November 23, 2024

ბადრი ჯაფარიძე - “ოცნებას” პრობლემების მხოლოდ ფრაგმენტულად დანახვა სჩვევია“

“მე შეგახსენებთ, რა ოდენობის თანხების მობილიზებაზე ლაპარაკობდა ხელისუფლება და თავად განსაჯეთ, ჰქონდა თუ არა ჩვენი ინიციატივების, როგორც მათ უწოდეს, “ოცნებების ჩამონათვალის” განხორციელების რესურსი ბიუჯეტს.

ჩვენი თავდაპირველი პროგრამა გულისხმობდა 6 მილიარდი ლარის მობილიზაციას, საიდანაც ერთი მილიარდი იყო განკუთვნილი სოციალური დახმარებისთვის, მილიარდი ლარი უნდა დაბანდებულიყო სოფლის მეურნეობაში, ასევე უნდა შექმნილიყო 3-მილიარდიანი ლარის სახელმწიფო საგარანტიო ფონდი, რაც ბიუჯეტიდან არანაირ თანხას არ მოითხოვდა; ლაპარაკი იყო ასევე ეროვნული ბანკის მიერ ერთი მილიარდი ლარის სავალუტო ინტერვენციაზე, რათა ლარი არ გაუფასურებულიყო. ამ ღონისძიებების გატარება ნამდვილად არ იქნებოდა ქვეყნის ბიუჯეტისთვის შეუძლებელი”, - აცხადებს საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი ბადრი­ ჯაფარიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით „ოცნებას“ პრობლემების მხოლოდ ფრაგმენტულად დანახვა სჩვევია“.

 

“თავად პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ბიუჯეტის რესურსები 2 მილიარდი ლარის მობილიზების საშუალებას იძლეოდა. ამასთან, საგარეო რესურსების, ანუ სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკისა და სხვა ინსტიტუტების დახმარების შედეგად მილიარდ-ნახევარი დოლარის მობილიზების შესაძლებლობა გვეძლეოდა. 1,5 მილიარდი დოლარი 4 მილიარდ ლარზე მეტია. პრემიერისვე თქმით, წლის ბოლომდე კიდევ 1,5 მილიარდი დოლარი ანუ, 4 მილიარდ ლარზე მეტი იქნება ხელმისაწვდომი. ე.ი. პრემიერის მიერ დასახელებული ციფრებით თუ ვიმსჯელებთ, მთავრობა 11 მილიარდ ლარზე მეტის მობილიზებას ახერხებს. ჩვენი ინიციატივა კი მხოლოდ 6 მილიარდი ლარის მობილიზებას გულისხმობდა, თანაც აქედან 3 მილიარდი მყისიერად გახარჯვის საჭიროება არ იდგა. ეს თანხა ექნებოდა სახელმწიფო საგარანტიო ფონდს და კრიზისულ ვითარებაში ნებისმიერ ბიზნესს საჭირო თანხებით დაეხმარებოდა. ხელისუფლებამ გამოიყენა ჩვენი საგარანტიო ფონდის იდეა. თქვეს კიდეც, ოპოზიციის ზოგიერთი იდეა გამოვიყენეთო. მართალია, `ლელო~ არ დაასახელეს, მაგრამ არა უშავს, ეს არ არის პრობლემა. ხელისუფლების პროგრამაში ლაპარაკია საგარანტიო ფონდზე, რომლის ბიუჯეტიც მხოლოდ 300 მილიონი ლარია”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ბადრი ჯაფარიძე.

