November 23, 2024

რა უპასუხა ფაშინიანმა შეკითხვას - რატომ არ სთხოვს დახმარებას სომხეთი საქართველოს კორონავირუსთან ბრძოლაში?

სომხეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებები - სააგენტოები «Новости-Армения», «АрмИнфо», «News.am» და სხვები ავრცელებენ ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის პასუხებს მოსახლეობის კითხვებზე, რომლებიც საქართველოსთან ურთიერთობასაც ეხება.
გთავაზობთ პრემიერის თვალსაზრისს რიგ საკითხებთან დაკავშირებით:

 

კორუფცისთან ბრძოლა სომხეთში და საქართველოში

ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ იგი უკმაყოფილოა კორუფციასთან ბრძოლის ტემპებით და განმარტა, თუ რატომ მიმდინარეობს ეს ბრძოლა სომხეთში უფრო ნელა, ვიდრე საქართველოში. "საქართველოში "ვარდების რევოლუციის" შემდეგ პოლიციის რეფორმა სწრაფად განახორციელეს. რაშია მიზეზი? ყველაზე მთავარი მიზეზი იმაში გამოიხატება, რომ საქართველოში მომხდარ რევოლუციას გეოპოლიტიკური კონტექსტი ჰქონდა... ერთ-ერთი გეოპოლიტიკური ცენტრი დაინტერესებული იყო ყველანირად დაემტკიცებინა მომხდარის ეფექტურობა და ამ მიზნით [საქართველოს] გიგანტური ზომის საჩუქრებს სწირავდა", - თქვა პრემიერმა.
 
"სომხეთის შემთხვევაში კი ცვლილებებს არანაირი გეოპოლიტიკური კონტექსტი არ აქვთ. პირიქით, მთავრობა წინააღმდეგია ასეთი კომპონენეტით ისარგებლოს. რა თქმა უნდა, ჩვენ ვთანამშრომლობთ ჩვენს კოლეგებთან, ჩვენს რეფორმებსაც ჰყავთ პარტნიორები, მაგრამ საქართველოსგან განსხვავებით, ჩვენს რეფორმებს არავინ არ აფინანსებს. ჩვენ ასე მოვისურვეთ და განვაცხადეთ, რომ ჩვენს დემოკრატიულ რევოლუციას გეოპოლიტიკური კონტექსტი არ აქვს", - ხაზი გაუსვა ნიკოლ ფაშინიანმა.

პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მთავრობამ კორუფციისა და ჩრდილოვან ეკონომიკასთან ბრძოლის შედეგად ქვეყნის ბიუჯეტი 40%-ით ანუ 1,1, მილიარდი დოლარით გაზარდა.

 

კორონავირუსთან ბრძოლა სომხეთში და საქართველოში

ერთ-ერთი მოქალაქის მიერ დასმულ კითხვას, თუ რატომ არ სთხოვს დახმარებას სომხეთი საქართველოს, სადაც კორონავირუსთან ბრძოლის საკითხში უკეთესი სიტუაციაა, პრემიერმა უპასუხა:

"მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ჯანდაცვის სისტემა მის წინაშე არსებულ საკითხს როგორმე გადაწყვეტს... პრობლემა იმაშია, რომ დღეს ყველა ქვეყნის ჯანმრთელობის დაცვის სისტემები გადატვირთულია. ამასთან, პირველივე დღეებიდანვე ჩვენ მუდმივად გვაქვს კავშირი ჩვენს ქართველ კოლეგებთან და ასევე მუდმივად ვუცვლით ერთმანეთს ინფორმაციებს. სხვათა შორის, დაავადებულთა რაოდენობა მათთან უფრო მაღალი იყო, ჩვენთან კი დაბალი, შემდეგ ჩვენთან გაიზარდა, მათთან შემცირდა. ვფიქრობ, რომ ამჟამად ყველაფერი კონტროლქვეშაა და მომავალშიც ასეც იქნება", - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
 
 

ალტერნატივა სომხეთის ტვირთებისათვის... მაგრამ სად?

კორონავირუსთან ბრძოლის დროს დახურული საზღვრების პირობებში სომხეთისათვის ძალზე მნიშვნელოვანია, რომ სატრანზიტო ტვირთები საქართველოს ტერიტორიის გავლით უპრობლემოდ იქნას გადატანილი ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრ ქვეყნებში. "ფეისბუკეთერში" პირდაპირი საუბრის დროს ნიკოლ ფაშინიანს ერთ-ერთი კითხვა ამ პრობლემის შესახებაც დაუსვეს.
 
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, მას უკვე ჰქონდა საუბარი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან, რომ გამოინახოს ე.წ. "მწვანე ზონა" სომხური ტვირთებისათვის - "ზემო ლარსის" საკონტროლო-გამშვები პუნქტის ალტერნატივა საქართველო-რუსეთის საზღვარზე.
 
ჯერ კიდევ 29 მარტს მსხვილ სომხურ კომპანიების ხელმძღვანელებთან გამართული შეხვედრის დროს ნიკოლ ფაშინიანმა მათ შეატყობინა, რომ მიღწეულია შეთანხმება, რომ რუსეთი და საქართველო ევრაზიული კავშირის ტვირთების გადატანისათვის "მწვანე ზონას" უზრუნველყოფენ. "ჯერჯერობით მე ვერ ვიტყვი იმას, რომ ეს 100%-ით განხორციელდება, მაგრამ ჩვენ ამ მიმართულებით ვმუშაობთ", - განაცხადა პრემიერმა, - "ყველამ კარგად ვიცით, რომ "ზემო ლარსი" ხშირად უამინდობის გამო დახურულია, ახლა ტვირთების მოძრაობასთან დაკავშირებულ ძველ პრობლემას კორონავირუსის გავრცელებაც დაემატა. პანდემიის გამო სომხეთმა შეზღუდა უცხოელი მძღოლებისა და ტვირთების მიღება. იგივე ხდება საქართველოში და რუსეთში".
 
გარდა ამისა, სომხეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, "ზემო ლარსის" საკონტროლო-გამშვებ პუნქტს მიაწყდა თურქეთის ტვირთებიც, რადგან თურქეთ-ირანის საზღვარი ამჟამად დახურულია. "ამრიგად, "ზემო ლარსზე" დატვირთვა გაორმაგდა და გასამმაგდა კიდეც. ამ საკითხზე ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ როგორც საქართველოს, ასევე რუსეთის მთავრობასთანაც. "ზემო ლარსში ჩვენი წარმომადგენელიც არის, რომელიც თავის მოვალეობას ასრულებს", - თქვა ნიკოლ ფაშინიანმა.
 
 
მოამზადა სიმონ კილაძემ
წაკითხვა 921 ჯერ განახლდა განახლდა აპრილი 08 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.