“ხელისუფლებას ყველა სერიოზული ბიზნესის ჩაჯიბვა სურს” - ხაზარაძე

“დღეს რეიტინგებზე ლაპარაკი მართებულად არ მიმაჩნია.

პანდემიის გამო მოსახლეობას სხვა არჩევანი არც აქვს, გარდა იმისა, რომ ნდობა გამოუცხადოს ხელისუფლებას, რაც უნდა არაპოპულარული იყოს ის. აჯობებს, დროის გასვლას დაველოდოთ და რეიტინგები შემდეგ დავითვალოთ. ჩვენ უკვე ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ სცადა ხელისუფლებამ ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტის სოციალურ დახმარებად გადაქცევა. სოციალური კამპანია საარჩევნო კამპანიას მიაბა. თუმცა ამ მიმართულებითაც ვერ იყოჩაღეს. უამრავმა მოქალაქემ დახმარება ვერ მიიღო. შესაბამისად, ხალხი უკმაყოფილო იქნება... ხელისუფლება ყველა მეთოდს გამოიყენებს, დაწყებული მოსყიდვით და დამთავრებული “ძველი ბიჭების” საშუალებით ხალხის დაშინებით, თუმცა არ გამოუვა. ხალხი დაიღალა რვაწლიანი უძრაობით, კრიმინალურ-რუსული მმართველობის სტილით და ერთი კაცის ხუშტურებზე სიარულით”, - აცხადებს “ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ხელისუფლებას ყველა სერიოზული ბიზნესის ჩაჯიბვა სურს”.

 

“ვფიქრობ, რომ კრიმინოგენული ვითარება მხოლოდ სტატისტიკა არ არის. აქ საუბარია აზროვნებაზე, მენტალიტეტზე. გიორგი შაქარაშვილის საქმემ ძალიან არასასიამოვნო რეალობა დაგვანახა. ახალგაზრდების მენტალიტეტი ძალიან სახიფათო გზისკენ მიექანება. ასევე შემაშფოთებელი ტენდენციები გამოიკვეთა სარალიძის საქმეშიც. ამ და სხვა მსგავსი საქმეების გამოძიების წლების განმავლობაში გაწელვა და ოპონენტებისთვის საქმეების გამოგონება კრიმინალური აზროვნების შედეგია. ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს საქართველოში ხელისუფლების ხელშეწყობით კრიმინალური მენტალიტეტი, “ძველი ბიჭების” ინსტიტუტი ბრუნდება. კუნთმაგარი სპორტსმენი ბიჭები ძალიან “აქტიურობენ” და სანაცვლოდ ხელშეუხებლობის გარანტიას იღებენ, რაც ძალიან სახიფათოა. ამ ხელისუფლების კრიმინალური აზროვნების შედეგია, რომ ჩვენი ახალგაზრდებისთვის კანონმორჩილება და წესრიგი პრიორიტეტული არ არის”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა ხაზარაძე.

 

“ბიძინა ივანიშვილი იყო სააკაშვილის რეჟიმის ყველაზე დიდი დამფინანსებელი. მაშინაც, როგორც დღეს, ყველა სტრუქტურა, სასამართლო თუ პროკურატურა, ტელეფონით იმართებოდა. ეს სტრუქტურები, ისევე როგორც ამ სტრუქტურებში მომუშავენი, ძალიან სწრაფად და მარჯვედ გადმოპორტირდნენ “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში. ეს ორივე ერთი და იგივე ძალაა. ივანიშვილი და სააკაშვილი დღესაც ერთმანეთით საზრდოობენ, საზოგადოება კი წრეში ჰყავთ მოქცეული. სანამ ამ ადამიანებს არ მივუჩენთ შესაბამის ადგილს, ვერც სამართლიანობას აღვადგენთ, ვერც კრიმინალს დავამარცხებთ და ვერც სიღატაკეს დავძლევთ. საარჩევნო კამპანიის გამო რეგიონებში მიწევს სიარული, ყველა სოფელში შევდივართ, ბაზრებში დავდივართ და ვხედავ, რომ ხალხი უკიდურესად გაღატაკებულია, უსამართლობის განცდა აქვთ, პერსპექტივას ვერ ხედავენ ამ ხელისუფლების პირობებში. შესაბამისად, 2020 წლის არჩევნებს ისტორიული მნიშვნელობა ექნება. ორპოლუსიანობა სამუდამოდ დამთავრდება ქვეყანაში”, - განაგრძობს “ლელოს” ლიდერი.

