შეძლებს თუ არა ოპოზიცია 20 ივნისს დიდი აქციის გამართვას

“რას აპირებს ოპოზიცია 20 ივნისს და მიიღებს თუ არა თბილისის მერიისგან თანხმობას აქციის ჩატარების მოთხოვნაზე, ჯერჯერობით უცნობია.

კონკრეტულად როგორ მოხდება კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე დისტანციის დაცვა და გაითვალისწინებს თუ არა ოპოზიცია იმ რეკომენდაციებს, რომელსაც ჯანდაცის სამინისტრო იძლევა, კვლავ გაუგებარია. აქციაზე ყველა პირბადით უნდა მივიდეს და ორ მეტრიანი დისტანცია მაინც უნდა დაიცვან. როგორც ჩანს “ქართულ ოცნებაში” იმის შიში აქვთ, რომ ოპოზიციამ დისტანციის და უსაფრთხოების დაუცველობის გამო, პოლიციასთან ისევ შეხლა-შემოხლა დაიწყონ. რასაც, არ არის გამორიცხული, კვლავ დაპირისპირება მოჰყვეს. თუმცა ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მსგავსი არაფერი მოხდება და ეს იქნება მხოლოდ 20 ივნისის დღის აღნიშვნა და კიდევ ერთხელ გაპროტესტება იმ უსამართლობის, რაც ე.წ. გავრილოვის ღამეს მოხდა. როგორც ჩანს, 20 ივნისს ხელისუფლებას კვლავ ბეწვის ხიდზე გავლა მოუწევს და განსაკუთრებული სიფრთხილე დასჭირდება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით შეძლებს თუ არა ოპოზიცია 20 ივნისს დიდი აქციის გამართვას.

 

“მმართველი გუნდი საკანონმდებლო ცვლილებების სატელევიზიო განხილვას 21 ივნისიდან იწყებს. ეს იმას ნიშნავს, რომ 20 ივნისს ოპოზიციას ბოლო ვადა აქვს, შეთანხმებული პროექტი ჩაშალოს და ხალხი ქუჩაში გამოიყვანოს. თუმცა მოვლენები ამ ფორმით განვითარდება თუ არა ორივე მხარეზე იქნება დამოკიდებული. ცნობისთვის, შარშან დემონსტრაცია პარლამენტის შტურმის მცდელობითა და დაშლით დასრულდა. მომიტინგეებსა და პოლიციას შორის შეტაკებისას დაშავდა 240 ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი. როგორც ჩანს კორონავირუსის ფონზე აქცია ახალ ელფერს იძენს და მმართველ პარტიაში იმაზეც დაობენ, ღირს თუ არა მის ჩატარებაზე ნებართვის გაცემა. მართალია, აკრძალვა აღარ ვრცელდება საპროტესტო აქციებსა და მანიფესტაციებზე, თუმცა ახალგაზრდულმა სამოქალაქო მოძრაობამ “სირცხვილია” უკვე აცნობა მერიას, რომ აპირებს აქციის გამართვას და საჭიროა ზომების მიღება”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანმა მოქალაქეებმა, გადავწყვიტეთ მაქსიმალურად დავიცვათ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაცია. ამისათვის აუცილებლად გვჭირდება რუსთაველის გამზირის გადაკეტვა ორი-სამი საათით. ამ თემას ეხება ჩვენი განცხადება თბილისის მერიაში”, - განაცხადა ორგანიზაციის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა მაქარაშვილმა. მისი თქმით, დღეს არ არსებობს რეგულაცია, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს აქციის ჩატარებას. აქციის ორგანიზატორებისგან მიღებული წინასწარი ინფორმაციით, მონაწილეებს შორის დაცული იქნება დისტანცია. “ჩვენ აუცილებლად შევიკრიბებით რუსთაველის გამზირზე, მიუხედავად იმისა, რომ უკვე მეექვსე თვეა, რაც პარლამენტის ტერიტორია შემოღობილია... თუ ადრე რუსთაველის გამზირის გადასაკეტად საჭირო იყო 5 ათასი ადამიანი, ახლა საკმარისია 500. ჩვენ ვიდგებით დისტანციის დაცვით, ვიქნებით მაქსიმალურად ფრთხილად, გვექნება ნიღბები და სადეზინფექციო საშუალებები“, - აღნიშნა მაქარაშვილმა. თბილისის მერი კახი კალაძე 20 ივნისს აქციის გამართვის ნებართვაზე ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს. მერი ამბობს, რომ ვერავის ვერც ნებართვას დართავენ და ვერც აუკრძალავენ”,- განაგრძობს გამოცემა.

