November 23, 2024

“განხეთქილება დიდი ხანია დაწყებულია” - არის თუ არა ოპოზიციაში დაპირისპირება 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით

“არის თუ არა ოპოზიციაში დაპირისპირება 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით და რატომ ვერ მოხერხდა აქამდე ჩამოყალიბება.

კოალიცია, საერთო მაჟორიტარები თუ დამოუკიდებლად მონაწილეობა - როგორი იქნება ოპოზიცია არჩევნებზე წარმოდგენილი ჯერ კიდევ უცნობია. 18 მაისის შეხვედრაზე კონკრეტული შეთანხმება კვლავ ვერ მოხდა და ლიდერებმა თქვეს, რომ ეს ცნობილი 2 კვირაში გახდება. ასევე ერთი მნიშვნელოვანი ფაქტია აღსანიშნავი, რომ ოპოზიციის ლიდერების უმეტესობამ დამოუკიდებლად მაჟორიტარ დეპუტატად წარდგენაზე მზადყოფნა გამოაცხადა. ამიტომაც გაჩნდა ეჭვი, რომ ის კონკრეტულ შეთანხმებას ვერ ახერხებს და შიგნით დაპირისპირებაა. თუმცა მედიასთან ამაზე ხმამაღლა არავინ საუბრობს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “განხეთქილება დიდი ხანია დაწყებულია” - როგორ იქნება ოპოზიცია არჩევნებზე წარმოდგენილი ჯერ კიდევ უცნობია.

 

“ლელომ” კი უკვე განაცხადა, რომ 2020 წლის არჩევნებისთვის მათ პოლიტიკურ ძალას ყველა საარჩევნო ოლქში თავიანთი კანდიდატი ეყოლება. თუმცა ამატებენ, რომ სადაც ოპოზიციის საერთო ინტერესი იქნება, იქ “ლელო” კოორდინირებისთვის მზადაა. “გირჩისთვის” კი საერთოდ წარმოუდგენელია როგორ უნდა მოხდეს მაჟორიტარულ ოლქებში საერთო კანდიდატების დაყენება. ანალიტიკოსებს უჩნდებათ ეჭვი, რომ ოპოზიციაში უკვე განხეთქილებაა და 2020 წლის არჩევნებისთვის მონაწილეობას ყველა პარტია დამოუკიდებლად მიიღებს. მით უმეტეს უმრავლესობის რეიტინგი არცთუ სახარბიელოა. “რეზონანსი” შეეცადა ოპოზიციასთან დაკავშირებას და კონკრეტულად მათი გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციის მიღებას, თუმცა ზოგმა მათგანმა ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა, ზოგმა კი განაცხადა, რომ გადაწყვეტილების შესახებ საზოგადოებას 2 კვირაში აცნობებენ. ლიდერების ნაწილმა კი 18 მაისის შეხვედრის შემდეგ განცხადებები გააკეთეს, საიდანაც გარკვეული დასკვნების გაკეთება შეიძლება. მაგალითად, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, მაჟორიტარულ ოლქებში, სადაც ამის საჭიროება იქნება, ოპოზიცია კოორდინაციას მოახდენს”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“დიახ, კოორდინაცია მაჟორიტარებთან დაკავშირებით, იქ, სადაც ეს მომგებიანია ივანიშვილის ხელისუფლების დასამარცხებლად, მოხდება”, - განაცხადა ბოკერიამ. “ლელოს” ერთ-ერთი დამფუძნებელი ბადრი ჯაფარიძე კი ამბობს, რომ მათ პოლიტიკურ ძალას ყველა საარჩევნო ოლქში თავიანთი კანდიდატი ეყოლება. თუმცა სადაც ოპოზიციის საერთო ინტერესი იქნება, იქ “ლელო” ოპოზიციასთან კოორდინირებისთვის მზადაა. სხვა პარტიებთან კოალიციაში ყოფნა ვერ წარმოუდგენია “გირჩელ” ზურაბ ჯაფარიძეს. მისი აზრით, პარტიები არჩევნებზე დამოუკიდებლად უნდა გავიდნენ, თუმცა სჯერა, რომ ოპოზიციურ ძალებმა ერთმანეთს მაჟორიტარები არ უნდა დაუყენონ. “ერთიანი საქართველოს” ლიდერი ნინო ბურჯანაძე კი ამბობს, რომ პროპორციულ ნაწილში რომელიმე პარტიასთან გაერთიანებით მონაწილეობაზე საუბარი ჯერ ადრეა. თუმცა, მაჟორიტარულ ოლქებზე ფიქრობს, რომ მინიმუმ შეთანხმება შეიძლება”, - განაგრძობს გამოცემა.

