“ვარსკვლავბიჭუნას” მოლოდინში, ანუ მანკიერი წრე ქართულ პოლიტიკაში

“ხელისუფლების რეიტინგის შენარჩუნების ორ მიზეზს გამოვყოფდი: ხელისუფლების წარმატება პანდემიასთან ბრძოლაში და ოპოზიციის სისუსტე, ვითარებაში მისი სრული გაურკვევლობა და შეცდომები.

ოპოზიცია ცდილობდა საზოგადოებაში დაენერგა აზრი, რომ ხელისუფლებას მხოლოდ რომელიმე პრობლემასთან გამკლავება კი არ უჭირდა, არამედ არაფრის გაკეთება არ შეეძლო. უეცრად კი პანდემიისას აღმოჩნდა, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი გვაქვს და ქვეყანაში კორონავირუსის შიდა გავრცელება თითქმის ნულის ტოლია. ოპოზიციის დამოკიდებულება კი ისევ ძველებური იყო _ ხელისუფლება არაფერს აკეთებს, საშინელი ტესტები ჩამოაქვს, სტატისტიკას აყალბებსო და ა.შ. არადა, რაც ხდებოდა, ყველა ხედავდა, მათ შორის იმ ტელეარხებიდან, რომლებიც ოპოზიციასთან ასოცირდებიან. შესაბამისად, საზოგადოებამ კარგად დაინახა, ვინ ტყუოდა, რამაც ოპოზიციის საწინააღმდეგოდ და ხელისუფლების სასარგებლოდ იმუშავა”, - აცხადებს ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ვარსკვლავბიჭუნას” მოლოდინში, ანუ მანკიერი წრე ქართულ პოლიტიკაში.

 

“კიდევ ერთი ფაქტორი, რითაც ასევე ხელისუფლებამ იხეირა, ე.წ. 8 მარტის შეთანხმება და მას მერე განვითარებული პროცესებია. აუცილებელი იყო მიეღოთ მონაწილეობა საკონსტიტუციო ცვლილებებზე კენჭისყრაში, ამის სანაცვლოდ მთლიანად გადაულოცეს ინიციატივა “ქართულ ოცნებას”... ამ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებაში უდიდესი როლი შეასრულა დასავლეთის ზეწოლამ და საქართველოში აკრედიტებული ელჩების თავდაუზოგავმა შრომამ - ისინიც მოუწოდებდნენ შეთანხმების ყველა მხარეს, მიეღოთ ცვლილებების მიღებაში მონაწილეობა. ოპოზიციამ არც მათ მოუსმინა და საბოლოოდ ხელისუფლებას გადააჭარბა იმითაც, რომ ლამის ლინჩის წესით გაასამართლეს გერმანიის ელჩი. რითი იყვნენ უკეთესები ამ დროს ხელისუფლების იმ წარმომადგენლებზე, რომლებიც ამტკიცებენ ხოლმე, ჩვენი დასავლელი კრიტიკოსები “ნაციონალური მოძრაობის” ლობისტები არიანო? ესაა ოპოზიციის ორი უმნიშვნელოვანესი შეცდომა და აღარ ჩამოვთვლი პატარ-პატარა და ლამის ყოველდღიურ მცდარ ნაბიჯებს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

 

