“პუტინი ახლა იმპერიული რევანშის ტალღაზეა და შედეგებზე არ ფიქრობს” - ზაზა ფირალიშვილი

“პუტინს ჯერ კიდევ თავისი მმართველობის დასაწყისში ჰქონდა ილუზია, რომ შეძლებდა ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური ინტენსიური განვითარების გზაზე დაყენებას.

ეს ის დროა, როდესაც ის ნატოში გაწევრებაზეც მზადყოფნას გამოთქვამდა. დღეს იშვიათად თუ იხსენებენ ამ ფაქტს. შემდეგ ცხადი შეიქნა ის, რაც ისედაც აშკარა იყო. ამ დედამიწის მერვედზე გაშლილ პოლიტიკური სხეულის სიცოცხლეს მხოლოდ ექსტენსიური განვითარება და ახალ-ახალი ტერიტორიული ექსპანსია თუ უზრუნველყოფს. რუსულმა იმპერიამ მხოლოდ ტერიტორიული ექსპანსიის პროცესში შეიძლება იარსებოს. იმპერიის მოქალაქე მშვიდად და დაჯერებულად მხოლოდ მაშინ გრძნობს თავს, როდესაც მისი ქვეყანა სადღაც ვიღაცას ებრძვის...”, - აცხადებს ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ზაზა ფირალიშვილი: “პუტინი ახლა იმპერიული რევანშის ტალღაზეა და შედეგებზე არ ფიქრობს”.

 

“ამიტომაც არის, რომ რუსეთისთვის გაცილებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ერთი ციდა ჩეჩნეთის დათრგუნვა, 2008 წლის აგვისტოს ომი, უკრაინაში გაჩაღებული ომი და ყირიმის მიტაცება, ასევე, სირიასა და ლიბიაში სრულიად უაზრო სისხლის ღვრა, ვიდრე საუკუნის დასაწყისში ეკონომიკის სწრაფი განვითარება. უფრო მეტიც, თავად ეკონომიკური ცხოვრებაც მთლიანად იმპერიული ექსპანსიის რეჟიმის ნაწილად არის აღქმული და მისი არსებობის არსი მეზობელი ქვეყნების ენერგეტიკულ მძევლობაში მოქცევის ცდაა. ასე რომ, პუტინს გულითაც რომ უნდოდეს, თავისი მმართველობის პერიოდში ამ პროცესს ვეღარ შეაჩერებს, მაშინ მოუწევს თავის პოსტს დაემშვიდობოს. რაც შეეხება თეზისს რუსეთის დაკარგული ტერიტორიების შესახებ, რომლებიც­ თურმე საბჭოთა კავშირიდან გამოყოფილმა რესპუბლიკებმა გაიყოლიეს, ეს სხვა არაფერია, თუ არა იმპერიალისტური ლოგიკის ტიპური ნაყოფი. იმპერიალისტის მოსაზრებით, ნებისმიერი ტერიტორია, სადაც რუს ჯარისკაცს უბრძოლია, მისია. ამგვარი ბარბაროსული ლოგიკის დაძლევა ისტორიული ან სამართლებრივი კატეგორიებით შეუძლებელია, რადგან რაც დრო გადის, ყველანაირი ფანტასტიკის სფეროს სცდებიან”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაზა ფირალიშვილი.

 

“შესაძლოა დაუჯერებელია, მაგრამ დღევანდელი რუსი იმპერიალისტი იდეოლოგები “გონების რაღაც მანქანებით” სირიასაც რუსული სამყაროს ნაწილად აცხადებენ. აუხსნელია, მაგრამ ფაქტია, რომ კრემლში შემუშავებულ ამ წარმოუდგენელ ნარატივს ვიღაცებს აჯერებენ. ეს რუსი სტრატეგოსები იმ კატეგორიას მიეკუთვნებიან, რომელიც რუსეთის ძველი გეოპოლიტიკური როლისა და მნიშვნელობის აღდგენაზე ოცნებობდა და რადგან ეს მათი სუსტი ეკონომიკის გამო შეუძლებელია, ცდილობენ ჩინეთთან გამონახონ საერთო ენა და, ბუნებრივია, ამ ტანდემში მთავარი ჩინეთი იქნება და არა რუსეთი. თანხმობის მისაღწევად უკვე წლებია თვალს ხუჭავენ, თუ რა თანამიმდევრულად ითვისებს ჩინეთი­ მოსაზღვრე ტერიტორიებს, რომ რუსეთის აღმოსავლეთი რეგიონები ეკონომიკურად უფრო ჩინეთთან არიან მიბმული, ვიდრე ცენტრთან. ამით იმის თქმაც მინდა, რომ რუსული პოლიტიკა გაცილებით ალოგიკური და არათანამიმდევრულია, ვიდრე ვინმეს წარმოდგენა შეუძლია. რაც შეეხება პუტინის განცხადების შემდეგ კრემლისგან მომავალ საშიშროებას, რა თქმა უნდა, საფრთხე რეალურია, მაგრამ არც ისე დიდი, როგორც მავან შეშინებულს ან პუტინიზმის აშკარა თუ ფარულ პროპაგანდისტს შეიძლება წარმოუდგეს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