 

“მაჟორიტარობის სურვილი ბევრმა ლიდერმა გამოთქვა, მათ შორის “გამარჯვებული საქართველოს” ირაკლი ოქრუაშვილმა. თუმცა სად, ჯერ არ ამბობს. მისი ინფორმაციით, საერთო მაჟორიტარულ კანდიდატებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია გადასული. თბილისში მაჟორიტარობას აპირებს ახალი საქართველოს ლიდერი გიორგი ვაშაძეც. ამბობს, რომ მის კანდიდატურაზე ოპოზიციურ ერთობაში მოწანააღმდეგე არავინ იცის. მაჟორიტარობის სურვილი აქვს ლეიბორისტული პარტიის ლიდერს, შალვა ნათელაშვილსაც. მისი თქმით, მაჟორიტარულ ბლოკზე შეთანხმებული არიან, რომ ეს ერთიანი ფრონტი იქნება. ხოლო პროპორციულ ნაწილში, ნათელაშვილის ინფორმაციით, ოპოზიციური პარტიებიდან ზოგი კოალიციას და ბლოკს გააკეთებს. “ევროპული საქართველოს” კიდევ ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ კი თქვა, რომ მაღალი ალბათობით, მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება, თუ ოპოზიციური პარტიები ოლქზე და მის პერსონაზე შეთანხმდებიან. ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ ოპოზიციაში განხეთქილება დიდი ხანია უკვე დაწყებულია. ანალიტიკოსი ეჭვობს, რომ შეთანხმება ვერ ხერხდება 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით და ამიტომაც სათქმელიც ჯერ არაფერი აქვთ. არადა გეგმავდნენ და მედიასთან ამბობდნენ, რომ მათ მიზნებს და სტრატეგიას გააცნობდნენ. თუმცა არც მიზნები და არც რაიმე გეგმა ჯერ არ ჩანს”, - დასძენს გამოცემა.

 

“სავარაუდოა, რომ ოპოზიციის შიგნით უკვე ჭიდაობაა დაწყებული. ლოგიკურია, რომ პარტიებს, რომლებსაც მეტი რეიტინგი აქვთ, უფრო მეტი პრეტენზიებიც გააჩნიათ. რა თქმა უნდა, ყველას თავისი ამბიცია აქვს და შეთანხმების იმედი ნაკლებად მაქვს. ამიტომაც ამაზე საუბარი არ სურთ. თითქმის ყველამ თქვა, მაჟორიტარად მივდივართო. ეს იმას ნიშნავს, რომ შეთანხმება ვერ ხერხდება, ასევე იმას, რომ პარტიების უმეტესობა საჭირო ხმების რაოდენობას ვერ აიღებს. კი იძახდნენ იქამდე არიქა პროპორციული სისტემა გვინდაო, მაგრამ ახლა თავისთვის ეს პროპორციული სისტემა არ უნდათ. ეს იმისთვის უნდოდათ, რომ ამით “ოცნება” დაესუსტებინათ. პოლიტიკოსისთვის რომ პროპორციული სისტემა სახეირო არ არის, ახლა ჩანს. სახელიანი პოლიტიკოსები ცდილობენ, რომ ხმების რაოდენობა თავად აიღონ. პარტიები ფაქტობრივად მარცხისთვის ჰყავთ მიშვებული. რახან იციან, რომ პარტიებს ნაკლები გასვლის შანსი აქვს, ამიტომ მაჟორიტარებად თავად გამოდიან. მგონია, რომ “ნაციონალების” და “ევროპელების” გარდა, დიდად ამ ოპოზიციაში პარტიებს გასვლის შანსები არა აქვთ. ამიტომ არის, რომ ვერაფერზეც ვერ თანხმდებიან და ვერც შეთანხმდებიან”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

 

“მისივე თქმით, კორონავირუსმა ბევრი რამ შეცვალა, ამიტომ რეიტინგების მიხედვითაც ბევრი რამ შეცვლილი იქნება. ხელისუფლებამ გარკვეული დივიდენდები ვირუსთან ბრძოლის კუთხით შესაძლოა აიღოს, მაგრამ, პატიმრების გათავისუფლების შემდეგ, საკუთარი ამომრჩეველი გაანაწყენა. ამიტომაც წინასწარ რთულია იმის თქმა, ახლა ვის რა რეიტინგი აქვს. ოპოზიციის ლიდერები, როგორც ჩანს, მხოლოდ საკუთარი თავის იმედად არიან, ამიტომაც ბევრმა ლიდერმა მაჟორიტარობაზე მზადყოფნა გამოთქვა”, - წერს სტატიის ავტორი.

წაკითხვა 655 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 21 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.