“ჯერ უნდა მოვიშოროთ „ნაცმოძრაობა”, მერე ბიძინა” - კახა კუკავა
“არჩევნებამდე პერიოდში სიახლე არ გვექნება, საინტერესო პროცესები დაიწყება არჩევნების შემდეგ, რასაც ჰქვია ახალი პოლიტიკური ცენტრის ფორმირება.
მომავალ პარლამენტში უნდა შეიქმნას კოალიციური ერთობა, რომელიც გახდება ხელისუფლების ალტერნატივა, ეს იქნება თვისობრივად ახალი რეალობა”, - აცხადებს, პარტია “თავისუფალი საქართველოს” ლიდერი კახა კუკავა წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით საუბრისას”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ჯერ უნდა მოვიშოროთ „ნაცმოძრაობა”, მერე ბიძინა” - რატომ ფიქრობს კუკავა, რომ “ნაციონალებმა” ბოლო შანსი გაუშვეს.
“ნაციონალური მოძრაობა” კიდევ ერთი ახალი დეკლარაციის ხელმოწერის ინიციატივით გამოდის, რომლის თანხმადაც ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა პირობა უნდა დადონ, რომ მომავალ პარლამენტში არ შექმნიან კოალიციას “ქართულ ოცნებასთან”. “ნაციონალური მოძრაობა” რამდენადაც არ უნდა ეცადოს, ვერ აიღებს პირველ ადგილს, მან გაუშვა თავისი ბოლო შანსი, ის ვერ ჩამოყალიბდა ხელისუფლების ალტერნატივად. “ქართული ოცნება” არის იმ პოზიციაში, რომ ამომრჩეველს ეუბნება, მართალია, მე ვერაფერს ახალს ვერ გთავაზობთ, მაგრამ სხვები უარესია, მოვლენ “ნაცები” და დედას გიტირებენო, რაც რეალობასთან ახლოსაა, რადგან სააკაშვილი ყოველდღე ამბობს, რომ ისევ იქნება ერთპარტიული სისტემა და ოპონენტებს ჩაყრიან ციხეში”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კახა კუკავა.
“ევროპული საქართველოს” წინასაარჩევნო კამპანია უშინაარსო და ყალბია, ისინი ყიდიან კამფეტების “ფანტიკებს”. იგივე შეიძლება ითქვას “ლელოზეც”, მათი წინასაარჩევნო კამპანია აბსოლუტურად უშინაარსოა და არავინ ხმას არ მისცემს, თუ ამ პარტიის წევრი არ არის. ასე რომ, არჩევნების პერიოდში სიახლე არ გვექნება. სუსტები დაიღუპებიან და დაახლოებით 10 პარტია შევა მომავალ პარლამენტში, სადაც გაირკვევა, ვის რამდენი ტყვია აქვს ვაზნაში. საინტერესო პროცესები დაიწყება არჩევნების შემდეგ, რასაც ჰქვია ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნა. ჩვენი მიზანია, პარლამენტში შეიქმნას კოალიციური ერთობა, რომელსაც უნდა ჰქონდეს თანამშრომლობის უნარი და შეუძლია ქვეყნის მართვა, ანუ გახდეს ხელისუფლების ალტერნატივა. ეს იქნება თვისობრივად ახალი რეალობა”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“დღეს ამომრჩეველი ვერ ხედავს ვინ არის მთავრობის ალტერნატივა, ამიტომ მერყევი ამომრჩეველი არჩევნების პირველ ტურში ისევ სახლში დარჩება, მეორე ტურში თუ მოვიდა, რევანშის შიშით ისევთ “ოცნებას” მისცემს ხმას. ოპოზიციაში რომ აცხადებენ, ჯერ ბიძინა მოვიშოროთ და მერე ვილაპარკოთო. მე სულ ვამბობ, რომ ჯერ უნდა მოვიშოროთ “ნაციონალური მოძრაობა” და მერე ბიძინა. ისევ მათ მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევები ადასტურებს, რომ დღეს ივანიშვილი სააკაშვილს 10:0-ს უგებს, მერე რა მოხდება არ ვიცი, თუ ბიძინამ ბავშვების ჭამა დაიწყო და მიშას ანგელოზის ფრთები ამოუვა," - დასძენს კახა კუკავა.
სიახლეები
- ,,რატომ მივაფუჩეჩეთ და დავივიწყეთ ეს ფაქტი, რომ ამათ მომწამლეს მე?"- მიხეილ სააკაშვილი
- საია დემონსტრანტების წინააღმდეგ სისხლის სამართლის მექანიზმების გამოყენებას აფასებს
- ,,იფიქრეს, ნამეტანი არ გავამართლოთ ფაშისტობაო და ეს ქალი დამახვედრეს" - მამუკა მდინარაძე
- ,,დიდი პატივისცემითა და სიყვარულით ვულოცავ ილია მეორეს აღსაყდრებიდან 47-ე წლისთავს"- ბიძინა ივანიშვილი
- ჩრდილოეთ ოსეთის მეთაურმა ვლადიკავკაზის სავაჭრო ცენტრში გაზის აფეთქება გამორიცხა