რატომ არ ურჩევს ხუხაშვილი პარტიებს ოპოზიციის დეკლარაციაზე ხელის მოწერას

“ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი “რეზონანსთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ოპოზიციის აქტიურობა მხოლოდ წინასაარჩევნო შარიშურია და არა აქვს იმედი, რომ საბოლოოდ მათ მიერ დადებული შეთანხმებები და ხელმოწერები მათივე მხრიდან არ დაირღვევა.

ფიქრობს, რომ ამის ძალიან ბევრი ისტორიული გამოცდილება გვაქვს და ამ ქმედებებით “ნაციონალური მოძრაობა” მხოლოდ პირადი ინტერესებით მოქმედებს. ანალიტიკოსი ვარაუდობს, რომ ისინი წინასაარჩევნოდ გარკვეული კოალიციის შექმნის იმიტაციას ცდილობენ. ხოლო ვინც ამ დეკლარაციას ხელს არ მოაწერს, შემდგომ მათი დაბულინგება მოხდება, რომ “ოცნების” მიერ არიან ნაყიდები”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რატომ არ ურჩევს ხუხაშვილი პარტიებს ოპოზიციის დეკლარაციაზე ხელის მოწერას.

 

“მიმაჩნია, რომ დეკლარაცია, რომელზეც 30-მდე პარტიამ ხელი მოაწერა და რომლის მიხედვითაც ოპოზიცია ერთმანეთის ხმების დაცვის პირობას დებს, არის გარკვეული იმიტაცია რაღაც პროცესის და ამის უკან რაიმე რეალურს ვერ ვხედავ. ამ მხრივ საკმაოდ მწარე გამოცდილება გვაქვს. პარტიები მაინც თავის ტყავზე ზრუნავენ-ხოლმე და საბოლოოდ არც ერთი შეთანხმება არ სრულდება. ეს უბრალოდ იმაზე ხაზგასმაა, რომ ხელისუფლება რაღაცა საშინელებას აპირებს, ესენი კიდევ დადგებიან და ამ ხმებს დაიცავენ. მთავარია იმას მიხედონ, რალურად დასაცავი მართლა რამე ჰქონდეთ. თუმცა ამ შარიშურით, მგონია არც არაფერი არ ხდება... ხმების დაცვა ყველას პრეროგატივაა. “ნაციონალები”, რა თქმა უნდა, ამით რაღაცა კონტექსტებს ატრიალებენ. ეს პარტია თავის იმიჯს არ იცვლის. უნდათ, რომ სამყარო მხოლოდ მათ ორბიტაზე ტრიალებდეს. ალიანსების და კოალიციების შექმნა რომ უნდოდეთ, რაღა უშავდა. ესეც კი არ უნდათ. მათ უნდათ, რომ მხოლოდ ისინი იყვნენ და მერე სხვა დანარჩენი. ასე რეალურ ცხოვრებაში არ ხდება. არჩევნებამდე არანაირი კავშირები და კოალიციები არ იქმნება. ეს მხოლოდ შარიშური და იმიტაცია იქნება. არჩევნების შემდეგ კი გამოჩნდება ვინ რა შეთანხმებაზე მოაწერა ხელი და რას ასრულებს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

 

“რაც შეეხება მეორე დეკლარაციას “ოცნებასთან” კოალიცია არშექმნაზე, ეს არის პოლიტიკური ტრიუკი, მარტო ბიძინამ კი არ იცის ტრიუკების კეთება, მიშამაც იცის. გასაგებია, რომ მათი ინტერესია ლუსტრირება მოხდეს ვიღაც პარტიების და მათით სპეკულირება დაიწყონ, რომ ისინი ივანიშვილის მიერ არიან მოსყიდულები. ამისთვის კეთდება ეს ყველაფერი. სინამდვილეში არც ერთ პარტიას ამ დეკლარაციაზე ხელმოწერას არ ვურჩევდი. მარტივი მიზეზის გამო, როდესაც მცირე პარტია ვარ და ორი დიდი პოლიტიკური ცენტრი არსებობს, რომელთათვისაც შესაძლოა ხელისუფლების ფორმირებისთვის ოქროს გასაღები გავხდე, წინასწარ ამის თქმა არა თუ არ მჭირდება, არამედ პოლიტიკურად არაჯანსაღი იქნება. პატარა პარტიებს შეუძლია ამ ოქროს გასაღებით ორივე მხარეს პოლიტიკურად ევაჭროს. ამას დადებით კონტექსტში ვამბობ. მათ ადგილას, ვინც დადებით პირობებს შემომთავაზებს, იმასთან ვითანამშრომლებდი. ახლავე გამოაცხადონ ვისთან შექმნიან კოალიციას და ვისთან არა, ამ სიტუაციაში პოლიტიკური სიბრიყვე იქნება”, - განმარტავს ანალიტიკოსი.

 

“თუმცა “ნაციონალური მოძრაობის” ინტერესი გასაგებია. ეს არის ძალიან იაფფასიანი თამაში და ნორმალურმა პოლიტიკოსმა ეს არ უნდა ჭამოს... ვიღაცა ჩაერთვება და ვიღაცა არა. “ნაციონალური მოძრაობა” წინასწარ ცდილობს ასეთი ირიბი ფორმით კოალიციის ფორმირება მოახდინოს. ეს დეკლარაცია და მსგავსი შეთანხმება დასავლეთისთვისაც ძალიან უცნაური გზავნილია. ამიტომ, ამას არც ისინი ჭამენ”, - დასძენს ხუხაშვილი და შეკითხვაზე - “ხომ არ ფიქრობთ, რომ თავის მხრივ კულუარულად მოლაპარაკებებს ოპოზიციის ნაწილთან ბიძინა ივანიშვილი ცდილობს და სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც ასეთი დეკლარაციის შექმნა გადაწყდა?” - პასუხობს:

 

“არ მგონია და ავხსნი რატომაც. ჯერ ერთი, “ქართული ოცნება” დღეის მდგომარეობით საკმაოდ ძლიერად არის წარმოდგენილი. ბიძინა ივანიშვილს ურჩევნია კონკრეტულ პროდუქტში ბოლო მომენტში გადაიხადოს. ვინც დაადასტურებს, რომ რაღაცის თავი აქვს და რაღაცას მიიღებს, ეს მერე იყიდის. შესაძლოა ძვირი დაუჯდეს, მაგრამ, როგორც ამბობენ ივანიშვილს ბევრი ფული აქვს”.

წაკითხვა 517 ჯერ განახლდა განახლდა აგვისტო 27 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.