November 23, 2024

“ხელისუფლებამ პანდემიასთან ბრძოლაში მიღებული დივიდენდები სულ თავზე დაიმხო” - გია ხუხაშვილი

“ეს კანონი, ანუ ადამიანის უფლებების შეზღუდვა და საპარლამენტო კონტროლის მხოლოდ 15 ივლისამდე გაუქმება ზედმეტი აჟიოტაჟის საფუძველს არ იძლევა.

ოპოზიციის რეაქცია გადაჭარბებული იყო. უნდა გვესმოდეს, რა მასშტაბის პრობლემის წინაშე ვდგავართ და უნდა ვხვდებოდეთ, რომ ხელისუფლებას შეზღუდვების უფლება ერთხანს უნდა ჰქონდეს. მართალია, ოპოზიციას ახალი თემების გახსნა უნდა, მაგრამ ამ თემ­აზე შეთქმულების თეორიების აგება არ ღირს. თემების გახსნის საბაბს ისედაც უხვად იძლევა ხელისუფლება. მაგალითად, სამარკო ნიშანზე “გადაგდებაზე”. სამწუხაროდ, დღეს ხელისუფლების რეპუტაცია პლინტუსს ქვემოთ არის. მივიღეთ ტყუილების კასკადი, დაწყებული საპრეზიდენტო არჩევნებით, გაგრძელებული საარჩევნო კანონით და დამთავრებული ე.წ. პოლიტპატიმრების თემით”, - აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით გია ხუხაშვილი: “ხელისუფლებამ პანდემიასთან ბრძოლაში მიღებული დივიდენდები სულ თავზე დაიმხო” / “მართალია, ოპოზიციას ახალი თემების გახსნა უნდა, მაგრამ ამ კანონზე შეთქმულების თეორიების აგება არ ღირს”.

 

“მათ მონდომებით დაიწყეს საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენება. დღემდე ჩვენი დასავლელი პარტნიორები პოლიტპატიმრებზე საერთოდ არ ლაპარაკობდნენ, “ოცნებამ” კი მანამდე არ მოისვენა, სანამ ოქრუაშვილის, უგულავასა და რურუას პოლიტპატიმრობის სტატუსმა საერთაშორისო ტრიბუნიდან არ გაიჟღერა. ჩვენს საქმეში დასავლეთი “უხეშად ჩაერეოდა”, რაიმე გადაწყვეტილება რომ მოეხვია თავს. ჩვენგან კი რას ითხოვენ? პოლიტიკური პროცესის მშვიდობიანად წარმართვას, შეთანხმებების შესრულებას და არჩევნებამდე მშვიდობიანად მისვლას. არ მესმის, სად ხედავენ ჩარევას? ე.ი. თუ ხელისუფლებას საზოგადოების გადაგდება უნდა, ამაში ხელი არავინ უნდა შეუშალოს? 8 მარტის შეთანხმებას 30 კაცი, მათ შორის დიპლომატები ესწრებოდნენ. როდესაც ისინი ამას ადასტურებენ, რას იტყვის კობახიძე, მნიშვნელობა არა აქვს. კობახიძე იმასაც ამტკიცებდა, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა დამოუკიდებლად მიიღო შეწყალების გადაწყვეტილება, ჩვენ ეს ბრიფინგზე შევიტყვეთო. მეორე დღეს გამოვიდა პრეზიდენტი და თქვა, რომ ივანიშვილმა იცოდა ყველაფერი”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საჯუბრისას გია ხუხაშვილი.

 

“ხელისუფლება აფექტის მდგომარეობაშია - დილით ერთს ამბობენ, შუადღისას მეორეს და საღამოს მესამეს... ზურაბიშვილი ზოგმა შეაქო, ზოგმა გააკრიტიკა. პროვინციულ სპექტაკლს გვაყურებინებენ, რომელშიც მსახიობები სუფლიორის საშუალებით კითხულობენ ტექსტებს, თუმცა კითხვასაც ვერ ახერხებენ ხეირიანად... თავად მესიჯბოქსის ავტორია აფექტში და ერთ აზრზე ვერ ყალიბდება. ავტორის ვინაობა ყველამ ვიცით. დილით ერთ აზრს გაახმოვანებს, მერე არ მოეწონება და შეცვლის. რაც მთავარია, მესიჯბოქსების გამხმოვანებლებს ყველანი ბრიყვები ვგონივართ. გამოდიან დაყენებული სახეებით და ათას სისულელეს გვიყვებიან”, - განაგრძობს ექსპერტი.

 

“ხელისუფლებამ პანდემიასთან ბრძოლაში მიღებული დივიდენდები სულ თავზე დაიმხო. მართლა კარგად იმუშავეს და შანსიც მიეცათ, კონსტრუქციულად გაეგრძელებინათ სიტუაციის მართვა, მაგრამ დახამდნენ - იფიქრეს, ხალხში დაგროვილი პოზიტივი ყველაფრის გაკეთების საშუალებას მოგვცემსო და მიაწვნენ იქ, სადაც არ უნდა მისწოლოდნენ, ანტიკრიზისული გეგმით ყველაფერს წერტილი დაუსვეს. პოლიტპატიმრების თემამ კი ყველაზე ერთგული ამომრჩეველი დააკარგვინა. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ოპოზიცია დაწინაურდა. არც ისინი ჩანან ადეკვატურად. უამრავ შეცდომას უშვებენ, ხან ეპიდემიოლოგებად ასაღებენ თავს და ექიმების კომპეტენციაში ერევიან, ხან რა სისულელეს აკეთებენ. ის, რომ “ოცნებიდან” ელექტორალური მასა მოდის, იმას არ ნიშნავს, რომ ოპოზიციაში გადადის”, - დასძენს გია ხუხაშვილი და შეკითხვაზე - “მაშინ სად მიდის?” - პასუხობს:

 

“ნაწილი, რომელსაც სძულს “ნაცმოძრაობა”, მიდის “პატრიოტთა ალიანსში”, უფრო დიდი ნაწილი კი დაბნეულია და მესამე ძალას ელოდება, რომელიც ჯერ ისევ არ ჩანს”.

წაკითხვა 701 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.