“ოცნება“ ფიქრობს 52% გაიფორმოს და იმედი აქვს, რომ ამაზე ამერიკას მწვავე რეაქცია არ ექნება” - ხათუნა ლაგაზიძე
“საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” (IRI) და ორგანიზაცია Survation-ის კვლევებში პირველი, რაც თვალში საცემია, არის “ოცნების” რეიტინგის არსებითი განსხვავება.
ოპოზიციური პარტიების რეიტინგებშიც არის სხვაობა, მაგრამ არცთუ მნიშვნელოვანი. როდესაც ამ შეუსაბამობის გამო კითხვები დაისვა გაირკვა, რომ სხვაობის მიზეზი დათვლის წესი იყო - ანუ როდესაც ორი დღის შუალედით გამოქვეყნებულმა, პრინციპულად განსხვავებულმა შედეგებმა ხმაური გამოიწვია, ბრიტანულმა ორგანიზაციამ განმარტა, რაში იყო საქმე, მაგრამ ეს განმარტება გასაგებია მხოლოდ სპეციალისტებისთვის, ამომრჩევლის უდიდესი ნაწილი კი არც დაინტერესდებოდა, რაზე იყო ლაპარაკი - მათ მეხსიერებაში უკვე დაილექა მცდარი ციფრი!” - აცხადებს ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ხათუნა ლაგაზიძე: “ოცნება“ ფიქრობს 52% გაიფორმოს და იმედი აქვს, რომ ამაზე ამერიკას მწვავე რეაქცია არ ექნება”.
“ორივე კომპანიის შედეგებით რომ ვიმსჯელოთ, “ქართული ოცნების” რეიტინგი 30-33%-ის ფარგლებში მერყეობს. ეს მეტყველებს კოალიციური მთავრობის შექმნის გარდაუვალობაზე. ძალიან ბევრი წყარო ადასტურებს, რომ ამერიკელები აქტიურად მუშაობენ საქართველოს ხელისუფლებასთან, რათა კვლევებით დადასტურებული რეალობა არჩევნების შედეგებზე აისახოს, ანუ არჩევნები არ გაყალბდეს და შედგეს კოალიციური მთავრობა. ამერიკელებისთვის ყველაზე რეალური სცენარი და პროგრამა მინიმუმია “ოცნების” ერთპიროვნული მმართველობის შეზღუდვა და მისი ხელისუფლების განაწილება პროდასავლურ ძალებზე, რითიც თავიდან აიცილებენ საქართველოს სახით სტრატეგიული პარტნიორის დაკარგვას და საქართველოზე რუსული გავლენის სრულად გაფორმებას. ამერიკას რეგიონში თურქეთი კი ეგულება სტრატეგიულ პარტნიორად, მაგრამ ის, თავისი გეოპოლიტიკური ამბიციებიდან გამომდინარე, რთული პარტნიორია. საქართველო ვაშინგტონისთვის რეგიონში პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებიდან ბოლო დემოკრატიული საყრდენია," - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ხათუნა ლაგაზიძე.
“ახლა ვნახოთ, რა გვითხრა “ოცნებამ” თავისი 52%-ით. ეს მხოლოდ ქართველი ამომრჩევლისთვის გადაგდებული ციფრი კი არა, აშშ-ისთვის გამიზნული მესიჯიც გახლდათ - `ოცნება~ ამერიკას ეუბნება, მე ვაპირებ დავიწერო მინიმუმ 52% და ახლა დაველოდები შენს რეაქციასო... როგორც ვიცი, “ოცნებაში” განიხილება ერთ-ერთი ასეთი ვერსია - არჩევნები გადაიდოს ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებამდე. “ოცნება” ფიქრობს, ტრამპის პრეზიდენტად დარჩენის შემთხვევაში 52%, ანუ ერთპიროვნული მმართველობა გაიფორმოს და იმედი აქვს, რომ ამაზე ამერიკას მწვავე რეაქცია არ ექნება. თუ ბაიდენი გაიმარჯვებს, იძულებული იქნება, მინიმუმ კოალიციას დასთანხმდეს”, - დაასკვნის რესპონდენტი.
“რაც შეეხება კოალიციურ მმართველობას, მოდი, სამ კატეგორიად დავყოთ პოლიტიკური სპექტრი: 1. ვისთან სურს “ოცნებას” კოალიციის გაფორმება; 2. ვისთან შეუძლია; და 3. ვისთანაც არ სურს, მაგრამ შესაძლოა იძულებული გახდეს. “ოცნებისთვის” იდეოლოგიურად ყველაზე კომფორტული იქნება კოალიციის გაფორმება “პატრიოტთა ალიანსთან” ან “ქართულ მარშთან”, მაგრამ ეს ამერიკისთვის, ფაქტობრივად, ომის გამოცხადებას ნიშნავს. გაცილებით ფართო სპექტრია იმ პოლიტიკური ძალებისა, ვისთანაც შეიძლება კოალიციის შექმნა ამერიკის გაღიზიანების გარეშე - ვგულისხმობ იმ ძალებს, ვინც ამერიკისთვის მიუღებელი არ არის, მაგალითად, “ლელო”, ელისაშვილის პარტია, ასევე ის სატელიტი პარტიები, რომლებიც “ოცნებამ” საპარლამენტო უმრავლესობიდან წამოსული ხალხისგან შექმნა. ასეთი უკვე იმდენია, სათვალავიც კი ამერია. მესამე კატეგორიაში შეგვიძლია დავასახელოთ “ევროპული საქართველო”, რომელიც, როგორც კოალიციის წევრი, ამერიკისა და ევროპისთვის იქნება მომავალი სამთავრობო კოალიციის პროდასავლურობის გარანტი”, - განაგრძობს ექსპერტი.
