ნატო-ს გენერალური მდივანი - საქართველო წარმატებით უმკლავდება პანდემიას
ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის ინიციატივით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან სატელეფონო საუბარი გაიმართა.
როგორც „ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, სტოლტენბერგმა მინისტრს მიაწოდა ინფორმაცია, მსოფლიოში COVID-19-ის პანდემიის გამო, 3-4 აპრილს ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის შეზღუდული ფორმატის ჩატარებასთან დაკავშირებით. ამასთანავე, გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ საქართველო წარმატებით უმკლავდება პანდემიას და იმედი გამოთქვა, რომ მომავალშიც ასე გაგრძელდება.
თავის მხრივ მინისტრმა ზალკალიანმა გენერალურ მდივანს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით გატარებული ზომების შესახებ. საუბრისას სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ნატო საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის მიმართ გამოხატავს სოლიდარობასა და მხარდაჭერას COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში.
სატელეფონო საუბრისას განხილულ იქნა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებები. ნატო-ს გენერალური მდივანი ასევე მიესალმა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებს.
როგორც გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, ნატო გააგრძელებს მუშაობას საქართველოს მხარდასაჭერად დამატებით ზომებზე. საუბრისას აღინიშნა, რომ შექმნილი სიტუაცია ხელს არ შეუშლის ნატო-საქართველოს თანამშრომლობას და მომავალში შენარჩუნდება დღეს არსებული პოზიტიური დინამიკა. ასევე განხილულ იქნა შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში უახლოეს მომავალში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები.
სიახლეები
- საქართველოს პირველ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას 31 მარტს 87 წელი შეუსრულდებოდა
- 1991 წლის 31 მარტს საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმი ჩატარდა
- ,,არ მრჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლებას ფავორიტი ჰყავს, ხელისუფლება ცდილობს დაამოწმოს, რომ არსებობს სამი საუნჯე – მამული, ენა, სარწმუნოება"- მეუფე დანიელი
- ,, ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენის 35-წლიანი გზა გამოდგა ეკლიანი"- შალვა პაპუაშვილი
- სასაზღვრო პოლიციამ უცხო ქვეყნის ოთხი მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე დააკავა