“ველოდი, რომ როცა საგანგებო მდგომარეობა დასრულდებოდა და შეზღუდვებიც მოიხსნებოდა, ხელისუფლების რეიტინგი დაეცემოდა. ჩემდა გასაკვირად, ხელისუფლებამ შეინარჩუნა რეიტინგი და ეს უპირველესად ოპოზიციის ხარჯზე მოახერხა. ოპოზიციონერი ლიდერები გაუთავებლად ლაპარაკობენ კატასტროფულ სოციალურ მდგომარეობაზე. კი ბატონო, ამას გრძნობს მოსახლეობაც, მაგრამ იმასაც ხედავს, რომ მსგავსი და უარესი ვითარებაა ყველგან. ურთულესი ეკონომიკური მდგომარეობაა წამყვან ქვეყნებშიც კი, მაგრამ ამას ემატება მძიმე პანდემიური ფონიც. ოპოზიციისგან განსხვავებით, საზოგადოება ამ შედარებით უპირატესობას ობიექტურად აფასებს. გარდა ამისა, რა ფინანსური რესურსების მოძიებაც შეეძლო, ხელისუფლებამ მაქსიმალურად მოიძია და უცნაურიც კი არის, რომ ძალიან მომჭირნედ ხარჯავს. არადა, წინასაარჩევნო ვითარების გათვალისწინებით, სხვა ხელისუფლებებს შესაძლოა სხვანაირად ემოქმედათ. რა თქმა უნდა, ეს დახმარებები, რაც გაიცა და კიდევ გაიცემა, ცოტაა. ამას ხელისუფლებაც აღიარებს, რესურსების მომჭირნედ ხარჯვას კი იმით ხსნის, რომ მოსალოდნელია მეორე ტალღა, რა დროსაც რა იქნება, არავინ იცის”, - განაგრძობს ექსპერტი.

 

“რაღა დაგიმალოთ და, მე გაცილებით უფრო რთულ ეკონომიკურ ვითარებას ველოდი. ეს იმ დროს, როდესაც ტურიზმი, ფაქტობრივად, აღარ ფუნქციონირებს. მოკლედ, თუ ხელისუფლებამ ასე გააგრძელა, მოახერხებს არჩევნებამდე რეიტინგის არა მარტო შენარჩუნებას, არამედ გაზრდასაც. ოპოზიციის ფლანგზე სრული გაურკვევლობაა. ისიც კი არ იცის მისმა ამომრჩეველმა, როგორ მოუწევს ხმის მიცემა - მოახერხებენ გაერთიანებას, თუ ისევ ყველა ცალ-ცალკე წავა არჩევნებზე. დროა, კონკრეტული გადაწყვეტილებები მიიღონ. ისეთ საკითხებზე მაინც შეთანხმდნენ დროულად, რისი ცოდნაც სჭირდება მათივე ამომრჩეველს, ბოლოს და ბოლოს, პარტიულმა აქტივმა ხომ უნდა გაიგოს, ვინ რას აპირებს, თორემ როგორ იმუშავებენ ამომრჩეველთან? სუსტი ოპოზიცია უპირველესად ქვეყნისთვისაა ცუდი, რადგან ახლა როგორც ჰაერი, ისე გვჭირდება კოალიციური ხელისუფლების ჩამოყალიბება. ეს ჩვენი სახელმწიფოსთვის წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. თუ ოპოზიცია ასე გააგრძელებს, “ოცნება” ისევ ერთპიროვნულად აიღებს ხელში ძალაუფლებას, რაც ძალიან სახიფათო იქნება. ოპოზიციამ იქნებ ის მაინც მოახერხოს, რომ ვერც ერთმა ძალამ ვერ შეძლოს დამოუკიდებლად მთავრობის ფორმირება”, - თვლის რესპონდენტი.

 