 

“ეს არის მათი უფლება, ჩაატარონ აქცია კონკრეტულ ლოკაციაზე, სადაც ისინი მოითხოვენ”, - ამბობს ის. მერის თქმით, პარლამენტის წინ აქციის გამართვის მსურველებს მიაწვდიან ინფორმაციას, ხომ არ არის დაგეგმილი სხვა ღონისძიება იმავე ლოკაციაზე. “ჩვენ უბრალოდ ვალდებულები ვართ, თუ კონკრეტულ ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტს, ან სახელმწიფოს სხვადასხვა უწყებებს, სხვა პიროვნებებს, სხვა ადამიანების დაჯგუფებებს აქვთ შემოტანილი კონკრეტულ ტერიტორიაზე ნებართვა სხვადასხვა ღონისძიებების წარმართვის, მერია უფლებამოსილია, ვალდებულია, ეს აცნობოს იმ მხარეს, რომელსაც შემოაქვს წერილი”, - ამბობს კალაძე. კალაძე 20 ივნისის ღამის მოვლენებს იხსენებს და კვლავ პარლამენტში შეჭრასა და ოპოზიციის პასუხისმგებლობაზე საუბრობს. “პარლამენტის წინ ვხედავდით ასევე პოლიტიკურ ლიდერებს, რომლებიც ცდილობდნენ შეცდომაში შეეყვანათ ახალგაზრდები და პარლამენტში შეჭრას, შევარდნას, არეულობის მოწყობას და ამის აღიარებითი ჩვენებებიც არსებობს პირდაპირ სატელევიზიო ეთერებში”, - განაცხადა კახა კალაძემ. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რომელიც სწორედ 20 ივნისის მოვლენების გამო გადადგა, დაგეგმილ აქციას ეხმაურება და ამბობს, რომ “200 ნაციონალის შეკრება” რთული არ იქნება”, - დასძენს გამოცემა.

 

“ის აქციის მონაწილეების თავების დათვლას აპირებს. კობახიძე დარწმუნებულია, რომ აქციაზე მხოლოდ პარტიული აქტივი მივა: “შეიკრიბონ რამდენიც უნდათ. იქ იდგება 200 “ნაციონალი”, ყველა სათითაოდ შეგვიძლია დავთვალოთ. ეს უფრო მარტივი იქნება იმის გათვალისწინებით, რომ ისინი გარკვეულ სოციალურ დისტანციას ალბათ, დაიცავენ, თავებიც შეგვიძლია, დავთვალოთ 200 “ნაციონალის” - განაცხადა კობახიძემ. “ევროპული საქართველოს” წევრი სერგი კაპანაძე კი პარლამენტის ექსთავმჯდომარეს ამშვიდებს და ამბობს, რომ წინასწარ ნერვიულობა არ ღირს. “აქციაზე 200-ზე მეტი ადამიანი ნამდვილად იქნება და არც მარტო “ნაციონალები” იქნებიან. მინდა კობახიძე დავამშვიდო და ვუთხრა, რომ უფრო მეტი ხალხი იქნება, ვიდრე ის ელოდება. ამიტომაც წინასწარ ნერვიულობას არ ვურჩევ. ერთხელ მაინც ხომ შეიძლება გაარტყას, სულ ასე აცილებს ხოლმე, როდესაც რამე შეფასებას აკეთებს”, - განაცხადა სერგი კაპანაძემ. “ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე “რეზონანსთან” ამბობს, რომ თავების დათვლა უთავო ადამიანის პრეროგატივაა. გოცირიძე აცხადებს, რომ 20 ივნისის ხსენება ხელისუფლებისთვის იმ ძალადობის და უსამართლობის შეხსენებაა, რომელიც მათ გავრილოვის ღამეს ჩაიდინეს”, - წერს სტატიის ავტორი.

 

“20 ივნისის ხსენება მათთვის არის შემახსენებელი იმ ძალადობისა და უსამართლობის, რომელსაც ჩადიოდნენ მთელი რვა წლის განმავლობაში, ამიტომ უფრთხიან. მნიშვნელობა არ აქვს ადამიანების რაოდენობას, რომლებზეც ისინი აპელირებენ. ერთიც რომ იდგეს და გავრილოვის სურათი დაიჭიროს, ეს არის საქართველოს ხელისუფლების მახინჯი სახე”, - ამბობს რომან გოცირიძე. “ვაპირებთ 20 ივნისის აღნიშვნას”, – ამის შესახებ „გამარჯვებული საქართველოს ლიდერმა, ირაკლი ოქრუაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა. თუმცა ოქრუაშვილი ამბობს, რომ ოპოზიციაში არ ჩამოყალიბებულან რა ფორმით გაიმართება აქცია პარლამენტის შენობის წინ. მისი თქმით, რამდენად იქნება ეს მასობრივი შეკრება ჯერჯერობით უცნობია. თუმცა დაადასტურა, რომ საზოგადდოებისთვის თბილისის 8 მაჟორიტარობის კანდიდატის ვინაობას დაასახელებენ”- დასძენს სტატიის ავტორი.

წაკითხვა 547 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 11 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.