 

“მცირე და საშუალო ბიზნესები ახლა ისეთი გამოწვევების წინაშე დგანან, რომ 300 მილიონი ლარი მათ საჭიროებებს ვერ უზრუნველყოფს და ნეპოტიზმის შესაძლებლობებს აჩენს. ჩვენი შეთავაზება იყო აბსოლუტურად რეალისტური, სისტემურ საფუძველზე დაყრდნობით მომზადებული. სამწუხაროდ, “ქართულ ოცნებას” პრობლემების ფრაგმენტულად დანახვა სჩვევია, ჩვენს ქვეყანას კი სისტემური ხედვა და სწრაფად მოქმედება სჭირდება. ცოტა ხნის წინ გახარიამ ტურისტული სექტორის დახმარების პრეზენტაცია გამართა. ჩემთვის ცოტა გაუგებარია, როდესაც პანდემიის დროს ტურიზმის გახსნაზე ლაპარაკობს. როგორ უნდა დაადგინოს საზღვარზე ერთ საათში, არიან თუ არა ტურისტები კორონავირუსით ინფიცირებული; ან გამოფენებში მონაწილეობას როგორ აფინანსებენ, როდესაც გვეუბნებიან, რომ კორონავირუსთან თანაცხოვრება კიდევ დიდხანს მოგვიწევს და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს ისევ უნდა ვერიდოთ”, - განაგრძობს რესპონდენტი.

 

“მგონი, ეს ყველაფერი პიარი, საზოგადოების გულის მოსაგები განცხადებები იყო და საერთო არაფერი ჰქონდა რეალურ, გაწერილ სამოქმედო გეგმასთან. ამის მაგალითი უკვე გვაქვს - შარშან, როდესაც რუსეთმა საქართველოში ფრენა აკრძალა და რუსი ტურისტების შემოსვლა შეიზღუდა, ხელისუფლებამ თქვა, რომ ყველა მცირე სასტუმროს სუბსიდირებას გაუწევდა. არადა, კონკრეტულად შემიძლია დავასახელო სასტუმრო მთიან რეგიონში, რომელსაც არათუ სუბსიდირება არ გაუწიეს, მისი მფლობელი დააჯარიმეს იმის გამო, რომ საინვესტიციო ვალდებულებების გადავადება მოითხოვა. როგორც ყოველთვის, ახლაც მათი გეგმა ბევრი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. ეს ნეპოტიზმს უწყობს ხელს. გვიხარია, რომ მთავრობამ ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები გაითვალისწინა და შედეგად ბევრი ინფიცირებული არა გვყავს. თუმცა იმასაც ვხედავთ, რომ როდესაც მწყობრი სისტემური და ეკონომიკური სტიმულირების პროგრამების დრო დადგა, “ოცნებამ” უუნარობა გამოამჟღავნა”, - დასძენს ბადრი ჯაფარიძე და შეკითხვაზე - “ცოტა ხნის წინ “ფრიდომ ჰაუსმა” გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც ნათქვამია, რომ პოლიტიკურ სივრცეში ახალგამოჩენილ ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძეს ფულის გათეთრებისთვის ბრალი წარუდგინეს, როგორც კი მან პოლიტიკური მოძრაობის დაფუძნების შესახებ განაცხადა. ამის პასუხად მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ დოკუმენტში ფაქტობრივი უზუსტობაა, რადგან გამოძიება გაცილებით ადრე დაიწყო, ვიდრე თქვენ პოლიტიკაში მოხვედით...” - პასუხობს:

 

“მამუკა მდინარაძე იტყუება. ჩვენ საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნების შესახებ განცხადების გაკეთებიდან ზუსტად ორ კვირაში წაგვიყენა ბრალი პროკურატურამ. ახლა რაც აწყობთ, იმას იტყვიან. იმასაც ამბობენ, რომ პოლიტიკური პატიმრები არა ჰყავთ. დაითვალონ, რამდენი ოპოზიციონერ ლიდერსა და თავისუფალი მედიის წარმომადგენელზე აქვთ აღძრული სისხლის სამართლის საქმე, მათ შორის რამდენია დაპატიმრებული. ეს რიცხვი საკმარისად დიდია იმისთვის, რომ პოლიტიკურ დევნაზე ვილაპარაკოთ”.

წაკითხვა 430 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 11 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.