რატომ არ არის სიაში წულუკიანი - "როცა პარტია ძველ სახეებს აყენებს, ეს ნიშნავს რომ ცვლილებებს არ აპირებს“

“ჩემი აზრით ეს პრეზენტაცია შეტყობინებაა, რომ ხალხნო ხმა არ მოგვცეთ იმიტომ, რომ ჩვენ უკეთესს არაფერს გთავაზობთ."- ასე აფასებს "რეზონანსთან" შერიგების საკითხებში საქართველოს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი, „ქართული ოცნების" მიერ საპარლამენტო არჩევნებისთვის 30-ივე მაჟორიტარ ოლქში კანდიდატების წარდგენას.

მმართველი გუნდის მიერ საზოგადოებისთვის შეთავაზებულ მაჟორიტარ კანდიდატების სიაში არიან: ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი დავით სერგეენკო, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ყოფილი მინისტრი კახა კახიშვილი, პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, რატომ არ არის სიაში წულუკიანი - "როცა პარტია ძველ სახეებს აყენებს, ეს ნიშნავს რომ ცვლილებებს არ აპირებს“

 

"ზაქარეიშვილი თვლის, რომ „ქართული ოცნება" წარდგენილ მაჟორიტარ კანდიდატების სიით ამბობს, რომ საზოგადოებისთვის ახლის შეთავაზებას არ აპირებს, რომელიც მისი აზრით, ოპონენტებისთვის დამაჯერებელი არგუმენტია. საკითხავია თუ ეს კანდიდატები „ქართული ოცნების" ამომრჩეველს რამდენად აკმაყოფილებს, იმიტომ, რომ „ქართული ოცნება" დღეს ზოგადად იმდენად არაპოპულარულია, რომ ვერცერთი ადამიანი მათი მდგომარეობის გაუმჯობესებას ვერ შეძლებს, რაც აქვთ ეს აქვთ. პირობითად თუ მათ 40% აქვთ, ვინც არ უნდა დააყენონ, მხოლოდ ეს 40% ექნებათ, მაგრამ როცა ძველ სახეებს აყენებენ, ეს იმას ნიშნავს, რომ მათ ახალი სახეები არ ჰყავთ, ანუ ეს უკვე შეტყობინებაა მათთვის, ვისაც „ქართული ოცნება" არ უნდა, ვისაც უნდა არგუმენტი თუ მმართველ პარტიას ხმა რატომ არ უნდა მისცეს, ეს სია მშვენიერი არგუმენტია იმიტომ, რომ არაფერი არ შეიცვლება ხალხო. როგორც იყო 2016 წლიდან (კოალიციის დაშლიდან) დღემდე, ისე გაგრძელდება, ანუ სიახლე არაფერი არ იქნება, კანდიდატებში ძველი სახეები არიან, მათ შორის ჩემი მეგობრებიც, რომლებსაც დიდ პატივს ვცემ, მაგრამ როცა პოლიტიკური პარტია ძველ სახეებს აყენებ, ესე იგი შენ ამბობ, რომ მე ცვლილებებს არ ვაპირებ”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“სერგეენკო პოლიტიკიდან უცნაურად ისე წავიდა, რომ არც კი ვიცით, მაგრამ იგი წარმატებულ მინისტრად ითვლებოდა და ნამდვილად ასეც იყო, სოზარ სუბარიც ურიგო მინისტრი არ იყო, ორ სამინისტროში იყო და რატომ ჩააჩოჩეს, ცნობილი არაა. ამ ფონზე, როცა შენ თვითონ „ქართული ოცნება" წარმატებულ მინისტრებს, რომლებსაც მინუსები არ ჰქონიათ, მათ წინააღმდეგ ოპოზიციას არ გაულაშქრია, შიგნით არსებული პრობლემების გამო, ეს ადამიანები ჩააჩოჩე და უცებ ამ ადამიანებს საზოგადოებას სთავაზობ, საზოგადოება იტყვის, უკაცრავად, სხვა არავინ არ გყავს? ამათზე ხომ ოდესღაც უარი შენ თვითონვე თქვი. ასევე, კახიშვილიც ზუსტად ამ კატეგორიაში გადის, ანუ ეს ადამიანი თუ ჩრდილში მოაქციე, რატომ მოაქციე? ესე იგი პენსიაზე უშვებ? ესე იგი პარლამენტი საპენსიო ადგილია? მე არ მინდა, რომ პარლამენტი საპენსიო ადგილი იყოს, მე მინდა, რომ პარლამენტი ახალგაზრდების, ენერგიული ადამიანების, ახალი სახეების ადგილი იყოს, სადაც თავიანთი პოზიციებისა და განათლების რეალიზაცია საქართველოს სახელმწიფოს სასარგებლოდ მოხდება. აქედან გამომდინარე, ეს მაჟორიტართა სია „ქართული ოცნების" ამომრჩევლისთვის კარგია და ოპონენტებისთვის საკმაოდ დამადასტურებელი არგუმენტია, ანუ ამის სახით მათ მყარი არგუმენტი აქვთ თუ რატომ არ უნდა მისცენ ხმა, ანუ ის ცვლილებებს არ მთავაზობს, ეს ძალიან დამაფიქრებელია მათთვის, ვისაც „ქართული ოცნება" არ უნდა. ჩემი აზრით ეს პრეზენტაცია შეტყობინებაა, რომ ხალხნო ხმა არ მოგვცეთ იმიტომ, რომ ჩვენ უკეთესს არაფერს არ გთავაზობთ."- განაცხადა მან”, - განაგრძობს გამოცემა.