“საზოგადოებამ ვერ გამონახა ძალა და რესურსი იმისა, რომ მის წიაღში ახალი და საინტერესო ძალა დაბადებულიყო. როგორც ჩანს, გვაკლია დემოკრატიულ ვითარებაში ფუნქციონირების გამოცდილებაც. ამასთან, პრობლემაა ისიც, რომ პოლიტიკურ ასპარეზზე ერთი და იგივე ფიგურები ტრიალებენ და არ აძლევენ სხვებს შემოსვლის საშუალებას. ასევე იქცევიან პოლიტიკური ძალებიც. ისედაც მწირია პოლიტიკური რესურსები და მისი გადანაწილება ახალ მოთამაშეებზე არ სურთ. შესაბამისად, ყველაფერს აკეთებენ, რომ ახალი ინიციატივა ჩანასახშივე ჩაკლან. ვფიქრობ, საჭიროა ისევ და ისევ საარჩევნო სისტემის რეფორმირება ისე, რომ ამან ქვეყანაში არა მარტო პარტიული, არამედ შიდაპარტიული დემოკრატიის განვითარებასაც შეუწყოს ხელი. ძალა, რომელიც მხოლოდ ხელისუფლებაში მოსვლისა და გრანტების მიღებისთვის კი არ იბრძოლებს, არამედ პრობლემების მოგვარებაზეც იქნება ორიენტირებული, ქვეყანაში არ არსებობს. ველოდებით ახალ “ვარსკვლავბიჭუნას”... თუ გამოჩნდება ქარიზმატული ლიდერი, უცებ შეიქმნება მის ირგვლივ ბლოკი თუ გაერთიანება, რომელიც ჩაანაცვლებს “ქართულ ოცნებას”, თუმცა მერე იგივე განმეორდება. მოკლედ, თუ ქვეყანაში ინსტიტუციური დემოკრატია არ ჩამოყალიბდა, მუდმივად ერთ წრეზე ვიტრიალებთ”, - დაასკვნის ვახტანგ ძაბირაძე.

 

“თუ ივანიშვილი დაინახავს, რომ “ოცნებას” სერიოზული პრობლემები გაუჩნდა, ვფიქრობ, გააქტიურდება. ჯერჯერობით მისი ჩართვის აუცილებლობა არ ჩანს. მეორე მხრივ, ეფექტიან ლიდერად ჩამოყალიბდა გიორგი გახარია, მაგრამ მისი ლიდერობა მაინც ივანიშვილზეა დამოკიდებული. მეტიც, “ქართული ოცნება” ბიძინა ივანიშვილია. როდესაც ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა და კვირიკაშვილი გაუშვა, დაახლოებით ასეთი რამ თქვა, რომ არ დავბრუნებულიყავი, კვირიკაშვილი პარტიას მართმევდაო. ეს ციტირება არ არის, მაგრამ შინაარსი ასეთი იყო - ანუ კვირიკაშვილმა აქ თავისი გუნდის ჩამოყალიბება დაიწყო, იქ აშშ-თან საქმეების დაწყობა, რაც ივანიშვილს ძალიან არ მოეწონა. გახარიას კი ამ ყველაფრისთვის არც საშუალება და არც დრო არ ჰქონია, მინისტრებიდანაც არავინ არის მისი შერჩეული. როგორც ამბობენ, საარჩევნო სიის შედგენაშიც დიდად არ მონაწილეობს და სწორედ ივანიშვილი აკომპლექტებს. მოკლედ, გახარიას დამოუკიდებელი თამაშის წამოსაწყებად თავისი გუნდი არა ჰყავს, არა აქვს საკმარისი რესურსი საიმისოდ, რომ ივანიშვილი ჩაანაცვლოს ან თამაშგარე მდგომარეობაში დატოვოს. მოკლედ, მე ვერ დავეთანხმები იმ ექსპერტებს, რომლებიც ამბობენ, რომ გახარიას ლიდერობაში ივანიშვილი საფრთხეს ხედავს. ჯერჯერობით ეს გახარიასგან არ ემუქრება”, - განმარტავს ექსპერტი.

 

