“ნაცმოძრაობა” “ევროპული საქართველოს” წინააღმდეგ - რატომ გამოიწვია ბაქრაძის განცხადებამ ახალი დაპირისპირება
“ბოლო პერიოდში “ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო” ისევ გაემიჯნენ ერთმანეთს.
ისინი ბაქრაძის განცხადებამდეც უკვე ოპონირების რეჟიმში იყვნენ და შესაბამისად, როგორც ერთმანეთის კონკურენტებისთვის, მსგავსი მიზეზები უფრო კრიტიკული შეფასების გაკეთების საფუძველია”, - ასე აფასებს “რეზონასთან” საუბრისას ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, “ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” ახალ დაპირისპირებას. პარტიებს შორის მორიგი დაპირისპირების მზეზი “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის დავით ბაქრაძის მიერ, “რუსთავი 2”-ის ეთერში გაკეთებული განცხადება გახდა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ნაცმოძრაობა” “ევროპული საქართველოს” წინააღმდეგ - რატომ გამოიწვია ბაქრაძის განცხადებამ ახალი დაპირისპირება.
“ბაქრაძემ განაცხადა, რომ თუ 2020 წლის არჩევნებში ოპოზიციამ გაიმარჯვა და კოალიციური მთავრობა შეიქმნა, ვერც მიხეილ სააკაშვილი, ვერც ზურაბ ადეიშვილი და ვერც ვანო მერაბიშვილი არათუ პრემიერ-მინისტრებად, არამედ ზოგადად მთავრობაშიც ვერ მოვლენ. ეს განცხადება “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ პარტიაზე თავდასხმად შეაფასა, რაც, მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის ინტერესებში შედის. გამზარდია მიიჩნევს, რომ ეს დაპირისპირება შესაძლოა სერიოზული არ იყოს, რადგან მანამდე მსგავსი ფაქტები ბევრიც ყოფილა, ხოლო შემდეგ კი, მისი თქმით, ეს პრო პარტია ისევ მოკავშირეებად გვინახავს”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ვფიქრობ, რომ დავით ბაქრაძემ ეს განცხადება უფრო უხერხულობის გამო გააკეთა, მე თვალყური მივადევნე და თავად ჟურნალისტმა ისე წაიყვანა საუბარი, რომ ამ მომენტში რაღაცა სხვა რამის მოფიქრება ალბათ ძალიან ძნელი იყო. თუმცა, მეორეს მხრივ, კოალიციური მთავრობა რომც შედგეს, ადეიშვილიც დევნაშია და სააკაშვილიც და ისედაც სულ რომ სხვა კონტექსტით ელაპარაკა, მაინც შეუძლებელია ეს განიხილებოდეს. მაგრამ აქ ალბათ მნიშვნელოვანი ამის პოლიტიკური ფაქტორია, რაც “ნაცმოძრაობისთვის” მიუღებელია. ბოლო პერიოდში “ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო” ისევ გაემიჯნენ ერთმანეთს. ისინი ბაქრაძის განცხადებამდეც ოპონირების რეჟიმში იყვნენ და შესაბამისად, როგორც ერთმანეთის კონკურენტებისთვის მსგავსი მიზეზები უფრო კრიტიკული შეფასების გაკეთების საფუძველია. საერთო ჯამში, “ევროპული საქართველო” “ნაცმოძრაობას” ელექტორატის რაღაც ნაწილს მაინც ართმევს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას არჩილ გამზარდია.
“ნაცმოძრაობას” არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ელექტორატის რაღაც რაოდენობა დათმოს. ამიტომ ყველაფერს გააკეთებენ საიმისოდ, რომ “ევროპული საქართველოს” ელექტორატიდანაც ამომრჩეველი მაქსიმალურად თავის სასარგებლოდ წაიყვანონ. ეს საერთოდ ნორმალური პროცესია. უბრალოდ, ჩვენთან პოლიტიკური ოპონირება ცოტა უხეში ფორმებით ხდება ხოლმე, ჩვენთან პოლიტიკური კონკურენცია ძალიან პირობითი ცნებაა. ოპოზიცია სხვა მიზეზებთან ერთად ცოტა უცნაურ მდგომარეობაში იმიტომაცაა, რომ ერთის მხრივ, მოკავშირეებიც არიან ხოლმე და მეორეს მხრივ კონკურენტებიც და პარტიებს უჭირთ ზღვარის გავლება. ჩვენთან არის ხოლმე კონკრეტული მიზეზები, რომლებიც პარტიების ან აერთიანებს, ან აპირისპირებს. რომ დავაკვირდეთ ბოლო პერიოდში “ევროპული საქართველოსა” და “ნაცმოძრაობის” მოკავშირეებად ქცევისთვის რა ფაქტორები მოქმედებდნენ, ვნახავთ, რომ როგორც კი ტალღა ხელისუფლების წინააღმდეგ მძლავრად დაიძვცრებოდა ხოლმე, ისინი კვლავ მოკავშირეებად ჩნდებოდნენ, როგორც კი შიდა წინააღმდეგობები მინიმუმამდე მცირდებოდა, ისინი ისევ თავიანთ გზას უბრუნდებოდნენ. არჩევნებამდე თუკი ისეთი რაიმე ფაქტორი წარმოიქმნება, რამაც შესაძლოა ზოგადად ოპოზიციის ძირითადი ნაწილის აქტივობები ერთმანეთთან მიმართებაში ერთ სიბრტყეში გადაიტანოს, მაშინ მათი ისევ მოკავშირეებად ქცევა გასაკვირი არ იქნება” - მიიჩნევს ანალიტიკოსი.
“თუ ოპოზიცია ერთიან როლში გამოდის, ამ შემთხვევაში დაპირისპირებები სასურველი არაა. მაგრამ როგორც კი ოპოზიცია ცდილობს, რომ ინდივიდუალური პოზიციონირება მიახდინოს, მაშინ ზოგიერთ შემთხვევაში ასეთ დაპირისპირებებს შესაძლოა თავის დადებითი მხარეც ჰქონდეს. თუკი “ნაცმოძრაობა” (წინასაარჩევნოდ) დღის წესრიგს შექმნის, ამ შემთხევაში ასეთი სახის დაპირისპირებები ოპოზიციისთვის ნეგატიურად იმოქმედებს. ამიტომ ეს ყველაფერი ახლა უკვე დაპირისპირების შეფუთვაზეა დამოკიდებული, ამ დაპირისპირებას რომელი რომლის საწინააღმდეგოდ უფრო ეფექტურად შეფუთავს”, - დასძენს გამზარდია.
სიახლეები
- ,,რატომ მივაფუჩეჩეთ და დავივიწყეთ ეს ფაქტი, რომ ამათ მომწამლეს მე?"- მიხეილ სააკაშვილი
- საია დემონსტრანტების წინააღმდეგ სისხლის სამართლის მექანიზმების გამოყენებას აფასებს
- ,,იფიქრეს, ნამეტანი არ გავამართლოთ ფაშისტობაო და ეს ქალი დამახვედრეს" - მამუკა მდინარაძე
- ,,დიდი პატივისცემითა და სიყვარულით ვულოცავ ილია მეორეს აღსაყდრებიდან 47-ე წლისთავს"- ბიძინა ივანიშვილი
- ჩრდილოეთ ოსეთის მეთაურმა ვლადიკავკაზის სავაჭრო ცენტრში გაზის აფეთქება გამორიცხა