“მაჟორიტარების ომი” ოპოზიციაში - რატომ ვერ შეთანხმდნენ “ნაცმოძრაობა” და “ევროპული საქართველო”

“ოპოზიცია მაჟორიტარობის კანდიდატებთან დაკავშირებით შეთანხმებას უკვე ვერც თბილისში ახერხებს და ვერც რეგიონებში.

ოთხშაბათს ცნობილი გახდა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” რეგიონების 22-ვე საარჩევნო ოლქშიც დააყენებს თავის კანდიდატებს და თბილისის ორ “ვაკანტურ” ოლქშიც. “ევროპულმა საქართველომ” კი რეგიონებში მხოლოდ 14 ოლქში დააყენა თავისი მაჟორიტარობის კანდიდატი და დანარჩენ 8 ოლქში შიდაოპოზიციური შეთანხმების იმედი ჰქონდა. “ევროპულმა საქართველომ” 30 მაჟორიტარული ოლქიდან 16-ში უკვე დაასახელა საკუთარი კანდიდატები. მათი თქმით, რეგიონებში დარჩენილ 8 ოლქზე სხვა ოპოზიციურ პარტიებთან მიმდინარეობს მოლაპარაკება. “ნაციონალური მოძრაობის” განცხადებით, კვირის ბოლომდე წარადგენენ რეგიონების 22 მაჟორიტარულ ოლქში საკუთარ კანდიდატებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “მაჟორიტარების ომი” ოპოზიციაში - რატომ ვერ შეთანხმდნენ “ნაცმოძრაობა” და “ევროპული საქართველო”.

 

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ რეგიონებში წარსადგენი მაჟორიტარობის 22 კანდიდატიდან ყველასთან შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის და პარტია თავისი მაჟორიტარების სრულ სიას კვირის ბოლოს გამოაქვეყნებს. “რეგიონების 22-ივე ოლქში “ნაციონალური მოძრაობა” საუკთარ კანდიდატებს დააყენებს. ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკებები, ვფიქრობ, რომ უახლოეს დღეებში დავასახელებთ უკვე სიას. სხდომა გვაქვს ჩანიშნული. ვფიქრობთ, რომ კვირის ბოლომდე გვქენება სია. რამდენიმე ადამიანთან კონსულტაციები არაა ჯერ დასრულებული და გვინდა, რომ ერთიანად წარმოვადგინოთ. შესაძლებელია რეგიონალური სიაც დავასახელოთ, ვნახოთ. ჩემი კანდიდატურაც განიხილება რამდენიმე ოლქში. ვნახოთ, შევჯერდებით და წარმოვადგენთ სიას, მათ შორის შესაძლებელია ზესტაფონი-თერჯოლის ოლქში ვიყარო კენჭი”, - თქვა დეკანოიძემ. “ევროპული საქართველოს” წევრი აკაკი ბობოხიძე ამბობს, რომ მათ “ნაციონალურ მოძრაობას” შესთავაზეს წინადადება რეგიონში ოლქების განაწილების შესახებ, რაზეც უარი მიიღეს”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“ნაციონალური მოძრაობის” უფლებაა დაასახელონ საკუთარი კანდიდატები ყველა ოლქში, თუმცა შეთანხმება იყო და როგორც ჩანს, ფორმალური ლიდერები ვერაფერს წყვეტენ, საბოლოო ჯამში გადაწყვეტილებას სხვა ღებულობს. აქედან გამომდინარე, ეს შეთანხმება, რომელიც იყო, არ შედგა”, - თქვა ბობოხიძემ. ხატია დეკანოიძის განცხადებით, თბილისის გარდა არც ერთ ოლქში მოლაპარაკებები არ ყოფილა. “თბილისის გარდა არაფერზე მოლაპარაკებები “ნაციონალურ მოძრაობას” და “ევროპულ საქართველოს” შორის არ ყოფილა. მათ ჰქონდათ წინადადება რეგიონების 4 ოლქში მხოლოდ საკუთარი კანდიდატები დაეყენებინათ და ამ 4 ოლქიდან 2 “ნაციონალურ მოძრაობას” მოგებული აქვს, ამიტომ არ განვიხილეთ ეს წინადადება”, - ამბობს დეკანოიძე. ბობოხიძის თქმით, “ევროპული საქართველო” რეგიონებში დარჩენილ 8 ოლქში განიხილავს შეთანხმებას სხვადასხვა პარტიებთან და იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკება არ შედგება, საკუთარ კანდიატებს დაასახელებენ”, - განაგრძობს გამოცემა.

