"ერთი პარტიის ხელში არ უნდა იყოს მთელი ძალაუფლება"

საზოგადოებამ დაკარგა პროკურატურისა და სასამართლოს ნდობა იმიტომ, რომ ყველაფერი ერთი პარტიის ხელში იყო და ამჟამადაც ასეა - განაცხადა ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარემ, „ქართული ოცნების“ უმრავლესობის ყოფილმა წევრმა, მარიამ ჯაშმა.

 

საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვისადმი მიძღვნილ სატელევიზიო ეთერში, მან ეს განცხადება გააკეთა ახალი საარჩევნო სისტემის სიკეთეების ხაზგასასმელად. მარიამ ჯაში ფიქრობს, რომ ახალი სისტემა ფორმულით 120/30-ზე სასარგებლოა ყველასთვის და მათ შორის - ხელისუფლებისთვისაც.

 

„კოალიციური მთავრობა შესაძლოა ატარებდეს გარკვეულ რისკებს არასტაბილურობასთან დაკავშირებით, მაგრამ... რატომ არის, რომ როგორც წინა ხელისუფლების პირობებში, ასევე, სამწუხაროდ, დღევანდელი ხელისუფლების პერიოდში საზოგადოებამ დაკარგა ნდობა პროკურატურის, სასამართლოსი, რადგან ერთი პარტიის ხელშია კონცენტრირებული პრაქტიკულად მთლიანი ძალაუფლება როგორც საპარლამენტო, ასევე სახელისუფლებო და სასამართლო სისტემა. სწორედ განაწილება, გაზიარება პასუხისმგებლობისა იქნება უფრო ჯანსაღი ქვეყნის განვითარებისთვის“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

 

მისი შეფასებით, უსამართლობა იყო, როდესაც ამათუიმ პარტიას საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა 40-45%-იანი მხარდაჭერის შემთხვევაში შეეძლო. ახალი საარჩევნო სისტემა კი ამ მხრივ უფრო სამართლიანი იქნება და სკეპტიკურად გამწყობილი ამომრჩევლებისთვისაც უფრო სანდო ვითარებას შექმნის - „თუკი ეცოდინებათ, რომ მათი ხმა პირდაპირ დაემატება (მათთვის სასურველ პარტიას) და რეალურად აისახება შემდეგ პარლამენტში, ბუნებრივია, ინტერესიც უფრო მეტი იქნება“.

 

ახალ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის პირველ სატელევიზიო შეხვედრას - საზოგადოებრივი მაუწყებლის „1 არხი“ მასპინძლობდა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ პარლამენტის თავმჯდომარე - არჩილ თალაკვაძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი - ირაკლი კობახიძე, „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელი, ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი და ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარე - მარიან ჯაში.

 

განხილვის პროცესში არ მონაწილეობდნენ ბოიკოტის რეჟიმში მყოფი საპარლამენტო პარტიები - „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“.

 

ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმადმომავალ პარლამენტში, 150 დეპუტატიდან 120-ს 

აირჩევენ პროპორციული წესით (პარტიის ან ბლოკის სიიდან), ხოლო 30 დეპუტატის არჩევა მაჟორიტარული წესით მოხდებაამჟამად მოქმედი პარლამენტი დაკომპლექტებულია თანაფარდობით - 77/73.

 

დაწესებული ზღვარი (.. „ჩამკეტი“) 

გამორიცხავს ერთპარტიული საპარლამენტო უმრავლესობის ფორმირებას - თუკი გამარჯვებული პარტია ან საარჩევნო ბლოკი პროპორციული სისტემით ხმათა 40.54%- ზე ნაკლებს მიიღებს.

წაკითხვა 552 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 04 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.