ელისაშვილი-“ევროპული საქართველოს” დაპირისპირება - ვის რეიტინგზე როგორ აისახა ეს კონფლიქტი

“ოპოზიციაში შესაძლოა ახალი დაპირისპირების ფრონტი გაიხსნას.

“მოქალაქეების” დამფუძნებელ ალეკო ელისაშვილსა და “ევროპული საქართველოს” ლიდერ გიგა ბოკერიას შორის კონფლიქტი ურთიერთბრალდებებსა და მწვავე კრიტიკაში გადაიზარდა. ამიტომაც გაჩნდა მოსაზრება, რომ შესაძლოა ოპოზიციის ილუზორული ერთიანობა საბოოლოო ჯამში კიდევ გასკდეს და განხეთქილების ახალი კერები გაჩნდეს. “ევროპული საქართველოს” მტკიცებით, დაპირისპირების მიზეზი თბილისის ორი ოლქი გახდა, სადაც ალეკო ელისაშვილი, ოპოზიციის ლიდერების ინფორმაციით, თავისი მაჟორიტარობის კანდიდატების დაყენებას მოითხოვდა, მათ შორის მთაწმინდაზე შალვა შავგულიძის ნაცვლად ლევან იოსელიანის”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რას ნიშნავს ელისაშვილი-“ევროპული საქართველოს” დაპირისპირება და ვის რეიტინგზე როგორ აისახა ეს კონფლიქტი.

 

“პირველი, ვისაც ელისაშვილი “გაერთიანებული ოპოზიციიდან” ღიად დაუპირისპირდა, “ევროპული საქართველო” აღმოჩნდა - უგულავა კორუფციაში დაადანაშაულა, გიგა ბოკერია კი მოლაპარაკების დეტალების გასაჯაროებისთვის გააკრიტიკა. კონფლიქტი ამით არ დასრულებულა - ელისაშვილმა ბოლო ორი დღის განმავლობაში ყველას ის ოპოზიციური პარტია გააკრიტიკა, ვინც უკვე შვიდი თვეა ლეიბორისტების ოფისში იკრიბებიან. ამ კონსულტაციებში აქტიურად მონაწილეობდა თავად ალეკო ელისაშვილიც. “ევროპული საქართველოს” წევრი ოთარ კახიძე “რეზონანსთან” ამბობს, რომ ალეკო ელისაშვილი არის არა მხოლოდ პოპულისტი, არამედ “ჩვეულებრივი აფერისტი და უსინდისო პოლიტიკოსი”. “ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე ამბობს, რომ ოპოზიციაში არანაირი დაპირისპირება არ არის, ხოლო ელისაშვილის და ბოკერიას კონფლიქტი მხოლოდ პირადულია. ეს არის ორ კერძო პოლიტიკურ სუბიექტს შორის უთანხმოება და აქ “გაერთიანებული ოპოზიციის” საკითხი არ დგას. მისი აზრით, ელისაშვილი პარლამენტში მოხვედრის შემდეგ მაინც არ იქნება „ოცნების“ მხარეს და თუკი დღევანდელ მმართველ პარტიას კოალიციური მთავრობის შექმნა დასჭირდება, მათ გვერდით არ დაუდგება”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“ახლა რომ იყო მოლაპარაკებები თბილისში საერთო კანდიდატებზე, სიმართლე გითხრათ, სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი წარსულის გამოცდილებიდან გამომდინარე, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებდით, რომ ოპოზიციური შეთანხმება მიღწეულიყო. მოლაპარაკების მაგიდასთან ორი ადგილი მოითხოვა. ერთს თავისთვის ითხოვდა, მეორეს კი - იოსელიანისთვის. მის მანდატს ყველა დასთანხმდა. მეორეზე კი ვუთხარით, რომ უფრო წონიანი და საზოგადოებისთვის ცნობილი პირი მოეთხოვა. იოსელიანისთვის მეორე ადგილი რომ ვერ გამოივაჭრა, თავს დაგვესხა და ტალახის სროლა დაიწყო. ესაა მთელი ამ ისტორიის ამბავი. მისი საქციელი პირდაპირ ივანიშვილის თამაშია. ამიტომაც საზოგადოება რელურად უნდა იცნობდეს ეს ადამიანი ვინ არის”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ოთარ კახიძე.

