს ქარიშხალი”, - განმარტავს ექსპერტი.

 

 

“რადგან ტექნოლოგიების სამყაროში ვცხოვრობთ, ამგვარ რამეს უნდა ველოდოთ და ვეცადოთ, მზად დავხვდეთ. სხვათა შორის, თავის დროზე საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა ამერიკელების დაჟინებული მოთხოვნით სპეციალური სერვერი შეარჩია, რომელიც იმუშავებდა საქართველოს სახელმწიფო უწყებებისთვის და რუსეთისგან რთულად გასაკონტროლებელი იქნებოდა. ტექნოლოგიები ვითარდება და, შესაბამისად, შენი კიბერუსაფრთხოებაც მუდმივად უნდა ახლდებოდეს და იხვეწებოდეს. რა ინტერესი და მიზანი შეიძლება ჰქონოდათ რუსებს? ერთმნიშვნელოვნად რთული სათქმელია. თუ გავიხსენებთ, იმ საიტების დიდი ნაწილის ეკრანებზე გამოჩნდა მიხეილ სააკაშვილის ფოტო ინგლისური წარწერით: “მე დავბრუნდები”. ერთი შეხედვით ეს ცინიკურ ანცობას ჰგავს, მაგრამ სინამდვილეში, ვვარაუდობ, რომ ეს იყო დემონსტრირება იმისა, ნახეთ, ჩვენ ვითარებას ვაკონტროლებთო. ეს არ იყო მხოლოდ საქართველოს წინააღმდეგ მიმართული, ეს იყო გზავნილი ჩვენი პარტნიორებისთვისაც, რადგან რუსეთში მშვენივრად იციან, როგორ მონაწილეობენ ქართული კიბერსივრცის დაცვაში ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეები. აქედან გამომდინარე, ეს იყო დემონსტრირება იმისა, რომ მათთვის ბარიერები არ არსებობს. მაინცდამაინც ახლა რატომ დასჭირდათ, არ ვიცი, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენზე ექსპერიმენტი გამოცადეს და ისიც ნახეს, როგორ არის დაცული ჩვენი სისტემები. მოკლედ, ეს იყო გაფრთხილება-შემოწმება”, თვლის მამუკა არეშიძე.

 

 

“მოგეხსენებათ, კიბერთავდასხმა ჰიბრიდული ომის შემადგენელი ნაწილია და ამ თვალსაზრისით ჩვენი ქვეყნის წინაშე ბევრი მნიშვნელოვანი გამოწვევა არსებობს, რომელთაც სათანადო ყურადღება არ ექცევა, ან ექცევა, მაგრამ რესურსი არ გვყოფნის მასთან გასამკლავებლად. დარწმუნებული ვარ, რუსეთი შეეცდება, გარკვეული ზემოქმედება მოახდინოს ჩვენს არჩევნებზეც. გვიახლოვდება მნიშვნელოვანი თარიღი - რუსეთთან 1920 წლის 7 მაისს ხელშეკრულების დადებიდან 100 წელი გადის. ეს ხელშეკრულება რამდენიმე თვეში უსინდისოდ დაარღვია საბჭოთა რუსეთმა. მოსკოვში უკმაყოფილოდ ელიან, რას იტყვის და მსოფლიოს გასაგონად რა კამპანიას წამოიწყებს საქართველო ამ თარიღთან დაკავშირებით. ეს ის შემთხვევაა, როდესაც რუსეთს ძალიან მწირი არგუმენტები აქვს თავის დასაცავად. დავაკვირდეთ, რა ტიპის ინფორმაციას ააქტიურებს რუსეთი, სავარაუდოდ, სწორედ ამ თარიღის გადასაფარავად. ამ ცოტა ხნის წინ ჩაუშვეს ახალი პროექტი, რომელიც ითვალისწინებს იმგვარი დეზინფორმაციის ფართოდ გავრცელებას, რომლის თანახმად, აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთი ოსეთი თურმე არასდროს ყოფილა საქართველო და იქ ქართველებს არ უცხოვრიათ. დაიწყეს ამ აზრის ტირაჟირება როგორც სატელევიზიო ეთერებით, ასევე ინტერნეტსივრცეში. ბოლო ორი კვირის განმავლობაში ამ თემაზე 6-7 გადაცემა მოამზადეს სხვადასხვა რუსულ არხზე. როგორც ვატყობ, ემზადებიან, ფართოდ გაშალონ თემა 1920 წელს ქართველების მიერ "ოსების გენოციდის" თაობაზე. ისეთი ტენდენციური მასალები ჩნდება, რომ არ შეიძლება ეს უპასუხოდ დავტოვოთ. ამ ყველაფერს უნდა დავუპირისპირდეთ, ამისთვის კი საჭიროა, ვიყოთ მაქსიმალურად მომზადებულნი და ვფლობდეთ კონტრჰიბრიდული ომის წარმოების ტექნოლოგიებს”, - დასძენს არეშიძე.

წაკითხვა 507 ჯერ განახლდა განახლდა თებერვალი 24 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.