 

“ლელო” საკუთარ კანდიდატებს აგვისტოს ბოლოს წარადგენს. ყოველდღე გვემატება შვიდასიდან ათასამდე რეგისტრირებული წევრი. პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო ახლახან გამოვედით ველზე. ჯერ ერთი თვეც არ არის, რაც საარჩევნო კამპანია დავიწყეთ და სერიოზული შედეგები გვაქვს. უკვე 28 ოფისი გვაქვს გახსნილი და უახლოეს დღეებში 40 ოფისის გახსნას ვაპირებთ. მთელი საქართველო უნდა დავფაროთ. ჩვენ გავძლიერდებით და “ქართულ ოცნებას” არ მივცემთ საშუალებას, ჩვენი ქვეყნის მონოპოლიზება მოახდინოს და რუსეთის გუბერნიად აქციოს. ნახეთ, რას უპირებენ ბიზნესს.. ხელისუფლებას ყველა სერიოზული ბიზნესის ჩაჯიბვა სურს!” - ამბობს რესპონდენტი.

 

“ამაზე მეტყველებს ახლახან მიღებული ორი კანონი - კანონი ენერგოკომპანიების წილების გასხვისების კონტროლზე და კანონი სპეციალური მმართველის შესახებ. ამით ბიძინა ივანიშვილს საშუალება ეძლევა ჩაერიოს ყველა მსხვილი კომპანიის (ტელეკომუნიკაციები იქნება თუ ენერგოკომპანიები) მართვაში. თურმე მან უნდა გადაწყვიტოს, ვისზე გაასხვისოს აქციები, ვის შეუქმნას პრობლემა დივიდენდის დაბრუნებაში და ა.შ. ეს არის სრული მონოპოლიზება და ეწინააღმდეგება თავისუფალი ბაზრის პრინციპს. სტრატეგიასთან ამას კავშირი არა აქვს. ივანიშვილმა საერთოდ არ იცის, რა არის სტრატეგია, არც ბიზნესში, არც ეკონომიკასა და არც პოლიტიკაში. მას მხოლოდ გაკონტროლება ეხერხება", განმარტავს მამუკა ხაზარაძე და შეკითხვაზე - “თქვენ დიდხანს ერიდებოდით ბიძინა ივანიშვილის პრორუსად მოხსენიებას. როდის გადაკვეთეთ წითელი ხაზი?” - პასუხობს:

 

“პასუხისმგებლიანი ადამიანი ვარ, არგუმენტების გარეშე არაფერს ვამბობ. ბიძინა ივანიშვილმა თავად თქვა, ამერიკელებს რა უნდათ შავ ზღვაშიო. სწორედ მისი დავალებით ჩავარდა ანაკლიის პროექტი".

 

"ახლა მარტივი კითხვა მაქვს: სად არის ანაკლიის პროექტი? ის ჩემი პროექტი ხომ არ იყო, სახელმწიფოს სტრატეგიული პროექტი გახლდათ. 6 თვე გავიდა, რა გააკეთა სახელმწიფომ პროექტის ასამუშავებლად? ტენდერი გამოაცხადა თუ გზისა და რკინიგზის გაყვანა დაიწყო ანაკლიისკენ? ამასობაში ტამანის პორტიც აშენდა - თუ თქვენ მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელებას დააგვიანებთ, ხომ დაკარგავთ ბაზარზე ინტერესს? ასევეა ყველა ბიზნესი. თუ დროზე არ დაიკავე ნიშა, დროულად, ადგილზე არ დახვდი ტვირთს, ძალიან რთულია ამ პოზიციის დაბრუნება. 2020 წლის ბოლოს ჩვენ ანაკლიაში უკვე გემი უნდა მიგვეღო. იცით, ეს რას ნიშნავს? მსოფლიო ვაჭრობის რუკაზე მოვინიშნებოდით. ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი პერსპექტივა იყო. ხაზარაძე რომ არ მოგწონს, ეს არ არის პრობლემა, მაგრამ ქვეყნის განვითარებას რომ აფერხებ, ეს უკვე ძალიან მძიმე დანაშაულია”, - დასძენს ხაზარაძე.

წაკითხვა 451 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 20 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.