"ორ თვეში გვყავს ოჯახის წევრის მიერ მოკლული 8 ქალი, ეს ძალიან მძიმე სურათია"
ფემიციდის ტრაგიკულ შემთხვევებთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრმა რელევანტური უწყებების წარმომადგენლებთან საგანგებო შეხვედრა გამართა.
ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა უფრო კომპლექსური გახდება, - ბოლო ორი თვის განმავლობაში მომხდარი ფემიციდის ტრაგიკულ შემთხვევებთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ რელევანტური უწყებების წარმომადგენლებთან საგანგებო შეხვედრა გამართა. საუბრისას აღინიშნა, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში არაერთხელ გამკაცრდა კანონი და ახლა გენდერული მოტივით ჩადენილი დანაშაული დამამძიმებელ გარემოებად ითვლება. ასევე დამკვიდრდა მოძალადეთა მონიტორინგის, რისკების შეფასების და შემაკავებელი ორდერის აღსრულების მონიტორინგის სისტემები, მიმდინარეობს გამომძიებელთა მუდმივი გადამზადება, თუმცა, შექმნილი ვითარება ყველა უწყების კოორდინირებულ ქმედებას მოითხოვს. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მოქმედი კანონმდებლობის აღსრულების პროცესში არსებულ გამოწვევებზე. როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ქალთა მიმართ ძალადობა კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს.
„ბოლო ორ თვეში გვყავს ოჯახის წევრის მიერ მოკლული რვა ქალი, ეს ძალიან მძიმე სურათია. ეს არის პრობლემა, რომელსაც კომპლექსური მიდგომა სჭირდება და ამ პროცესში ყველა შესაბამის უწყებას მნიშვნელოვანი როლი ეკისრება. ჩვენ უფრო აქტიური ნაბიჯები უნდა გადავდგათ ამ პრობლემასთან საბრძოლველად“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურის დავალებით, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მასშტაბური კამპანია დაიწყება, რომელშიც შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა, იუსტიციის სამინისტრო, რეგიონალური განვითარების, ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროები და მთავრობის ადმინისტრაცია ჩაერთვებიან. გარდა ამისა, რელევანტური სამინისტროების მიერ განისაზღვრება კონკრეტული ქმედებები ქალთა ეკონომიკური გაძლიერების, კრიზისული სერვისების მიწოდების, განგრძობადი და პროფესიული განათლების და ადგილობრივი თვითმმართველობების მუშაობის გაძლიერების მიმართულებით.
სიახლეები
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"
- "ვმუშაობთ, რომ საქართველოს რიგით მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა არ გაუუქმდეთ"- გიორგი გახარია
- "ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს"- პრეზიდენტი
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი