“გახარიამ თავი დაიზღვია...” - გია ხუხაშვილი

“თუ მართლა გინდა ხალხს დაეხმარო, ანკესი უნდა მისცე და არა თევზი”, - ასე გამოეხმაურა ექსპერტი გია ხუხაშვილი მთავრობის ანტიკრიზისული სოციალური მხარდაჭერის მესამე ეტაპს.

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ანტიკრიზისული გეგმის მეორე ეტაპი, რომელიც თვითდასაქმებულების დახმარებას ითვალისწინებდა, დაიხურა და მთავრობა მოქალაქეების სოციალურ-ეკონომიკური დახმარების მესამე ეტაპს იწყებს”, - წერს გაზეთი “კვირის პალიტრა” გია ხუხაშვილთან ინტერვიუში, სათაურით „გახარიამ თავი დაიზღვია...“.

 

“ასეთ რთულ ვითარებაში მორალური უფლება არა გვაქვს ვთქვათ, ხალხს არ უნდა დავეხმაროთო. უნდა დავეხმაროთ, მაგრამ იმაზეც უნდა ვილაპარაკოთ, რატომ მივედით ასეთ მძიმე ვითარებამდე. სამწუხაროდ, ჩვენთან ეკონომიკური კრიზისი მხოლოდ პანდემიით არ არის განპირობებული. ჩვენი ხელისუფლება ხალხს თევზს უყრის, ანკესს კი არ აძლევს. კაცს სამუშაო უნდა მისცე, ღირსეული შემოსავალი გაუჩინო. ის მერე ხელისუფლებაზე უკეთ გადაწყვეტს, რა სჭირდება. დღეს მიცემულ თევზს რომ შეჭამენ და ხვალ ისევ მოშივდებათ, რა ქნან? ხელისუფლება რეფორმების გატარებისთვის, გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარებისთვის არაფერს აკეთებს. რაც მთავარია, სოციალური პაკეტები უკავშირდება პოლიტიკურ დღის წესრიგს, ათასგვარი მანიპულაციისა და პოლიტიკური კამათის საფუძველია და ისევ არასტაბილურ ვითარებას ვიღებთ. ერთჯერადი დახმარებებიც რაზეა გათვლილი? - მოდი, ახლა რაღაც მივცეთ და მერე ან ვირი მოკვდება, ან ვირის პატრონიო”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

 

“ეკონომიკის მოდერნიზაციისთვის ხედვა არა აქვთ, არც აინტერესებთ, ჰქონდეთ. ერთადერთი გამოსავალი რეალობისთვის თვალის გასწორებაა, ეკონომიკაში პრიორიტეტების რადიკალური ცვლილება და რეალური სექტორის აგრესიული სტიმულირება. იცით, ჩვენი მთავარი პრობლემა რა არის? დღემდე მომხმარებელი ქვეყანა ვართ, მათ შორის კვების პროდუქტებისაც. რუსული და თურქული პროდუქტით სავსეა ქართული ბაზარი. დაახლოებით მილიარდი დოლარის პროდუქტს ვყიდულობთ უცხოეთში. წარმოიდგინეთ, ამ ღირებულების პროდუქტი საქართველოში რომ იწარმოებოდეს, რამდენად იხეირებდა ქვეყანა, რამდენი კაცი დასაქმდებოდა, რამდენად სტაბილური ეკონომიკა გვექნებოდა. ჩვენ ამ სექტორის განვითარება მხოლოდ ეკონომიკური განვითარებისთვის კი არა, უპირველესად სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გვჭირდება. პანდემიის გამო ქვეყნის დაკეტვა რომ გახდეს საჭირო, რასაც ვჭამთ და ყოველდღიურად მოვიხმართ, იმის წარმოება მაინც ხომ უნდა შეგვეძლოს?!” - მიიჩნევს ექსპერტი.

 

“მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციებთან დადებული ხელშეკრულებები და ვალდებულებები ეს იყო წინა ხელისუფლების მანკიერი პოლიტიკა, რომელიც ამ ხელისუფლებამ განაგრძო. რა თქმა უნდა, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციების წინაშე აღებულ ვალდებულებებს მარტივად თავს ვერ დავაღწევთ, მაგრამ სახელმწიფო ინტერესი უნდა დადგეს ყველაზე მაღლა და მოლაპარაკება ვაწარმოოთ, თუნდაც გარდამავალ პერიოდზე. უნდა ვთქვათ, რომ საჭიროა კორექცია, რომ პროტექციონისტული პოლიტიკა ახლა აუცილებელია. ასე იქცევა თითქმის ყველა ქვეყანა. ხალხს სულაც არ სჭირდება მათხოვრობა და სოციალური დახმარების პაკეტები, მას სამუშაო სჭირდება. ეს კარგად იცის ამ ხელისუფლებამ, მაგრამ მას ხელს არ აძლევს ფინანსურად დამოუკიდებელი ამომრჩეველი. ის უფრო მოსწონს, როცა წინასაარჩევნოდ 200 ლარად შეგიძლია ამომრჩევლის ყიდვა”, - დაასკვნის რესპონდენტი. “ოპოზიცია ერთი მხრივ, ამბობს, რომ დახმარების პაკეტით ხელისუფლება წინასაარჩევნოდ ხალხის მოსყიდვას ცდილობს, მეორე მხრივ კი, დახმარებები უნდა გაორმაგდესო. მოსახლეობაში ურთიერთსაწინააღმდეგო გზავნილების გაშვება არა მგონია ხელს აძლევდეთ. ხელისუფლებას ახლა ნამდვილად არა აქვს იმის საშუალება, რომ დიდი თანხები ჩადოს სოციალურ პაკეტებში. მეტსაც გეტყვით, ჯობდა ეს თანხები ეკონომიკის განვითარებას მოხმარებოდა. დახმარებას, თუნდაც ის პოლიტიკურად იყოს მოტივირებული, მივესალმები, თუმცა, როდესაც ბაზარზე დიდი თანხა გამოდის და ეს არ არის გამაგრებული ეკონომიკური ზრდით, იწყება ინფლაციური პროცესები - ანუ ის მოქალაქე, ვისაც დღეს დაეხმარებიან, ხვალ უფრო გაღარიბდება, მომავალ წელს უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩავარდება”, - დასძენს გია ხუხაშვილი და შეკითხვაზე - “როდესაც პრემიერმა გვითხრა, რომ წინ ღრმა ეკონომიკური კრიზისი გველის, თქვენი ვერსიით, ის გულწრფელი იყო, თუ ამომრჩეველი შეაშინა?” - პასუხობს:

 

“თავი დაიზღვია, თუ სოციალური აფეთქება დაიწყება, სათქმელი ექნება, ხომ გაგაფრთხილეთო”.

წაკითხვა 488 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.