 

“თუ საქართველოსთან ომის შემთხვევაში დასავლელი პოლიტიკოსების დიდ ნაწილს იმედი ჰქონდა, რომ პრობლემას მოლაპარაკებითა და თანხმობით გადაწყვეტდნენ, უკრაინის მაგალითმა დაარწმუნა, რომ რუსეთის ხელისუფლებასთან სამართლებრივ ენაზე ლაპარაკს აზრი არა აქვს. ამიტომაც მიმართეს სანქციებს, რომლებსაც რუსული ეკონომიკისთვის გაცილებით მძიმე შედეგები აღმოაჩნდა, ვიდრე პრორუსი პროპაგანდისტები გვარწმუნებდნენ, არაფერი შეეტყობაო. ასე რომ არ იყოს, პანდემიის დაწყებისთანავე რუსეთი გაეროს ტრიბუნიდან არ მოითხოვდა სანქციების შეჩერებას. ერთი სიტყვით, პუტინი უპირობოდ იქცა უარყოფითი პერსონის სიმბოლოდ. მასში სტალინისა და ჰიტლერის ნიშნები ამოიცნეს - იმ ორი ისტორიული ფიგურისა, რომლებსაც ლამის დაუფარავად ბაძავს - უცხოეთში გაქცეულ პირად მტრებს ჯაშუშების მეშვეობით უსწორდება, იალტის მსგავსი ახალი კონფერენციის საჭიროებაზე მიანიშნებს, ძალიან მოწადინებულია, როგორმე მიუნხენის ხელშეკრულების მსგავსი დოკუმენტი გაფორმდეს საქართველოსა და უკრაინის საკითხზე და სხვა. ის უკვე გადასცდა იმ ზღვარს, რომლის შემდეგაც დასავლეთის პოლიტიკურ წრეებთან ურთიერთობების მოგვარება შეუძლებელია”, - დაასკვნის ფილოსოფოსი.

 

“ერთადერთი, რაც დარჩა, მუდმივი დაძაბულობაა. მეორე მხრივ, ისიც ფაქტია, რომ დასავლეთში ჯერ არ ჩანს ძლიერი ლიდერი თუ ლიდერები, ვინც პუტინის პოლიტიკურ აღვირახსნილობას ღირსეული პასუხით ალაგმავს. ეს დროის ამბავია. პუტინი ვეღარ გაჩერდება და რაც მეტად გაიზრდება მისი აგრესიულობა, ასეთი ლიდერების გაჩენის ალბათობა მით მეტია. თუ დავფიქრდებით, ამ განცხადებებით რას მიაღწია პუტინმა? არაფერს, გარდა იმისა, რომ ამით მავანმა შოვინისტებმა გული მოიფხანეს. ამით კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მისი ადგილი კარგ, პროგრესირებად საზოგადოებაში არ არის. ის, როგორც პოლიტიკური ბანდიტი, უნდა განიდევნოს. სურდა თუ არა, ახლანდელი და მომავალი სანქციები გაამართლა, ანუ ყველა პროცესი ცხადყოფს, რომ კრემლი და მისი ბელადი ამას იმსახურებდნენ. შესაბამისად, ის ახლა იმპერიული რევანშის ტალღაზეა და შედეგებზე არ ფიქრობს”, - ამბობს ზაზა ფირალიშვილი.

 

