მთავრობა საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვების აღსრულების მონიტორინგს ამკაცრებს
მთავრობა საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვების აღსრულების მონიტორინგს ამკაცრებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.
საბჭოს სხდომაზე განიხილეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოქმედი საგანგებო მდგომარეობის შედეგად დაწესებული შეზღუდვების, მათ შორის მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში საკარანტინო რეჟიმის აღსრულების საკითხები. შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, რომ სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლები 24-საათიან რეჟიმში მკაცრად აკონტროლებენ საგანგებო მდგომარეობის შედეგად დაწესებული აკრძალვების შესრულებას და ნებისმიერი დარღვევის შემთხვევაში გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები. მინისტრის ინფორმაციით, ასევე ინტენსიურად კონტროლდება საქართველოს მასშტაბით საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვების აღსრულების პროცესი, რომელთა დარღვევისთვის კანონით დაწესებული ჯარიმები ცალკეულ შემთხვევებში სამართალდამცავებმა უკვე გამოწერეს.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების პროცესი გრძელდება. საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის განმარტებით, გუშინ, 26 მარტს, ჩამოფრინდა გეგმური ჩარტერული რეისი ვენიდან, რომლის ბორტზე მყოფი საქართველოს 180-მდე მოქალაქე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მოძიებულ ერთ-ერთ სასტუმროში სავალდებულო 14-დღიან კარანტინს გაივლის. ასევე, უწყებათაშორისი საბჭოს დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 81 პაციენტიდან 13 უკვე გამოჯანმრთელდა. შედარებით მძიმე, თუმცა სტაბილურია 5 ინფიცირებულის მდგომარეობა. ყველა მათგანს შესაბამისი მკურნალობა უტარდება. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 4505 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 247 პირი.
ამასთან, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა რეგიონში მომზადდება ე.წ „ცხელების ცენტრები“. აღნიშნულ კლინიკებს მიმართავენ პაციენტები, რომლებსაც ტემპერატურა დაუფიქსირდებათ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, მსგავსი ცენტრები უკვე გამოყოფილია კახეთის რეგიონში. ამ ეტაპზე მიმდინარეობს კლინიკების მობილიზაცია ქვემო ქართლში, რაც ეტაპობრივად ყველა რეგიონში განხორციელდება. ინფორმაცია ამ მიზნით გამოყოფილი კლინიკების შესახებ კორონავირუსთან დაკავშირებით განთავსდება, კორონავირუსთან დაკავშირებით მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე - www.stopcov.ge, ასევე, ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე - www.moh.gov.ge.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კოორდინირებული ნაბიჯების გადადგმის მიზნით სხდომებს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით განაგრძობს. საბჭოს მუშაობაში აქტიურად არიან ჩართული საქართველოს პარლამენტი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია. აღნიშნული ინფორმაცია “ინტერპრესნიუსს” საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან მიაწოდეს.
სიახლეები
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"
- "ვმუშაობთ, რომ საქართველოს რიგით მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა არ გაუუქმდეთ"- გიორგი გახარია
- "ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს"- პრეზიდენტი
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი