გოგა ხაინდრავა წერილს აქვეყნებს
რეჟისორი გოგა ხაინდრავა ავრცელებს ღია წერილს სახელწოდებით – „ქარწაღებულები".
ხაინდრავა წერილში 13 კონგრესმენის მომზადებულ ანგარიშს ეხმაურება.
გოგა ხაინდრავას წერილს უცვლელად გთავაზობთ:
„დღევანდელ მსოფლიოში აღარაფერი რომ არ უნდა გაგიკვირდეს, ცხადია. თუმცა, როდესაც ფილმი „ქარწაღებულნი“, რომელიც მთელ მსოფლიოში, ყველა კონტინენტზე, კინოშედევრად არის აღიარებული და რომელშიც მონაწილეობისთვის, პირველად ამერიკის ისტორიაში, შავკანიანი მსახიობი „ოსკარით“ დაჯილდოვდა, რასისტულად ცხადდება… აღარც ის გვიკვირს, რომ „ნაცი“ გრიგოლ ვაშაძე, პუტინის კოლეგა საბჭოთა ჩეკისტი და საპრეზიდენტო არჩევნებში მისი მხარდამჭერი „ევროპული საქართველო“, რომლის ლიდერებმა ხელისუფლებაში ყოფნის დროს, სისხლში ჩაახშეს საკუთარი მოქალაქეების დემოკრატიული უფლებები, რუსეთს „გაუპრავეს“ საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესია და ტერიტორიის 20%-ის მიტაცება, ხოლო სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ უამრავ სისტემურ დანაშაულში მხილებულნი, გამძვინვარებული ლობიზმის სამყაროში, „ქარწაღებულების“ რასისტობის არ იყოს, პროდასავლურ ძალებად და ქვეყნის სტაბილურობის იმედად განიხილებიან, ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ კი პუტინის ქომაგებად და დესტაბილიზაციის წყაროდ საქართველოში!
აფერუმ ამგვარ პოლიტიკურ გამჭრიახობას! უფრო სწორედ სიბეცეს! და აღარ აქვს არანაირი მნიშვნელობა იმას, თუ რითია ის განპირობებული. როდესაც მოყვარეს მტრად რაცხ, ცილს სწამებ მეგობარი ქვეყნის წამყვან, შენი საერთაშორისო პოლიტიკის და შენი ქვეყნის ერთგულ მხარდამჭერ პოლიტიკურ ძალას და მის ლიდერს, რითაც ამავდროულად შეურაცხყოფას აყენებ საქართველოს საზოგადოების და ამომრჩევლების უდიდეს ნაწილს, აბრალებ რა კოლაბორაციას მტერთან და ქვეყნის დესტაბილიზაციას. ამ დროს, დარწმუნებული ვარ, სიღრმისეულად არც კი გაქვს გააზრებული, რისთვის კეთდება ეს, რა შედეგს მოუტანს ეს შენს მეგობარ და სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანას!
მძიმე სურათია, მძიმე! ამერიკა ჩვენთვის, პატარა და სუსტი ქვეყნებისთვის, სიმბოლოა და იმედი! სიმბოლო, ამ საშიშ მსოფლიოში, საერთაშორისო სამართლის, დემოკრატიის არსებობის და იმედი, რომ იმპერიები ვერ ჩაგვყლაპავენ, ვერ დაგანაწევრებენ და ვერ წაგვშლიან რუკიდან, როგორც ახლა ამას ცდილობს რუსეთი საქართველოში. ნებისმიერი უკუღმართი სიტყვა გაცხადებული ამერიკის პოლიტიკური ისტებლიშმენტის წარმომადგენლების მიერ, ჩვენი ქვეყნის შესახებ, ფიქსირდება ოკუპანტის სპეცსამსახურებში და შემდეგ გამოიყენება იმპერიული პროპაგანდის მიზნებისთვის, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ. ეს ჩვენ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისთვის ძალიან სახიფათოა! ვფიქრობ, არც ამერიკისთვის არის სასარგებლო, რადგან დღეს, შეუზღუდავი ინფორმაციის ეპოქაში, მთელს მსოფლიოში ისმის მათი სიტყვა, ყველას აქვს შესაძლებლობა, განსაჯოს რამდენად სამართლიანია ის სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი ქვეყნის ხელისუფლების მიმართ.
რატომ აწერენ ხელს იმას, რაც დანამდვილებით არ იციან?! და თუ იციან სიმართლე, რატომ სწამებენ ცილს უდანაშაულო ადამიანებს და მეგობარი ქვეყნის ხელისუფლებას?! ეს არის კითხვა, რომელიც პასუხს მოითხოვს. დარწმუნებული ვარ, ამ დოკუმენტის ხელმომწერებს საკუთარი ანგარიში რომ წაეკითხათ ყურადღებით, როგორც ჩვენ გავაკეთეთ ეს, მარტივად მიხვდებოდნენ, რომ საქართველოს ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება“ და მისი ლიდერი ბიძინა ივანიშვილი, პუტინის ინტერესების გატარებას და დესტაბილიზაციის გამოწვევას რომ ცდილობდეს საკუთარ ქვეყანაში, აგერ უკვე 8 წელიწადია, საქართველო, სახელმწიფოს პოლიტიკის დონეზე, ვერანაირად ვერ იქნებოდა ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული და წარმატებული პარტნიორი. ვერც ორმხრივ და ვერც მრავალმხრივ საერთაშორისო ურთიერთობებში, როგორც ეს თუნდაც ამ ანგარიშიდან ჩანს. აღარაფერს ვამბობ სამხედრო თანამშრომლობაზე და სამშვიდობო მისიებში ერთობლივ მონაწილეობაზე. ეს ხომ მარტივი ჭეშმარიტებაა! დავიჯეროთ, რომ ამერიკის საელჩო საქართველოში, თეთრი სახლი, სახელმწიფო დეპარტამენტი, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო თუ სხვა სახელმწიფო ინსტიტუტები ამერიკის შეერთებულ შტატებში დაბრმავდნენ?! თუ ესეთი დრამატული მდგომარეობაა, რატომ უწევენ უპრეცენდენტო პოლიტიკურ, ფინანსურ და სამხედრო მხარდაჭერას და დახმარებას პუტინის თანამოაზრე და დესტაბილიზაციის მოსურნე, კოლაბორანტ ხელისუფლებას?!
„ქართულმა ოცნებამ“ 8 წლის მანძილზე ექვს არჩევნებში გაიმარჯვა. მისი ხელისუფლების პირობებში საქართველო ყველაზე სტაბილურ და პროამერიკულ ქვეყნად ჩამოყალიბდა რეგიონში. ამ დროის მანძილზე ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური ორიენტაცია ეჭვქვეშ არ დამდგარა არც ერთი წამი არავისთვის და არსად! თუ სახელმწიფოში სახელისუფლო პარტია, მისი ლიდერი და შესაბამისად მთავრობა,რუსულ ინტერესებს ატარებდა და დესტაბილიზაციის საფრთხეებს ქმნიდა ქვეყანაში, ესე როგორ მოხდებოდა? ან როგორ წარმოგიდგენიათ, რომ რუსეთის გაუთავებელი სამხედრო თუ იდეოლოგიური აგრესიის, უკანონო ბორდერიზაციის, ადამიანების გატაცების, მკვლელობის, ეთნიკური წმენდის და ფაქტობრივი გენოციდის ფონზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ქართველი ხალხი რვა წელიწადია განუხრელად, დღემდე, მხარს უჭერს კოლაბორაციონისტ, პუტინის მხარდამჭერ და ქვეყანაში დესტაბილიზაციის შემქმნელ ხელისუფლებას?! რატომ?! ეს რა წარმოდგენა გქონიათ ქართველ ხალხზე?იქნებ ახსნან ეს იმ ლობისტურმა ორგანიზაციებმა, ვისი მიზანმიმართული მოქმედების შედეგად, ჩვენი ღრმა რწმენით, ჩნდება სხვადასხვა ანგარიშებში მსგავსი ჩანაწერები.
საქართველომ ბევრი განსაცდელი გადაიტანა და ბევრი ისწავლა დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წლის მანძილზე. დღეისთვის, პოსტსაბჭოთა სივრცეში ჩვენ ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ, დემოკრატიულ და თავისუფალ სახელმწიფოდ ჩამოვყალიბდით. პანდემიასთან სამაგალითო ბრძოლაც შევძელით და მსოფლიოში პოლიტიკური ლობიზმის ავკარგსაც გავუგეთ გემო. რამდენიც არ უნდა გვიკიჟინონ, რომ შავი თეთრია, ჩვენთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის, პოლიტიკაში შავი, შავად დარჩება და თეთრი თეთრად.
ჩვენ ქართველები, რიცხობრივად მცირე, სამაგიეროდ მადლიერი და ერთგული მეგობრები, გულშემატკივრები და მხარდამჭერები ვართ ამერიკელი ხალხის და მისი დიადი სახელმწიფოსი. იქნებ თქვენც, ჩვენზე მზრუნველნო საქართველოს მეგობრებო, ეცადოთ გულწრფელები, ობიექტურები და სამართლიანები იყოთ ჩვენ მიმართ. ნუ დაგვაზიანებთ მაინც“,- აღნიშნულია გოგა ხაინდრავას წერილში.
სიახლეები
- "თუ არ ხევ მანდატს და არ გადიხარ, ე.ი. პარლამენტის ლეგიტიმურობას აღიარებ?" - ვახტანგ ძაბირაძე
- "ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა! " - მიხეილ სააკაშვილი
- მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსული დრონებით შეტევას
- "მათ არაფერი აკავშირებთ ამ ქვეყანასთან და არაფერი რომ არ აკავშირებთ, იმიტომაც იღებენ პასუხს ქუჩაში მათივე მხარდამჭერებისგან"- შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე
- "დღევანდელი ოპოზიცია, ის ოთხეული, რომელმაც ბარიერი გადალახა არა ამომრჩევლის, რამედ უცხოელი პატრონების ნებას წარმოადგენს" - შალვა პაპუაშვილი