“1988 წელს, როდესაც ყარაბაღის კონფლიქტი დაიწყო, თბილისში ჩამოვიდნენ სომხეთისა და აზერბაიჯანის დელეგაციები - იქაური ეროვნული მოძრაობების წარმომადგენლები და თითოეული გვიმტკიცებდა საკუთარ სიმართლეს. მაშინ მთელი ჩვენი ეროვნული მოძრაობის სახელით ვრცელი წერილი დაიწერა და ყველამ ერთად ვთქვით, რომ საქართველო ამგვარ კონფლიქტებში ვერ ჩაერეოდა და ორივე მხარეს სიმშვიდისკენ მოვუწოდეთ. ჩვენმა წერილმა, სამწუხაროდ, ეს კონფლიქტი ვერ შეაჩერა და იმჟამადაც გაჩნდა კონფლიქტის საქართველოში გავრცელების საფრთხე - იყო ინციდენტებიც, თუმცა მცირე მასშტაბით. წლების მერე პროცესების გაანალიზების შედეგად მივედი დასკვნამდე, რომ იმჟამად საბჭოთა კაგებემ ჩათვალა, რომ თუ კონფლიქტი აქაც გადმოვიდოდა, რუსეთს მისი გაკონტროლება გაუჭირდებოდა და ამიტომაც შეაჩერეს საქართველოში მოქმედი მეხუთე კოლონა... ვერ გამოვრიცხავთ, რომ ახლა რუსეთი უკვე რეგიონული კონფლიქტის გაჩაღებას მთელ კავკასიაში ცდილობდეს. როდესაც კონფლიქტი ყარაბაღს გასცდა და მაინცდამაინც საქართველოს საზღვარსა და იმ ენერგოხაზთან ახლოს დაიწყო, რომელიც აზერბაიჯან-საქართველოზე გადის და დასავლეთით მიემართება, ეჭვი უფრო გამიმძაფრდა. ვითარება ძალიან საყურადღებო და სახიფათოა. ჯერჯერობით თითქოს მიწყნარდა, მაგრამ თუ კრემლი შეეცდება კვლავაც გამწვავდეს ვითარება ამ ორ ქვეყანას შორის, ვფიქრობ, აუცილებლად შეეცდება იმასაც, რომ მეხუთე კოლონის საშუალებით საქართველოშიც გადმოიტანოს. გონიერება მართებთ უპირველესად სომხეთისა და აზერბაიჯანის ხელისუფლებებს, რათა კრემლის დაგებულ მახეში არ გაებან”, - ამბობს რესპონდენტი.

 

“რა თქმა უნდა, კონფლიქტისადმი ჩვენი დამოკიდებულება უნდა იყოს აბსოლუტურად ნეიტრალური, მაგრამ ამასთან კარგად უნდა გაანალიზდეს, შეუძლია თუ არა რუსეთს ამ ეტაპზე კავკასიაში კრემლისგან კონტროლირებადი არასტაბილური მდგომარეობის ინსპირირება? გაიხსენეთ ლუგარის ლაბორატორიაზე თავდასხმები. ახლახან ჩვენი მოქალაქე დააკავეს ოკუპირებულ ე.წ. სამხრეთ ოსეთში, რომელმაც თურმე ღამურების დასაჭერად დაარღვია ვითომ საზღვარი. ესეც იმას ემსახურება, რომ რუსეთში როგორღაც შექმნან აზრი, რომ ამ ლაბორატორიაში ბიოლოგიურ-ბაქტერიოლოგიური იარაღი მზადდება. იბადება კითხვა: თუ რუსეთი მოახერხებს სამხრეთ კავკასიაში არასტაბილური ვითარების შექმნას, ხომ არ გამოიყენებს ამას იმისთვის, რომ ვითომ ლაბორატორიის მუშაობის გასანეიტრალებლად შემოიყვანოს სამხედრო ძალა? მოკლედ, დიდი სიფრთხილე გვმართებს. შესაბამისმა სამსახურებმა ფრთხილად და პერმანენტულად უნდა იმუშაონ იმ რეგიონებში, სადაც აზერბაიჯანელები და სომხები კომპაქტურად არიან დასახლებული. ასევე მაქსიმალურად უნდა მოუსპონ მოქმედების საშუალება რუსეთის მეხუთე კოლონას საქართველოში. ამ ყველაფერს სჭირდება სერიოზული ანალიზი და რუტინული მუშაობა, თანაც ყოველგვარი პოლიტიკური ინტერესის გარეშე. ეს არ არის საკითხი, რომელიც შეიძლება ვინმემ შიდაპოლიტიკური მიზნით გამოიყენოს”- დასძენს ვახტანგ ძაბირაძე.

წაკითხვა 555 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 20 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.