“შესაძლოა ზოგიერთ ოლქში კომპრომისზეც წავიდეთ” - მამუკა ხაზარაძე

“ჩვენ დაფუძნების დღიდან ვამბობთ, რომ დამოუკიდებელი ძალა ვართ და დამოუკიდებლად მივიღებთ მონაწილეობას არჩევნებზე.

ეს არის ჩვენი სტრატეგიული ამოცანა და არაფრის შეცვლას არ ვაპირებთ. ჩვენ პოლიტიკაში იმისთვის მოვედით, რომ ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ ორპოლუსიანობა და ქართველ ამომრჩეველს შევუქმნათ ალტერნატივა. ჩვენ ქართულ პოლიტიკურ რუკაზე გავაჩინეთ ახალი ფერი - ყვითელი. ჩვენი მიზანია შევქმნათ ძლიერი პოლიტიკური ცენტრი, რომელიც სათავეში ჩაუდგება ახალი თაობის ფორმირებას“, - აცხადებს “ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “შესაძლოა ზოგიერთ ოლქში კომპრომისზეც წავიდეთ” / “ოპოზიციური პარტიების გაერთიანება, მოლაპარაკებები, ერთმანეთის სიყვარული და შემდეგ მტრად მოკიდება - ეს კინო ბევრჯერ მინახავს”.

 

“შესაძლოა ზოგიერთ ოლქში კომპრომისზეც წავიდეთ. იმ დიდ იდეას, რომელსაც ხელისუფლების შეცვლა ჰქვია, ჩვენი კონტრიბუცია თუ დასჭირდება, მზად ვართ. თუმცა ვრჩებით დამოუკიდებელ პოლიტიკურ ძალად დამოუკიდებელი საარჩევნო სიებით, სტრატეგიით... ჩემი და ბადრის მიზანი პარლამენტის მანდატი არასდროს ყოფილა. ათი წლის წინაც შეგვეძლო დეპუტატები გავმხდარიყავით, მაგრამ არც გვიფიქრია. პრინციპულად წინააღმდეგი ვიყავით და ვართ, რომ ადამიანი პოლიტიკაში საკუთარი ბიზნესის დასაცავად მოვიდეს. როდესაც პოლიტიკაში მოსვლა გადავწყვიტეთ, გადავჭერით ყველა ხაზი, რაც ბიზნესთან გვაკავშირებდა. არც ერთი კომპანიის მართვაში აღარ ვერევით. მთელი ჩვენი აქციები ახლა საერთაშორისო ტრანსში გადადის, რათა კავშირი აღარ გვქონდეს ბიზნესთან... ზოგიერთისგან განსხვავებით, ჰაერზე არ ვლაპარაკობთ. უკვე გვაქვს საქმის კეთების გამოცდილება. საკითხავი ის უფროა, ივანიშვილსა და “ქართული ოცნების” სხვა ლიდერებს რა უნდათ პოლიტიკაში? ქვეყანა ძილში რაც შეიძლება დიდხანს უნდა ამყოფონ?”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა ხაზარაძე.

 

“ოპოზიციური პარტიების გაერთიანება, მოლაპარაკებები, ერთმანეთის სიყვარული და შემდეგ მტრად მოკიდება - ეს კინო ბევრჯერ მინახავს. 30 წელია ამას ვუყურებ. ჩვენ აღარ გვინდა ერთ წრეზე სიარული. არავის გულის მოგებას არ ვაპირებთ. ისეთი სისტემა უნდა შევქმნათ, რომელიც სამართლიან პოლიტიკურ გარემოს შექმნის. სწორედ ამ მიზნით მივუსხედით ოპოზიციის მოლაპარაკების მაგიდას. შერეულ პროპორციულ სისტემაზე, 2024 წელს კი სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ამის ერთ-ერთი გარანტიაა. ჩვენ არ ვამბობთ, რომ განსაკუთრებული ვართ, ჩვენ ვამბობთ, რომ სისტემა უნდა შევცვალოთ და ხელისუფლებაში მოსული ძალა ცდუნებაში არ ჩავაგდოთ”, - განაგრძობს რესპონდენტი.

 

“თუ ეს საკონსტიტუციო ცვლილება ჩავარდება, პასუხისმგებელი ხელისუფლება იქნება. “ქართულ ოცნებას” საკმარისი ხმები აქვს იმისთვის, რომ ოპოზიციური ხმების გარეშე გაიტანოს კანონი. ეს ძალიან ძვირად დაუჯდება ხელისუფლებას არა მარტო შიდაპოლიტიკურ ბაზარზე, არამედ ჩვენი დასავლელი მეგობრების თვალშიც... ამომრჩეველს შევახსენებთ, რას დაგვპირდა “ოცნება” და რა გაგვიკეთა... მთელი 8 წლის განმავლობაში არ გაზრდილა შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე. სამაგიეროდ, სამჯერ გაიზარდა საგარეო ვალი, სოფლის მეურნეობა საშინელ დღეშია, მიწების მხოლოდ 20%-ია დამუშავებული, ტურისტული ინდუსტრია ჩამოშალა... ამ ხელისუფლებამ კრიზისულ ვითარებას თავი ვერ გაართვა. ანტიკრიზისულ გეგმად შემოგვასაღეს სოციალური დახმარება. ხალხმა აღარ უნდა დაუჯეროს მათ, ვინც უკვე არაერთხელ გააცურა”, - დასძენს მამუკა ხაზარაძე და შეკითხვაზე - “თუ გავითვალისწინებთ მსოფლიოში შექმნილ კრიზისს, დანაპირების შესრულება თქვენც ხომ არ გაგიჭირდებათ?” - პასუხობს:

 

“ჩვენ არ გავცემთ ისეთ დაპირებას, რომლის შესრულების თავი არა გვაქვს. მე და ბადრი ისეთი სამყაროდან მოვედით, სადაც სიტყვას დიდი ფასი აქვს... ერთ კაცსაც ვერსად ნახავთ, ვინც იტყვის, რომ სიტყვა პირობისა და ხარისხის შესაბამისად არ შემესრულებინოს. ბიზნესში გაცილებით მკაცრი პასუხისმგებლობაა, ვიდრე პოლიტიკაში. ჩვენ გვინდა სიტყვას ფასი დავუბრუნოთ, ხარისხი სტანდარტად ვაქციოთ. გვინდა ქვეყანას სწორი დიაგნოზი დავუსვათ და შესაბამისად ვუმკურნალოთ”.

წაკითხვა 469 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 08 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.