“საქართველოში აშკარა პრორუსული ძალების რაოდენობა არ იზრდება, მათი ხვედრითი წილი და გავლენა შევარდნაძის ზეობის ბოლო წლებში გაცილებით დიდი იყო. დასავლეთის ქვეყნებში შრომითი მიგრაცია, ასპარეზზე ახალგაზრდა თაობის გამოსვლა და სხვა პროცესები, საბედნიეროდ, ასუსტებს და აქრობს რუსეთთან ფსიქოლოგიურ ბმას. დღეს ამ თვალსაზრისით ე.წ. ზომიერებსაც კი კარგად ესმით, რა უპერსპექტივოა ეს ვექტორი, თანაც, აშკარა პრორუსული ძალების მართლმადიდებელი სოლიდარობის მიღმა დიდი ხანია ნათლად ჩანს ბანალური იმპერიალიზმი და ჩვენი ფიზიკური განადგურების საფრთხე. მოკლედ, საკმარისია, ჟირინოვსკი და მისთანები ერთხელ გამოჩნდნენ ტელეეთერში თავიანთი “ყოჩაღი” განცხადებებით, რომ პუტინისტური ძალების მთელი შრომა წყალში გადაიყაროს. ეს კარგად იციან რუსებმა, კარგად ესმით, რომ პრორუსულ ძალებს მოსახლეობის მხოლოდ მცირე სეგმენტის გადაფარვა შეუძლიათ და ამიტომ აკეთებენ აქცენტს ძალადობრივ მეთოდებზე: ადმინისტრაციული საზღვრების ჩაკეტვაზე, მცოცავ ოკუპაციაზე, საერთაშორისო პროექტების ჩაგდებაზე და ა.შ. მათთვის მთავარია, ჩვენში როგორმე შეინარჩუნონ მუდმივი არასტაბილურობა. სამწუხაროდ, ჩვენი პოლიტიკური ტემპერამენტით ხშირად “ვშველით” ამაში. მათ იციან, რომ პრორუსული სენტიმენტების გაძლიერება შეუძლებელია და აქცენტს მაშინვე კაპიტულანტური განწყობის გაძლიერებაზე აკეთებენ”, - განმარტავს რესპონდენტი.

 

“რაც შეეხება შიდაპოლიტიკურ პროცესებს, პანდემიის დროს მშვიდმა და თავდაჯერებულმა მოქმედებამ ხელისუფლებას დიდი კაპიტალი შესძინა. ოპოზიცია აცნობიერებს, რომ კრიზისის დროს მოსახლეობაში სტაბილურობისა და დაცულობის შეგრძნების გაჩენა ძალიან მნიშვნელოვანი კაპიტალია. არადა, პანდემიამდე ხელისუფლების რეიტინგი თვალდათვალ ეცემოდა და არჩევნებში მისი მარცხი თითქმის გარდაუვალიც ჩანდა. თუმცა დღეს ხელისუფლების ყველაზე ოდიოზური წევრებიც კი საზოგადოების უფრო გულგრილ დამოკიდებულებას იწვევენ, ვიდრე გაღიზიანებას ან აღშფოთებას. სამწუხაროა, მაგრამ ვერა და ვერ გაჩნდა ისეთი ოპოზიციური კონფიგურაცია, რომელიც პანდემიამდელი სიტუაციით ისარგებლებდა და რეალურ ალტერნატიულ მოთამაშედ იქცეოდა. ჯერჯერობით ძველი ინერციით მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ამომრჩეველთა დიდი ნაწილი ისევ და ისევ “ნაციონალებისა” და “ოცნების” დაპირისპირების ჭრილში აღიქვამს, ეს კი ხელისუფლებასაც ხელს აძლევს. ამაში დამნაშავე მხოლოდ სახელისუფლებო პროპაგანდა არ არის. ოპოზიციურმა ფლანგმაც ვერ შექმნა განახლების შთაბეჭდილება. ჯერჯერობით გვაქვს პოლიტიკური კალეიდოსკოპი, რომელშიც ერთი და იგივე ფიგურები ქმნიან კონფიგურაციებს. იშვიათად თუ გამოჩნდება ვიღაც ახალი, რომელიც სულ მალე ძველებს ემსგავსება. შესაბამისია საზოგადოების რეაქციაც - ის იმედგაცრუებული რჩება”, - დასძენს ფირალიშვილი და შეკითხვაზე - “ოპოზიციის ნაწილი თბილისში მაჟორიტარულ ოლქებში წარსადგენ კანდიდატებზე შეთანხმდა. რა შთაბეჭდილება დაგიტოვათ წარმოდგენილმა სიამ?” - პასუხობს:

 

“ვფიქრობ, ვინც უნდა იყოს სიებში, ამ არჩევნებზე ბევრი არაფერი შეიცვლება. მოცემულ ვითარებაში ხელისუფლებისთვის ყველაზე ცუდი სცენარი ის ჩანს, კოალიციურ მთავრობაზე მოუწიოს დათანხმებამ. თუმცა არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოში მოულოდნელად ბევრჯერ შეტრიალებულა სიტუაცია. სამწუხაროდ, საქართველო ჯერჯერობით არ არის ისეთი სტაბილური სახელმწიფო, “მგრძნობიარე ნერვი” არ გაგვაჩნდეს, ცივი, პრაგმატული გონებით ვიცხოვროთ და ეს პოლიტიკაშიც გადავიტანოთ. მთავარია შემსრულებელი, დიდი ენერგიისა და იდეის მატარებელი “პოლიტიკური მამრი”. ჯერჯერობით სწორედ ეს უკანასკნელი არ ჩანს”...

წაკითხვა 452 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 29 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.