რა დოკუმენტებს მოაწერეს ხელი აშშ-ის საელჩოში გამართული შეხვედრის მონაწილეებმა
8 მარტს გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს საარჩევნო სისტემის შესახებ და საერთო განცხადებას, რომელიც საარჩევნო პროცესის არასათანადო პოლიტიზაციას ეხება.
განცხადების და მემორანდუმის ტექსტები აშშ-ის საელჩოს ვებგვერდზე, პროცესის ხელისუფლებისა და ოპოზიციას შორის შეხვედრების ფასილიტატორების განცხადებასთან ერთად გამოქვეყნდა.
ფასილიტატორები მხარეებს შეთანხმების მიღწევას ულოცავენ.
რაც შეეხება მემორანდუმს, დოკუმენტის ხელმომწერები თანხმდებიან, რომ მხარს უჭერენ საქართველოს კონსტიტუციის შესაბამის დებულებაში ცვლილებას, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სისტემის შემდეგ მოდელს განსაზღვრავს. საქართველოს პარლამენტი შედგება პროპორციული წესით არჩეული 120 და მაჟორიტარული წესით არჩეული 30 დეპუტატისგან.
შეთანხმება ასევე 1%-იან საარჩევნო ბარიერსა და ჩამკეტ მექანიზმს ითვალისწინებს, რომელიც გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პოლიტიკურმა სუბიექტმა მიიღოს მთლიანი საპარლამენტო მანდატების უმრავლესობა. ამასთან, დოკუმენტში ნათქვამია, რომ მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების და ვენეციის კომისიის რეკომენდაციის თანახმად დადგინდება.
ცალკე პუნქტი ეთმობა ვადამდელ არჩევნებს:
„2020 დან 2024 წლამდე შუალედში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში, პირველი ასეთი არჩევნები ჩატარდება 2020 წლისთვის განსაზღვრული წესების შესაბამისად. ყველა მომდევნო არჩევნები ჩატარდება სრულად პროპორციული სისტემით, 2024 წლისთვის საქართველოს კონსტიტუციაში ამჟამად განსაზღვრული წესის მიხედვით“, - წერია მემორანდუმში.
ამასთან, მხარეებმა საერთო განცხადებასაც მოაწერეს ხელი, რომელშიც თანხმდებიან, რომ სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზაცია თავიდან უნდა აიცილონ.
„ჩვენ, ხელისმომწერი პარტიები, ჩავერთეთ დიალოგში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად, რაც საქართველოს ხალხის ნებას ასახავს. ჩვენ ვეთანხმებით საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში უმაღლესი სტანდარტების დაცვისა და მათი დახვეწისკენ სწრაფვის მნიშვნელობას. მიუხედავად განსხვავებული აზრისა, ყველანი ვთანხმდებით, რომ აუცილებელია რეაგირება ქმედებებზე, რომლებიც შესაძლოა აღქმულ იქნას, როგორც სასამართლო და საარჩევნო პროცესები არასათანადო პოლიტიზაცია და მომავალში მსგავსი ქმედებები თავიდან უნდა იქნეს აცილებული. მივესალმებით პრეზიდენტის წინადადებას, მისი საკონსტიტუციო უფლებამოსილების ფარგლებში, თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესის ხელშეწყობასთან დაკავშირებით“, - ნათქვამია განცხადებაში.
ოპოზიცია და ხელისუფლება 2020 წლის არჩევნების 120/30-ზე მოდელით ჩატარებაზე შეთანხმდნენ.
2019 წლის 14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. ამ გადაწაყვეტილების გამო უმრავლესობა რამდენიმე წევრმა დატოვა.
გასული წლის დეკემბერსა და მიმდინარე წლის იანვარში ოპოზიციისა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა დიპლომატიური კორპუსის ჩართულობით რამდენიმე შეხვედრა გამართეს და საარჩევნო სისტემის რამდენიმე მოდელი განიხილეს, თუმცა საბოლოო შეთანხმებას მხოლოდ ახლა მიაღწიეს.
სიახლეები
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"
- "ვმუშაობთ, რომ საქართველოს რიგით მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა არ გაუუქმდეთ"- გიორგი გახარია
- "ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს"- პრეზიდენტი
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი