ეუთო-ს ლიდერებმა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია დაგმეს
2020 წლის 7 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის 12 წლისთავთან დაკავშირებით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მაღალი დონის წარმომადგენლებმა დაგმეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობა და კიდევ ერთხელ დაადასტურეს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი სრული მხარდაჭერა.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკისა და უსაფრთხოების გენერალური კომიტეტის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა რიჩარდ ჰადსონმა (აშშ), თავმჯდომარის მოადგილემ, კოსტელ ნეკულაი დუნავამ (რუმინეთის პარლამენტის წევრი) და მომხსენებელმა, ლაურინას კასციუნასმა (ლიეტუვას პარლამენტის წევრი) გამოხატეს ღრმა შეშფოთება, რომ კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის სიცოცხლე და ჯანმრთელობა კვლავაც საფრთხეშია, განსაკუთრებით COVID-19-ის პანდემიის პირობებში.
„აუცილებელია, დასრულდეს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპაცია და მშვიდობიანად აღდგეს პატივისცემა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს ომითა და საოკუპაციო ხაზით დაყოფილ საზოგადოებებს შორის შერიგებისა და ნდობის აღდგენის მნიშვნელობას.“ - ნათქვამია განცხადებაში.
საპარლამენტო ასამბლეის უსაფრთხოების კომიტეტის ლიდერებმა გაიხსენეს 2019 წლის ლუქსემბურგის დეკლარაციის რეზოლუცია - „უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობა აფხაზეთში, საქართველო და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთი, საქართველო“ და მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას, დაიცვას საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმები და პრინციპები და გააუქმოს უკანონო გადაწყვეტილება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების თაობაზე.
მათ ასევე ღრმა შეშფოთება გამოხატეს იმ ფაქტის გამო, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, რომელიც ეუთო-სა და გაერო-ს მისიების დახურვის შემდეგ ადგილზე ერთადერთი საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმია, კვლავაც არ აქვს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებზე წვდომა.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, როგორც კრიტიკულ საშუალებას ინფორმაციის გაცვლისა და იმ ინციდენტებზე რეაგირებისთვის, რომლებიც გავლენას ახდენს საზოგადოებებზე“ - ნათქვამია განცხადებაში.
„ვიმედოვნებთ, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები რაც შეიძლება სწრაფად განახლდება იმისთვის, რომ გაგრძელდეს კონსტრუქციული და შედეგზე ორიენტირებული დისკუსიები რეალური შედეგების მისაღწევად“ - აღნიშნულია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის უსაფრთხოების კომიტეტის ლიდერების განცხადებაში.
სიახლეები
- ,,ველი კიდევ 3 წელს, 16 წელი მექნება სასჯელი - სერიულ მკვლელებს და პედოფილებს უსჯიან ამდენს"- მიხეილ სააკაშვილი
- ,,სხვას რომ ხმა ამოეღო, ჩემი შვილი არ მოკვდებოდა" - გიგა ავალიანის დედა პროკურატურის განცხადებას ეხმაურება
- ,,ჩვენი ქვეყანა ღიაა იმისათვის, რომ სუფთა ფურცლიდან მოხდეს საქართველოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობის დაწყება"- ზვიად შალამბერიძე
- ,,ჩვენი და ამერიკის თანხვედრა ღირებულებით ნაწილში, მსოფლმხედველობით ნაწილში, პოლიტიკურ ჭრილს ვგულისხმობ, ერთი-ერთში ემთხვევა”
- ,,როგორც ჩანს, ქალბატონმა ფონ დერ ლაიენმა, როგორც იქნა, რუკას დახედა და გაათვითცნობიერა ის, რომ საქართველო მართლაც საკვანძო ადგილზე იმყოფება” – ლევან მაჭავარიანი