 

“ეს არის ორი პოლიტიკური სუბიექტის უთანხმოება. ამიტომაც არ მიმაჩნია, რომ ეს ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებად და უთანხმოებად უნდა აღვიქვათ. პოლიტიკაში მსგავსი რამ მუდმივად ხდება. ამიტომაც გასაკვირი არაფერია. ახლა ოპოზიცია გაერთიანებულია ერთი მიზნისთვის, რომ მოხდეს საარჩევნო სისტემის და ხელისუფლების შეცვლა. ამ იდეის გარშემო შევიკრიბეთ და არსებითად არ ვფიქრობ, რომ რამე შეიცვლება. ასევე მაჟორიტარულ ოლქებთან მომხდარი შეთანხმება იმის მტკიცებულებაა, რომ ოპოზიციის გაერთიანება მყარია და მას წინასაარჩევნოდ საფრთხე არ ემქურება. არ ყოფილა ჩვენს ისტორიაში მსგავსი არჩევნები, რომ ოპოზიციას ერთმანეთისთვის მაჟორიტარული ოლქები დაეთმოს”, - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რომან გოცირიძე.

 

“რომან გოცირიძის თქმით, ახლა “გაერთიანებული ოპოზიციის” მთავარი მიზანია, რომ “ოცნების” სატელიტებმა კოალიციური მთავრობა არ შექმნან. გოცირიძე ფიქრობს, რომ მმართველ გუნდს ოპოზიცია ხელს მაქსიმალურად შეუშლის. მისი თქმით, ოპოზიცია “პატრიოტთა ალიანსსა” და ზვიად ძიძიგურის პარტიას ხელისუფლებისთვის კოალიციური მთავრობის შექმნის საშუალებას არ მისცემს. ანალიტკოსი გია ხუხაშვილი “რეზონანსთან” ამბობს, რომ გასაგებია, რომ ოპოზიციას სხვადასხვა განვითარება, მსოფმხედველობა და წარსული აქვს, მაგრამ “ევროპული საქართველო” და ალეკო ელისაშვილი ერთმანეთის კონკურენტები არ არიან, ორივე მათგანს სხავდასხვა ამომრჩეველი ჰყავს და ერთმანეთს ხმებს არ ართმევენ. ამიტომაც რა აქვთ საჩხუბარი, მისთვის გაუგებარია. ანალიტიკოსი ამბობს, რომ ერთადერთი პოლიტიკური ლოგიკა შესაძლოა იქიდან გამომდინარეობდეს, რომ ელისაშვილი ცდილობს ამომრჩეველს გააგებინოს, რომ ამ ხალხთან საერთო არაფერი აქვს. მისივე თქმით, ოპოზიციას ახლა ეს ილუზორული ერთიანობა იმდენად სჭირდება, რომ არ ელის ახალი დაპირისპირების გაღრმავებას. მისი აზრით, მაქსიმალურად ეცდებიან რომ ერთად იყვნენ და მოთმენის ფონზე არჩევნებამდე თავი როგორღაც მიიტანონ”, - დასძენს გამოცემა.

 

“კი, ბატონო, გავიგეთ, რომ ელისაშვილს ბოკერიასთან და “ნაციონალებთან” საერთო არაფერი აქვს. ამაში ახალი არაფერია. ელისაშვილი “ნაციონალების” და “ევროპელების” ლანძღვაში “ოცნებას” ვერ აჯობებს, ამიტომაც ეს ვერაფერი სიახლეა. ამით ელისაშვილს არაფერი ემატება. ერთადერთი მან ამომრჩევლი შესაძლოა “ოცნებას” წაართვას, ან ის ხალხი მიიზიდოს, ვინც მმართველ პარტიას განუდგა. მაგრამ ეს განდგომილი ხალხი ხმას “ნაციონალებს” და “ევროპელებს” მაინც არ მისცემს და ამ ლანძღვით და პათეტიკით ელისაშვილი რას იგებს, მართალი გითხრათ, ვერ გავიგე. ელისაშვილს ვურჩევ, რომ ამომრჩეველს რამე ისეთი შესთავაზოს, რაც დააინტერესებს. რამე ახალი უნდა თქვას. ბოკერია, რომ ცუდია, 8 წელი ამის მეტი ხელისუფლებას არაფერი უძახია. ბოკერიას მაინც თავისი ამომრჩეველი ჰყავს და ელისაშვილის ნათქვამზე ახლა “ევროპელების” ამომრჩეველი არ გაიქცევა. ამიტომ აქ წმინდა პოლიტკური თვალსაზრისით, სიმართლე გითხრათ, ვერაფერი ვერ გავიგე”, - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

წაკითხვა 512 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 29 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.