November 23, 2024

“ბევრმა უკრაინელმა სააკაშვილის დანიშვნაში რუსული კვალის ძებნაც დაიწყო” - რამაზ საყვარელიძე

“დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ეს გადაწყვეტილება ზელენსკის არ ეკუთვნოდა.

ამას რომ უკრაინის პრეზიდენტისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონოდა, ვფიქრობ, მოახერხებდა, რომ სახელისუფლებო პარტიის დეპუტაცია დაერწმუნებინა დაემტკიცებინათ სააკაშვილი ვიცე-პრემიერად. მას ამისთვის ხელიც კი არ გაუნძრევია, ეს ყველაფერი ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ ზელენსკი რაღაც ფაქტორების წნეხში მოექცა და იძულებული შეიქნა ასე მოქცეულიყო. ვფიქრობ, უკრაინის გარეთ უნდა ვეძებოთ ძალები, რომელთაც ზელენსკიმ უარი ვერ უთხრა და რომელთა ზეწოლითაც გადადგა ეს საჩოთირო ნაბიჯი. ამ საბჭოს თავმჯდომარედ დანიშვნით, რომელიც საკმაოდ უმნიშვნელო თანამდებობაა, თითქოს რაღაც ხარკი მოიხადა, თანაც, თუ დასჭირდა, სააკაშვილს ადვილად დაემშვიდობება. თუმცა სხვა საკითხია, თვითონ სააკაშვილს რა გეგმები აქვს. ის ძალიან ამბიციური ადამიანია და როგორც ერთმა უკრაინელმა პოლიტიკოსმა შენიშნა, არავინ იცის, რამდენ ხანს დასჯერდება ამ საბჭოს თავმჯდომარეობას”, - აცხადებს ექსპერტი რამაზ საყვარელიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ბევრმა უკრაინელმა სააკაშვილის დანიშვნაში რუსული კვალის ძებნაც დაიწყო”.

 

“მოგეხსენებათ, ზელენსკის წინამორბედმა პოროშენკომაც თავის დროზე ყურად არ იღო საქართველოს პოზიცია. ვფიქრობ, ჩვენს ხელისუფლებას მაშინ რომ ჰქონოდა ამგვარი ხისტი რეაქცია, რაც ახლა ვნახეთ, ზელენსკი პოროშენკოს ნაბიჯს აღარ გაიმეორებდა. ვფიქრობ, უკრაინული მხარე ნამდვილად არ იქცევა როგორც კარგი პარტნიორი. ზოგიერთ უკრაინულ, უმეტესად, რა თქმა უნდა, ზელენსკისადმი ოპოზიციურად განწყობილ ჯგუფებში გაიხსენეს ისიც, რომ ზელენსკის გარკვეულ ეტაპზე რუსეთის მიმართ ლოიალურ ფიგურად მიიჩნევდნენ. ზოგიერთმა უკრაინელმა ოპოზიციონერმა ისიც თქვეს, დღეს თუ ვინმეს სჭირდება უკრაინასა და საქართველოს შორის დაძაბულობისა და განხეთქილების ჩამოგდება, ეს რუსეთია. მხოლოდ რუსეთს აწყობს უკრაინაში პოლიტიკური დაძაბულობის ახალი კერის გაჩენაო, რისი ორგანიზებაც სააკაშვილს კარგად შეუძლია. ზელენსკის ეტყობა დაავიწყდა რა მოუწყო პოროშენკოს, რამხელა თავსატეხად ექცა, რამდენჯერ მოუწია იმჟამინდელ ხელისუფლებას სააკაშვილის ქვეყნიდან გაგდება. უკრაინისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა საერთაშორისო თვალსაზრისით მნიშვნელოვანია და რუსეთი, რა თქმა უნდა, დიდი სიამოვნებით წავა ამ ტანდემის დაშლაზე. ამიტომ ამ დანიშვნაში ბევრმა უკრაინელმა რუსული კვალის ძებნაც დაიწყო”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

 

