“საზოგადოებამ ისევ არ იცის სიმართლე, თუ რა მოხდა 12 წლის წინ” - მამუკა არეშიძე

“იმ მძიმე დღეებიდან გავიდა 12 წელი და ჩვენი უმთავრესი შეცდომა, რომელიც ყოველწლიურად უფრო და უფრო ძვირი გვიჯდება, ის არის, რომ ეს მოვლენები არც სამართლებრივად და არც მორალურად არ შეფასდა.

ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსია ისიც, რომ ჩვენმა საზოგადოებამ ისევ არ იცის სიმართლე მომხდარის თაობაზე. არ ვიცით, რა ხდებოდა ომის დროს, არც ის, რა იყო ომამდე თუ მის მერე - ვგულისხმობ, მაგალითად, 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებას, რომლის თაობაზე გამართულ მოლაპარაკებებში სწორედ სარკოზი იყო მთავარი ფიგურა. საზოგადოებამ კი არა, პარლამენტში მყოფი პოლიტიკოსების დიდმა ნაწილმაც არ იცის, რა წერია ამ შეთანხმებაში. არც ის არის გარკვეული, მართლაც არსებობს თუ არა დოკუმენტის ორი ვარიანტი, რომელთაგან ერთს მედვედევმა და სარკოზიმ მოაწერეს ხელი, მეორეს კი - სააკაშვილმა და სარკოზიმ" -  აცხადებს ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “საზოგადოებამ ისევ არ იცის სიმართლე, თუ რა მოხდა 12 წლის წინ” / “ბევრი ლაქაა იმ პერიოდის ქართულ ისტორიაში, რომლის გაშიფვრა და გაანალიზება არ მოინდომა შემდგომმა ხელისუფლებამ”.

 

“გარდა ამისა, ბევრი უპასუხო კითხვაა ამ შეთანხმების მე-6 პუნქტის თაობაზე, რომელიც გულისხმობდა ჩვენი რეგიონების სტატუსის გადაწყვეტას საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ. ცნობილია ასეთი ამბავიც, თითქოს ჩვენი დასავლელი პარტნიორების ნაწილი, მაგალითად, კაჩინსკი, სთხოვდა სააკაშვილს, არ მოეწერა ხელი ამ დოკუმენტზე, რათა მსოფლიო თანამეგობრობის თვალში ოკუპაცია დადასტურებულიყო იმ ფორმით, როგორიც სინამდვილეში იყო... მოკლედ, ბევრი უმნიშვნელოვანესი დეტალია, რომლებიც საზოგადოებამ არ იცის. ჩემთვისაც კი, ვინც წლებია, ვსწავლობ ამ საკითხებს, ბევრი რამ არის უცნობი. ჩვენი უზარმაზარი შეცდომაა, რომ ეს ყველაფერი არ შევაფასეთ, სიმართლე არ გავარკვიეთ და დამნაშავეებს თავისი არ მივუზღეთ. შორს ვარ იმ მოსაზრებისგან, რომ ქართულმა მხარემ დაიწყო ომი, მაგრამ ქართულმა მხარემ, სააკაშვილის მეთაურობით, კარგად იცოდა, რომ რუსეთი ომს აპირებდა, კრემლი ხაფანგს გვიგებდა. პუტინი ომისთვის 2006 წლიდან ემზადებოდა და მიუხედავად ამისა, შეგნებულად გაყვეს ხაფანგში თავი”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.

 

“ჩვენ ისიც კი არ ვიცით, ბორდერიზაციის თემა რაიმე კონკრეტულ დოკუმენტს ეყრდნობა, თუ ეს მხოლოდ რუსების თავნებობაა. ბევრი ლაქაა იმ პერიოდის ქართულ ისტორიაში, რომლის გაშიფვრა და გაანალიზება არ მოინდომა შემდგომმა ხელისუფლებამ, რაც ძალიან ცუდია. სარკოზის მემუარების რუსეთ-საქართველოს ომის ნაწილი ამ ვითარებაში არის დამატებითი ინფორმაცია და არა - მთავარი. სარკოზის ისეთი არაფერი უთქვამს, რაც ჩვენც არ ვიცოდით, მაგრამ ეს ცოდნა არის ზოგადი და ასეც დარჩება, თუ მომხდარს არ შევისწავლით და არ შევაფასებთ... “ნაციონალური მოძრაობა” ცდილობს დაამკვიდროს შეხედულება, რომ ომი 8 აგვისტოს კი არა, 7-ში დაიწყო. ეს ხდება, რათა გადაფარონ ტალიავინის დასკვნის მიხედვით ბრალდება, რომ ქართულმა მხარემ 8-ში გამთენიისას პირველმა დაიწყო საარტილერიო შეტევა და ჩვენი საზოგადოების ცნობიერებაში დაამკვიდრონ აზრი, რომ 7-ში შემოიჭრა რუსეთი და ეს იყო ამ შემოჭრაზე პასუხი. ვითომ თვითონ არაფერში იყვნენ დამნაშავეები! არადა, დამნაშავეები იყვნენ არა მხოლოდ იმაში, რომ საბაბი მისცეს მოწინააღმდეგეს, არამედ იმაშიც, რომ მიატოვეს მოსახლეობა და ჯარის ნაწილებიც. გახსოვთ, ალბათ, რა ბაკქანალია იყო... ” - განაგრძობს რესპონდენტი.

 

“დღევანდელობას რაც შეეხება ვფიქრობ, მიუხედავად იმისა, რომ ქართველ საზოგადოებაში ანტაგონიზმი ძალიან ღრმაა და ოპოზიციურ სპექტრს თავისი მხარდამჭერები ჰყავს, მაინც “ქართული ოცნება” გაიმარჯვებს. არა 40%-იანი და მეტი მხარდაჭერით, მაგრამ კოალიციის შექმნა არ გაუჭირდება, რადგან ვფიქრობ, ბევრი პატარა პარტია მოახერხებს საკანონმდებლო ორგანოში შესვლას, მათ შორის ისეთებიც, ვისაც “ქართული ოცნება” მეგობრად მიიჩნევს. რომ არ ვილაპარაკოთ ადმინისტრაციულ რესურსზე, ფინანსურ საშუალებებსა და სხვა შესაძლებლობებზე, კვლავ აქტუალურ თემად რჩება “ნაციონალური მოძრაობის” მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება, უფრო ძლიერი სხვა პოლიტიკური პარტია კი კვლავაც არ ჩანს. სამწუხაროდ, “ლელომ” ვერ შეძლო ე.წ. მესამე ძალად ქცევა...“ნაციონალებმა”, ალბათ, უნდა ჰკითხონ საკუთარ თავს, რა გააფუჭეს ასე ძალიან ქვეყანაში, რომ წლების მერეც საზოგადოების ერთი ნაწილი ფიქრობს, ოღონდ “ნაცები” არა და სხვა ვინც უნდა იყოსო. არის ელექტორატის ნაწილი, რომელიც ძალიან გაღიზიანებულია “ოცნების” მიმართ, მას არც “ქართული ოცნება” უნდა და არც “ნაციონალური მოძრაობა”, შესაბამისად, სწორედ ამ სპექტრის ამომრჩევლის ხმები განაწილდება პატარ-პატარა პარტიებზე. ეს მაძლევს საფუძველს, ვიფიქრო, რომ წვრილ-წვრილი პარტიები ბევრ ხმას მოაგროვებენ”, - მიიჩნევს ექსპერტი.

 

“ცხადად ჩანს, რომ დღეს ოპოზიციური პარტიები გამარჯვებაზე კი არ ფიქრობენ, არამედ იმაზე, ვინ იქნება არჩევნების შემდეგ პირველი ოპოზიციური ძალა. ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში პროცესები ისე მიმდინარეობდა, აშკარად ჩანდა, რომ “ნაციონალური მოძრაობისთვის” მთავარი მტერი “ქართული ოცნება” კი არ იყო, არამედ “ევროპული საქართველო”, რომლის დღევანდელმა ლიდერებმა, ფაქტობრივად, დაშალეს “ნაციონალური მოძრაობის” ძალიან სერიოზული წარმომადგენლობა პარლამენტში. მომავალ არჩევნებზეც ისინი იქნებიან ერთმანეთის კონკურენტები და ეს ლაპარაკი ოპოზიციის ერთიანობაზე იყო ბლეფი. ხომ ხედავთ, “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები უკვე იმას ამბობენ, ჩვენ მხოლოდ საარჩევნო კანონმდებლობის გამო ვიყავით გაერთიანებულიო, არადა, მანამდე სულ სხვას ლაპარაკობდნენ. სხვათა შორის, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის ცოლმა ისიც კი თქვა, ჩვენი მოწინააღმდეგე ორთავიანი გველეშაპია, რომლის ერთი თავი ბიძინაა, მეორე კი - მიშაო”, - ამბობს მამუკა არეშიძე.

 

“თითქმის ყველა არჩევნებზე “ქართული ოცნება” ცდილობდა, მთავარ კონკურენტად “ნაციონალური მოძრაობა” და მიხეილ სააკაშვილი წარმოეჩინა, რადგან ხედავდა მათ მიმართ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის უარყოფით დამოკიდებულებას, მაგრამ ობიექტურობა მოითხოვს, ითქვას, რომ მოსწონს თუ არა მიხეილ სააკაშვილი ვინმეს, ის ყველაზე მკაფიო და ძლიერი ფიგურაა მთელ ოპოზიციურ სპექტრში. ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია ის, როგორც პოლიტიკოსი, მაგრამ მისი ძლიერი მხარეების დაუნახაობა სიბეცე იქნებოდა. აქედან გამომდინარე, ის, როგორც საფრთხე ამ ხელისუფლებისთვის, ყველაზე რეალურია, მით უფრო, რომ მხოლოდ ელექტორატის ნაწილს კი არ აკონტროლებს საქართველოში, მას ასევე აქვს ძალიან კარგი ურთიერთობები საერთაშორისო ასპარეზზე, ბევრი ფული და ამასთანავე - ამ ყველაფრის გამოყენების ნიჭი. ეს ყველაფერი კარგად გამოჩნდა ბოლო ხანს კონგრესმენთა ნაწილის მოქმედებაში. მიხეილ სააკაშვილი ძალიან ეფექტიანად ამუშავებს ლობისტურ ჯგუფებს... რაც ხდება, ყველაფერი “ქართული ოცნების” ბრალია. მესმის, რომ თავის დროზე კონკრეტული სახის კოაბიტაცია აუცილებელი იყო, სხვა გამოსავალი არ ჰქონდათ, მაგრამ კოაბიტაციასაც გააჩნია - ამას ასეთი მახინჯი ფორმა არ უნდა მიეღო. ადამიანების დასჯაზე არ არის ლაპარაკი, აქ მნიშვნელოვანი იყო, ძალიან ბევრ საკითხს მოჰფენოდა ნათელი, მათ შორის - 2008 წლის ომს”, - დაასკვნის ექსპერტი.

 

“ნაბიჯები, რომელსაც საქართველოს მთავრობა გახარიას მეთაურობით კორონავირუსის საწინააღმდეგოდ დგამს, ძირითადად, სწორი და გააზრებულია, თუმცა არის შეცდომებიც. სოციალური დახმარება კარგია, მაგრამ ეს ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად საკმარისი არ იქნება. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია მძლავრი ეკონომიკური განვითარების პროგრამის დროულად შექმნა. ეს სოციალური პაკეტები ამ კრიზისს ვერ დასძლევს, ეს არის მხოლოდ კოსმეტიკური ღონისძიებები. კრიზისული ვითარებაა მსოფლიოში და საქართველოშიც. უნდა შევეგუოთ ამ ვითარებას. დღეს რამის არსებითად შეცვლას ვეღარ მოვახერხებთ, რადგან ამისთვის გუშინ უნდა დაგვეწყო ფიქრიც და საქმის კეთებაც, მაგრამ თუ უკეთესი ხვალინდელი დღე გვინდა, დღეს უნდა დავიწყოთ მოქმედება და წარმოების ამუშავებაზე ზრუნვა. ჩვენი ხელისუფლებების ბრალია, აქამდე რომ მივიდა ქვეყანა. არაფერი კეთდებოდა ინდუსტრიული დარგების განსავითარებლად და ტურიზმს ვიყავით ჩამოკიდებული, არადა, ჩვენ გვჭირდება მძლავრი ინდუსტრიული საწარმოები, რაც ადამიანთა სტაბილურად დასაქმების საშუალებას მოგვცემს და ეკონომიკასაც გააჯანსაღებს. საქართველოში არის ეკონომისტების სერიოზული ჯგუფი, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს. ხელისუფლებამ როგორც პანდემიისას გადადგა სწორი ნაბიჯი და დაუჯერა ამ საქმის პროფესიონალებს, ახლაც იგივე უნდა გააკეთოს და ჩინოვნიკ-ეკონომისტებს კი არ დაეყრდნოს მხოლოდ, არამედ - ექსპერტ-ეკონომისტებსაც. სულ ცოტა, მათი აზრი უნდა მოისმინოს მაინც”, - დასძენს არეშიძე.

წაკითხვა 1453 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.