“თუმცა, “ევროპულ საქართველოსთან” კოალიცია “ოცნების” ამომრჩევლისთვის უკიდურესად მძიმედ მისაღები იქნება - ყველასთვის თვალსაჩინო გახდება, რომ ამით, ფაქტობრივად, დაიწყება ხელისუფლების გადაბარების პროცესი, რასაც შედეგად მოჰყვება “ოცნებიდან” აქტივისტების, წევრების თუ სახელმწიფო მოხელეების მასობრივი გადინება ოპოზიციურ სპექტრში ახალი პატრონის ძიების მიზნით. არ დაგვავიწყდეს, რომ 2021-ში გვაქვს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომელიც ფლანგებმორღვეული “ოცნებისთვის” შეიძლება საბედისწეროც აღმოჩნდეს და დიდ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში ოპოზიციისთვის ხელისუფლების გადაბარება-დათმობით, ანუ “ოცნების” დამარცხებით დასრულდეს. თუ ყველაფერი ასე მოხდა და “ევროპულ საქართველოს” ამერიკა-ევროპის მხრიდან პროდასავლური კურსის გარანტორის როლი დაეკისრა, მაშინ უახლოესი ორი-სამი წლის განმავლობაში ხელისუფლების ხავერდოვანი გადაბარების მომსწრე გავხდებით, თუმცა არსებობს მოვლენათა განვითარების მეორე ვერსიაც იმ შემთხვევაში, თუ არჩევნების შედეგად სამთავრობო კოალიციის დაკომპლექტება წილად “ნაციონალებს” ერგებათ - ეს ვერსია იმაზეა დამოკიდებული, შეძლებს თუ არა “ნაციონალური მოძრაობა” იმ პროცენტული სხვაობის ამოვსებას, რომელიც კვლევების მიხედვით “ქართულ ოცნებას” აშორებს” - მიიჩნევს ხათუნა ლაგაზიძე.
“ახლანდელი მოცემულობით, “ნაციონალური მოძრაობის” სავარაუდო პლუს-მინუს 25% და ის პროცენტები, რაც სხვა ოპოზიციურ პარტიებზე ნაწილდება, მასაც აძლევს კოალიციის შექმნის საშუალებას, ანუ იმ შემთხვევაშიც კი, თუ “ოცნება” პირველ ადგილზე გავა, მაგრამ კოალიციის ფორმირებაზე მოლაპარაკებას ვერ შეძლებს ვერც ერთ ოპოზიციურ პარტიასთან, მაშინ “ნაცმოძრაობას” ეძლევა საშუალება, შეკრიბოს საპარლამენტო უმრავლესობა და ჩამოაყალიბოს კოალიციური მთავრობა... “ნაციონალებისთვის” სასიცოცხლოდ აუცილებელია, “ამოქაჩონ” თავიანთი რეიტინგი და დაანგრიონ “ოცნების” ახლანდელი რეიტინგი, რომ მომავალი მთავრობის დაკომპლექტების საშუალება ჰქონდეთ. სხვა თემაა, რომ სააკაშვილის პრემიერობის საკითხი “ოცნებას” საშუალებას მისცემს, თქვას, სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნების საფრთხე რეალურია და მოდი, კვლავ ამ საფრთხის წინააღმდეგ გავერთიანდეთო. ამით “ოცნება” ისევ ორპოლუსიანი გარემოს შექმნას შეეცდება” - დასძენს ლაგაზიძე და შეკითხვაზე - “ეს ფორმულა ისევ გაამართლებს?” - პასუხობს:
“ვერა. ხალხი უკვე ძალიან დაიღალა ამ ფორმულით. ეს უნდა გახდეს 2012 წლის შემდეგ პირველი არჩევნები, როდესაც “ოცნება” ვეღარ აიღებს “ნაციონალებით” დაშინებული ამომრჩევლის ხმებს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ დღეს არსებობს უამრავი პარტია, რომელთათვისაც ხმის მიცემა შეუძლია მათ, ვისაც “ნაციონალების”დაბრუნება არ სურთ ან მათი დაბალანსების მომხრეა და ეს იმ პირობებში, როცა 3-5%-იან პარტიასაც კი აქვს შანსი, გახდეს სახელისუფლებო კოალიციის წევრი”.
სიახლეები
- ,,რატომ მივაფუჩეჩეთ და დავივიწყეთ ეს ფაქტი, რომ ამათ მომწამლეს მე?"- მიხეილ სააკაშვილი
- საია დემონსტრანტების წინააღმდეგ სისხლის სამართლის მექანიზმების გამოყენებას აფასებს
- ,,იფიქრეს, ნამეტანი არ გავამართლოთ ფაშისტობაო და ეს ქალი დამახვედრეს" - მამუკა მდინარაძე
- ,,დიდი პატივისცემითა და სიყვარულით ვულოცავ ილია მეორეს აღსაყდრებიდან 47-ე წლისთავს"- ბიძინა ივანიშვილი
- ჩრდილოეთ ოსეთის მეთაურმა ვლადიკავკაზის სავაჭრო ცენტრში გაზის აფეთქება გამორიცხა