“თუ გავიხსენებთ კიდევ ერთხელ, რომ საქართველოსა და უკრაინის კონფრონტაცია რუსეთს ხელს აძლევს, საქართველო ამ კონფრონტაციაზე არ უნდა წავიდეს და ვფიქრობ, არც წავა. კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც უმნიშვნელოვანესი იყო ჩვენთვის უკრაინასთან სტრატეგიული თანამშრომლობა, უკავშირდებოდა ევროპული ქვეყნების ყურადღებას უკრაინისადმი, და ეს ყურადღება, საქართველოსთან შედარებით, გაცილებით მასშტაბური იყო. ამიტომაც სურდათ ქართველებს უკრაინასთან მიწებება, რათა ევროპელებს ჩვენი პრობლემები უკრაინის პრობლემებთან ერთად დაენახათ. მაგრამ დრო ყველაფერს ცვლის. სავარაუდოდ, კორონავირუსი ამ მხრივაც შეიტანს კორექტივებს სახელმწიფოთა ურთიერთობებში. დღეს საქართველოს მიერ მიღწეულმა შედეგმა ყველას დაანახა, რომ საქართველო არის უკვე სახელმწიფო. ევროპული ქვეყნების შეფასებებიც ცხადყოფს, რომ ჩვენი ქვეყნისადმი დამოკიდებულება მნიშვნელოვნად იცვლება და მალე შესაძლოა აღარ იყოს საინტერესო, საქართველოს საკითხს აქტუალურობის თვალსაზრისით რომელ კალათაში და ვისთან ერთად განიხილავენ. პარადოქსია, მაგრამ ფაქტი - საქართველოს უკვე თავისი ადგილი ეძებნება მსოფლიო რუკაზე სწორედ კორონავირუსთან დაკავშირებით”, - განაგრძობს რესპონდენტი.

 

“როცა რაღაცას მიაღწევ ადამიანი თუ სახელმწიფო, უფრო მეტი პატივისცემით გეპყრობიან. ამ თვალსაზრისით, მეორეხარისხოვნობის განცდა სულ გვქონდა, მაგრამ დღეს საქართველოს აღქმა ევროპის თუ მთელი მსოფლიოს პრიზმიდან იცვლება. რაც შეეხება უკრაინასთან პარტნიორობას, ვხედავთ, რომ ერთ დროს საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობა იყო მსოფლიოსთვის საინტერესო. ჩვენი ქვეყნები ქმნიდნენ ენერგეტიკულ დერეფანს, მაგრამ აზერბაიჯანის პოლიტიკამ აჩვენა, რომ აზერბაიჯანი საქართველოსთვის მხოლოდ რეგიონული და კარგი პარტნიორია, მაგრამ საერთაშორისო დონეზე საქართველოსთან ერთად არ იბრძვის. მას ბრძოლის სხვა მეთოდები აქვს - რუსეთთან მანევრირებს და ა.შ. ასე რომ, დროთა განმავლობაში სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში სხვადასხვა დონეზე პარტნიორები იცვლებიან. თუ უკრაინასთან პარტნიორობაში ბზარი გაჩნდება, ამას დიდ ტრაგედიად არც უკრაინა აღიქვამს და არც საქართველო, რადგან არც ეს ბზარი იქნება მუდმივი. როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, თუ მოსაგვარებელი დაგვრჩა ზოგიერთი საკითხი, არა უშავს, მომავალში გადავწყვეტთო”, - ამბობს ექსპერტი.

 

“ჰო, იქნებ უცხოეთიდან კორონავირუსთან წარმატებული ბრძოლის შეფასებების შემდეგ მაინც ვირწმუნოთ, რომ ყველას ერთად რაღაც გამოგვივიდა, თორემ ქართველებს ძალიან გვიჭირს საკუთარი წარმატების დაჯერება და ამას თავის მიზეზები აქვს. საქართველო საუკუნეთა განმავლობაში მარცხის განცდით იყო დატვირთული. ჩვენს დასაპყრობად მუდამ დიდი იმპერიები მოდიოდნენ, რომლებთან გამარჯვებისთვისაც ძალა არ გვყოფნიდა. ამ ქრონიკულმა მარცხმა, რასაც დაემატა უახლეს ისტორიაში მარცხების სერია, ჩვენს ცნობიერებაში დამარცხებულის განცდა გააჩინა. ამას ფსიქოლოგიაში დასწავლილი უსუსურობა ჰქვია, როდესაც გამოცდილებით მიღებული ფსიქოლოგიური განწყობით მიიჩნევ, რომ უსუსური ხარ, არადა, რეალურად გამოსავლის მოძებნა და გამარჯვების მიღწევაც შეგიძლია. მასმედიაც პედალირებას აკეთებს დიდწილად შეცდომებსა და ნეგატივზე, არადა, ამ დროს დასწავლილი უსუსურობის დასაძლევად ჩვენს ხალხს მუდმივად იმაზე სჭირდება ლაპარაკი, რომ რაღაც გამოსდის. საუკუნეების განმავლობაში გამარჯვების დეფიციტი გვქონდა და ამიტომ არის, რომ გამარჯვებას ვერ ვიჯერებთ. გეთანხმებით, რომ არც პრობლემებზე თვალის დახუჭვა ივარგებს და თავი არ უნდა მოვიტყუოთ, მაგრამ სასურველია მცირე წარმატებაც კი უყურადღებოდ არ დაგვრჩეს. რაც შეეხება წარმატებას კორონავირუსთან ბრძოლაში, დღეს ეს იმდენად თვალსაჩინოა, შეუძლებელია ვერ დაინახო”, - ამბობს რამაზ საყვარელიძე.

