November 23, 2024

ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობა აღიარა

“ცხინვალის დე ფაქტო პროკურატურის ცნობით, ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა სერგეი ლიპინმა და მისმა მეუღლემ აღიარეს, რომ 13 წლის განმავლობაში საქართველოს ჯაშუშები იყვნენ და რეგულარულად აწვდიდნენ საიდუმლო ინფორმაციას ქართულ სპეცსამსახურებს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “რესი” ავრცელებს. სააგენტო ე.წ. პროკურატურაზე დაყრდნობით წერს, რომ ადგილობრივი “კა-გე-ბეს” დახმარებით, ლიპინის წინააღმდეგ სამხილების შეგროვებას ექვსი თვე დასჭირდა და ახლა გამოძიებას ხელთ აქვს ყველა საჭირო მასალა, რათა 67 წლის ლიპინს რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით წაუყენოს ბრალი, რაც სახელმწიფო ღალატს გულისხმობს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობა აღიარა.

 

 

“რესის” ინფორმაციით, საქმის ფიგურანტებად ასევე ლიპინის ქართველი მეუღლე ნანული ჭულუხაძე-ლიპინა და მისი ქალიშვილი ალიონა რამაზანოვა არიან დასახელებული და იქვე ღნიშნულია, რომ ლიპინის ქალიშვილი ამჟამად “საქართველოს ტერიტორიაზე” ცხოვრობს. დე ფაქტო პროკურატურის პრეს-სამსახურმა სააგენტო “რესს” განუცხადა, რომ მეუღლეებმა დანაშაული აღიარეს. “მათ გამოძიებას უთხრეს, რომ საქართველოს სპეცსამსახურების მითითებით ახორციელებდნენ სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალებისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე განლაგებული რუსული სამხედრო ნაწილების, ასევე სამხედრო ინფრაქტრუქტურის შესახებ ინფორმაციის შეგროვებას და ქართული მხარისათვის გადაცემას”, - განუცხადა დე ფაქტო პროკურატურის პრეს სამსახურმა სააგენტოს. სერგეი ლიპინი და მისი მეუღლე გასული წლის ივლისში დააკავეს. დე ფაქტო პროკურატურის ცნობით, მათი სახლის ჩხრეკვისას “სხვადასხვა ტიპის მრავალი საკომუნიკაციო მოწყობილობა და იარაღი” ამოიღეს. ე.წ. პროკურატურა აღნიშნავს, რომ ლიპინი ქართულმა სპეცსამსახურებმა 2006 წელს გადაიბირეს, როდესაც იგი სოფელ ერედვში მისი მეუღლის ნათესავებთან სტუმრად იმყოფებოდა”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

 

“შერიგების საკითხებში საქართველოს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ლიპინის ჯაშუშობა “შეკერილ საქმეს ჰგავს”. - “ლიპინის შესახებ ინფომაცია არ მაქვს. თავის დროზე, როდესაც აიყვანეს, ამაზე ლაპარაკი ბევრი იყო. შეკერილ საქმეს ჰგავს, რათა ყურადღება საქართველოზე და ქართულ მხარეზე გადაიტანონ. 21 -ე საუკუნეშე აღიარებაზე გამოძიების ძირითადი ვერსიის აგება არ შეიძლება. შეიძლება აწამეს, დააშინეს, შესაძლოა უამრავი ფაქტორი იყოს, რის გამოც შესაძლოა აღიარება მოხდეს. აღიარება, ჩემი აზრით, არაფერს არ ნიშნავს”, - განაცხადა ზაქარეიშვილმა. შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პროკურატურამ და სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა სერგეი ლიპინის წინააღმდეგ გამოძიება გასული წლის ივლისში დაიწყეს. ლიპინს ბრალად საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობა ედება. ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ცნობით, სერგეი ლიპინმა 2008 წლის ომის დროს ქართულ სპეცსამსახურებს მნიშვნელოვანი სამხედრო ინფორმაცია გადასცა. მათ შორის საარტილერიო - სარაკეტო და საჰაერო თავდაცვის სისტემებზე. დე ფაქტო უწყებაში აცხადებენ, რომ მოპოვებული ინფორმაციის შემდეგ, ქართველმა ჯარისკაცებმა სამხრეთ ოსეთის სამხედრო მოსამსახურეებს ძლიერი დარტყმა მიაყენეს, რამაც დიდი მსხვერპლი გამოიწვია”, - წერს სტატიის ავტორი.

წაკითხვა 477 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.