 

“თუ პარტნიორ პარტიებს ენდომებათ მხარდაჭერა და მოხერხდება, ჩვენ მზად ვართ. სწორედ ამიტომ ჯერჯერობით არ დავასახელეთ კანდიდატები, თუმცა ჩვენ კანდიდატები გვყავს და როგორც კი განიხილება უერთიერთშეთანხმების საკითხები, იმისდა მიხედვით დავასახელებთ მათ, ან საერთო შეთანხმებით დასახელებულ კანდიდატებს დავუჭერთ მხარს. ამ ეტაპზე დარჩენილ 8 ოლქში შეთანხმება განიხილება იმ პოლიტიკურ პარტიებთან, რომელიც მონაწილეობდნენ თბილისის შეთანხმებაში. მოლაპარაკება მიმდინარეობს ყველა პოლიტიკურ პარტიასთან, რომელიც მზადაა საერთო ფრონტით, შეთანხმებულად ვიმუშაოთ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. იმედი მაქვს, რომ თბილისში ბოლომდე მოხერხდება შეთანხმების მიღწევა, თუ არადა სხვა რომელიმე დამოუკიდებელ კანდიდატს დავუჭერთ მხარს დარჩენილ ორ ოლქში. ჯერჯერობით ვფიქრობთ, რომ ჩვენს კანდიდატს არ დავასახებთ, ჩვენ გაცილებით დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ მრავალფეროვნებას”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას აკაკი ბობოხიძე.

 

“ოპოზიციაში მიმდინარე პროცესების შეფასებისას ექსპერტი არჩილ გამზარდია “რეზონანსთან” ამბობს, რომ ოპოზიციურ ერთობას მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნებოდა აზრი, თუკი ერთი-ერთზე დარჩებოდნენ ხელისუფლებასთან და “შუა გაიკრიფებოდა” - “იმის პროგნოზირება რთული არ იყო, რომ ოპოზიციური ერთობა დაიშლებოდა იმ დროს, როდესაც კვოტების გადანაწილება დაიწყებოდა საარჩევნო სუბიექტების კუთხით. საქმე ისაა, რომ ე.წ. “ოპოზიციურ ერთობაში” ბევრად მეტი სუბიექტია, რომლებსაც საკუთარი ინტერესები გააჩნია, მაგრამ საერთო ულუფა, რაც შეიძლება მიიღონ არჩევნების შედეგად, არ არის იმდენი, რომ ამგვარი შეთანხმება მოახდინონ. შესაბამისად, სუბიექტები, რომლებიც უფრო მეტ-ნაკლებად თავდაჯერებულები არიან, ან უფრო მეტი ამბიციები აქვთ, თავისთავად ცდილობენ, რომ უფრო მეტი საკუთარი ხალხი “გაიყვანონ”, - ამბობს გამზარდია, რომლის განმარტებით, “საარჩევნო კონტექსტში ასეთი ერთობა არ ამართლებს”, - დასძენს გამოცემა.

 

“გაერთიანებული ოპოზიციის” არსებობის შემთხვევაშიც კი ხელისუფლებას ერთი ოპოზიციური კანდიდატი არ ეყოლებოდა. ოპოზიციის წარმატებაზე ლაპარაკი მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ერთი-ერთზე დაუპირისპირდება მთელი ოპოზიცია ხელისუფლებას. ამ შემთხვევაში კი “გაერთიანებული ოპოზიციის” იქით იყვნენ სხვა სუბიექტებიც, მაგალითად “ლელო”, “პატრიოტთა ალიანსი” და სხვა დამწყები პარტიები. ამიტომაც, ნებისმიერ შემთხვევაში, ოპოზიციას ერთსახოვანი პაექრობა ხელისუფლებასთან ვერ ექნებოდა, შესაბისად, მივიღეთ ის მოცემულობა, რომელიც არსებობს ახლა... პარტიებისთვის საერთო კანდიდატები წამგებიანი იქნებოდა, იმ შემთხვევაში, თუ ამა თუ იმ პარტიის წარმომადგენელს რამდენიმე რეგიონში გამარჯვების მნიშვნელოვანი შანსები ექნებოდა. მაგრამ, მაჟორიტარების თვალსაზრისით არ მგონია, რომ მაინცდამაინც დიდი პერსპექტივა ჰქონდეს ოპოზიციას”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას არჩილ გამზარდია.

 

“რომ ვთქვათ, ცალ-ცალკე დასახელებული კანდიდატები წამგებიანი იქნება, არ გამოვა სწორი. ისედაც არ არის ოპოზიციური მაჟორიტარობის კანდიატები მომგებიან რეჟიმში და ეს გადანაწილება, რაც ხელისუფლებასთან საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით მოხდა, სწორედ იმ 30 ადგილს გულისხმობს, რომელიც ძირითადად ისედაც ხელისუფლების აქტივში წავა და არა ოპოზიციის. ამიტომ დაისვა ეს პროპორცია. ძალიან დიდია ადმინისტრაციული რესურსი. მეორე მხრივ, ოპოზიცია ჩვენთან არ სარგებლობს ელექტორატის დიდი მხარდაჭერით. თავ-თავიანთი პატარ-პატარა ჯგუფები ჰყავთ და სულ ესაა მათი საარჩევნო ბაზარი. ამიტომაც ვერ ვიტყვით, რომ ამ ფაქტორმა მათი წამგებიანობა გაზარდა, ისედაც არ აქვს ოპოზიციას ეფექტური პერსპექტიები და შესაბამიად, დიდად არც არაფერი იცვლება ამით”, - დაასკვნის გამზარდია.

წაკითხვა 501 ჯერ განახლდა განახლდა აგვისტო 06 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.