 

"აღსანიშნავია, რომ პრეზენტაციამდე გავრცელებული ინფორმაციით, დიდი ალბათობა იყო იმისა, რომ „ქართულ ოცნებას" ნაძალადევის ოლქში იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი წარედგინა, თუმცა მინისტრი არცერთ ოლქის მაჟორიტარ კანდიდატად არ დასახელდა. ზაქარეიშვილი მიიჩნევს, წულუკიანი მაჟორიტარ კანდიდატთა სიაში იმიტომ არ მოხვდა, რომ „ქართული ოცნების" გათვლებით, უფრო მეტი უარყოფითი რეიტინგი აღმოაჩნდა, ვიდრე დადებითი. რაც შეეხება თეა წულუკიანს, "ქართული ოცნება" ეძებს კანდიდატებს, რომლებსაც უარყოფითი რეიტინგი არ აქვთ, როგორც ჩანს გათვალეს და ნახეს, რომ წულუკიანს ალბათ უფრო მეტი უარყოფითი რეიტინგი ჰქონდა, ვიდრე დადებითი, ხოლო იგივე კახიშვილს, სუბარს, სერგეენკოს კი უარყოფითი რეიტინგები არ ჰქონდათ, ამ პოზიციით გათვალეს და იფიქრეს, რომ სჯობია წულუკიანი სიაში იყოს, ვიდრე მაჟორიტარ კანდიდატად. მაგალითად ვინც ოლქში წულუკიანს ხმას არ მისცემს, ის ხმას არ მისცემს პარტიასაც ეს ავტომატურია, აქედან გამომდინარე, ერთადერთი აზრი თუ რატომაც წულუკიანი მაჟორიტარი კანდიდატი არაა, ისაა, რომ მისი უარყოფითი რეიტინგი მის დადებით რეიტინგს აღემატება. რაც შეეხება მაჟორიტარ კანდიდატების სიაში ერთ ქალბატონს (ნინო ლაცაბიძე) რუსთავის მაჟორიტარ კანდიდატს, ეს საკმაოდ ცნობილი ქალბატონია, საკრებულოში აქტიურია, მას რუსთავში პატივს სცემენ და სხვებისგან განსხვავებით, რაც სიაში ვნახე, მას მეტი შანსი აქვს. სოზარი და სერგეენკო ჩემი მეგობრები არიან, მაგრამ თავიანთ ოლქებში ბრძოლა გაუჭირდებათ, მაგრამ ამ ქალბატონს კარგი რეიტინგი აქვს" - განაცხადა ზაქარეიშვილმა”, - წერს სტატიის ავტორი.

წაკითხვა 464 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 21 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.