 

“მარტო სამეზობლოს რომ შევხედოთ, ინფიცირებულთა თუ გარდაცვლილთა რიცხვებში იმხელა სხვაობაა, ნამდვილად გვაქვს საფუძველი იმის თქმისთვის, რომ ჩვენმა სტრატეგიამ გაამართლა. ეს კი მოხდა ხელისუფლების, კონკრეტულად გახარიას სწორი მოქმედებებით, რომელიც, თავის მხრივ, მთლიანად ეფუძნებოდა პროფესიონალთა აზრსა და გადაწყვეტილებებს. მათგან, ვინც კი პრეზიდენტი თუ პრემიერი გვყოლია, მიჭირს თქმა, თუ ვინ შეძლებდა ასეთი შედეგის მიღწევას. ალბათ, დააკვირდებოდით “ნაციონალურ მოძრაობას” ამ პანდემიის დროს. ისინი პროფესიონალებს გამუდმებით ასწავლიან ჭკუას, რა როგორ უნდა გააკეთონ, ლამის ექიმებს მიუთითებენ, როგორ უმკურნალონ პაციენტებს. როგორ ფიქრობთ, ხელისუფლებაში ყოფნის შემთხვევაშიც ასე არ მოიქცეოდნენ? ანალოგიური შეცდომები დაუშვეს სხვა ქვეყნების ხელისუფლებებმაც. მაგალითად, იტალიაში კვირების განმავლობაში კამათობდნენ პოლიტიკოსები, უნდა შეეზღუდათ თუ არა პირადი სივრცე მოქალაქეებისთვის? ჩინეთში პოლიტიკური კონიუნქტურის გამო არათუ არ მოუსმინეს საწყის ეტაპზე ექიმებს, არამედ ზოგი გააჩუმეს, ზოგი კი გააქრეს. ზოგიერთ ქვეყანაში ექიმებს ყურადღება არც მიაქციეს და საბოლოოდ მსოფლიოში ის სურათი მივიღეთ, რაც მივიღეთ. საქართველოში კი გადაწყვიტეს მოესმინათ ეპიდემიოლოგებისა და ექიმებისთვის”, - მიიჩნევს რესპონდენტი.

 

“ბედად ჩვენი ექიმებიც მაღალი კლასის აღმოჩნდნენ, ეს ჭაღარა ექიმები, რომლებიც თვითონ რისკის ჯგუფში არიან. ამ ტანდემმა, ერთი მხრივ, ხელისუფლებამ, რომელმაც საკუთარ თავზე არ აიღო გადაწყვეტილებების მიღება, მეორე მხრივ კი ექიმებმა, რომლებიც არ შეუშინდნენ პასუხისმგებლობას, შეძლეს ეს ყველაფერი. ხშირად ჰგონიათ, რომ ევროპულ თუ ამერიკულ გადაწყვეტილებებს, გამოცდილებას წყალი არ გაუვა, ჩვენი ექიმები კი ადგნენ და არ შეასრულეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ის რეკომენდაციები, რაც სწორად არ მიიჩნიეს და საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ მართლები იყვნენ. ეს პროფესიული თავდაჯერებულობა, ვფიქრობ, გადამწყვეტი იყო. კიდევ იყო ერთი მიზეზი - შიში იმისა, რომ თუ ვირუსი მასშტაბურად გავრცელდებოდა, საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ამას ვერ გაუძლებდა. ამიტომ ყველაფერი გააკეთეს ამის თავიდან ასაცილებლად. რა თქმა უნდა, უნდა ვახსენოთ ჩვენი საზოგადოებაც, რომელიც სამაგალითოდ მოიქცა. მან გამოვლინა საოცარი უნარი იმისა, რომ საჭიროების შემთხვევაში შეუძლია დიდი მობილიზება და გერმანელზე უფრო წესრიგიანად, ინგლისელზე უფრო რაციონალურად მოქცევა. ვფიქრობ, ექიმებთან ერთად, მადლობა უნდა ვუთხრათ ჩვენს საზოგადოებასაც.… ქართული ზომიერი სიფრთხილის სანიმუშო მაგალითი იყო ის, რომ ჩვენმა ხალხმა აღდგომის დღესასწაული არ დათმო, ეკლესიის კარი არ დახურა და ისე მოიქცა, რომ სადღესასწაულო დღეებში არავინ დაავადებულა. იმედია, ამ სიფრთხილით მოვიქცევით უახლოესი კვირების განმავლობაშიც, რადგან ეს შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს ქვეყნის ცხოვრების ნორმალურ კალაპოტში დასაბრუნებლად”, - თვლის ექსპერტი და შეკითხვაზე - “მთავრობამ წარმოადგინა ანტიკრიზისული გეგმა. საინტერესოა, როგორ აფასებთ მას?” - პასუხობს:

 

“ეკონომისტი არ გახლავართ და ძალიან გამიჭირდება მის ეკონომიკურ ეფექტურობაზე ლაპარაკი. თუმცა არის ერთი საკითხი, რაც ცოტა მაეჭვებს. როგორც უკვე მოვისმინეთ, ხელისუფლება მნიშვნელოვანი სახსრების მიმართვას ტურიზმის სფეროსკენ გეგმავს, რაც, ცოტა არ იყოს, არასწორი მგონია. მიუხედავად იმისა, რომ შიდა თუ საერთაშორისო ტურიზმის ასამუშავებლად ვადებიც ითქვა და უსაფრთხოების ზომების დაცვასაც დაგვპირდნენ, ძალიან საეჭვო მგონია, ამ სეზონზე ამ დარგის ამუშავება მოხერხდეს. რატომღაც მგონია, რომ მთავრობის ეს გადაწყვეტილებები უფრო ინერციით არის განპირობებული. ვგულისხმობ პანდემიამდე პერიოდს, როდესაც პრიორიტეტული სწორედ ტურიზმი იყო, რაც ასევე არასწორია, და ეს კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენა პანდემიამ. ტურიზმით ვერც ერთი სახელმწიფო ვერ ცხოვრობს. ამ პანდემიასთან ბრძოლაში ჩვენმა ხელისუფლებამ სპეციალისტებს დაუჯერა, დღევანდელი ეკონომისტების ფენიდანაც ხომ შეიძლება პროფესიონალთა ამორჩევა, რომელთა რჩევებსაც ხელისუფლება მოისმენს და გაითვალისწინებს. ჩინური ანდაზაა, მეფემ შეიძლება არ იცოდეს ყველაფერი, მაგრამ უნდა იცოდეს ის, ვინ იცისო”.

 

“ტურიზმიც უნდა განვავითაროთ, მაგრამ რაც უფრო მალე გამოვალთ იმ ვითარებიდან, როდესაც ეკონომიკის დარგებს შორის დომინანტური იქნება ტურიზმი, მით უკეთესი. ახლა არის ამის შესაძლებლობა და ამაში კორონავირუსმა შეიძლება დადებითი როლიც კი შეასრულოს. ბოლო ხანს ლაპარაკია ჩინეთიდან წარმოებების კავკასიაში გადმოტანაზე. გამორიცხული არ არის, ეს ნაწილობრივ მოხერხდეს კიდეც. წარმოების განვითარება არის ქვეყნის ეკონომიკის განვითარების მთავარი ქვაკუთხედი და იმედია, საამისოდ ყველაფერი გაკეთდება... ვფიქრობ, შეზღუდვების მოხსნისას სიფრთხილე გვმართებს. რაც შეეხება კომენდანტის საათს, ერთი ეჭვი გამიჩნდა, რასაც ხელისუფლება, ალბათ, საჯაროდ ვერ იტყვის. საქმე ის არის, რომ ქართველებს წვეულებები, რესტორნებში სიარული თუ შინ დღესასწაულების ხალხმრავალი აღნიშვნა ძალიან გვიყვარს, ეს ყველაფერი კი სწორედ საღამოს საათებში იგეგმება ხოლმე. ვფიქრობ, კომენდანტის საათის გაგრძელებით სწორედ ამგვარი ხალხმრავლობების თავიდან აცილებას ცდილობენ”, - დასძენს რამაზ საყვარელიძე.

წაკითხვა 747 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 11 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.