კიბერთავდასხმა ლუგარის ლაბორატორიაზე - “ეს დივერსიისთვის მომზადებას ჰგავს და მგონია რაღაცა უფრო ცუდს აპირებენ”
“კიბერშეტევა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროზე, რომლის უკანაც კიბერ უსაფრთხოების სპეციალისტი და ანალიტიკოსი რუსული სპეცსამსახურების კვალს ხედავენ.
მათი თქმით, ეს არის გარკვეული მზადება რაღაც უფრო დიდი დივერსიისთვის და არ გამორიცხავენ, რომ წინასაარჩევნოდ მსგავსი თავდასხმები უფრო გახშირდეს. რა წაიღეს ჰაკერებმა და რაში სჭირდებათ ლაბორატორიიდან მოპარული ინფორმაცია? - სპეციალისტები ამბობენ, რომ ამ მასალებიდან ფეიკ ინფორმაციას გააკეთებენ, რომელსაც სხვადასხვა საიტებზე განათავსებენ და დაიწყებენ იმის მტკიცებას, რომ საქართველო მომწამვლელ ნივთიერებებს ქმნის”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით კიბერთავდასხმა ლუგარის ლაბორატორიაზე - “ეს დივერსიისთვის მომზადებას ჰგავს და მგონია რაღაცა უფრო ცუდს აპირებენ”.
“კრიმინალური პოლიციის კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს ინფორმაციით, კიბერთავდასხმა ჯანდაცვის უწყების კომპიუტერულ სისტემაზე, ერთ-ერთი უცხო ქვეყნიდან, პირველ სექტემბერს მოხდა. მიზანი სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და მის სტრუქტურულ ერთეულებში, მათ შორის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული სააგენტოს, რიჩარდ ლუგარის კვლევითი ცენტრის მონაცემთა ბაზებში შეღწევა იყო. კიბერშეტევისას სამედიცინო დოკუმენტაციისა და პანდემიის მართვასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაციის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება და გამოყენება სცადეს. ამ ყველაფერს კი წინ უძღოდა ბრალდებები, რომელსაც რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის “ნოვიჩოკით” მოწამვლის საქმეზე რუსეთის დუმის დეპუტატები საქართველოსა და ამერიკისკენ ხელს იშვერენ. თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იური შვიტკინი აცხადებს, რომ რუსეთი არ არის დაკავებული “ნოვიჩოკის” ჯგუფის ქიმიური ნივთიერების დამზადებით და მსგავსი ლაბორატორიები საქართველოსა და შეერთებულ შტატებშია. დუმის დეპუტატის ინფორმაციას აბსურდულსა და მტრულს უწოდებენ თბილისში”, - აღნიშნავს გამოცემა.
“კიბერ უსაფრთხოების ანალიტიკოსი ანდრო გოცირიძე “რეზონანსთან” ამბობს, რომ ეს ცალსახად რუსეთის სამხედრო დაზვერვასთან ასოცირებული კიბერაქტორების ნამოქმედარია. სქემა კიბერშეტევის შედეგად გარკვეული ინფორმაციის მოპარვაა. ხოლო ამ მოპარული მასალებით, ინფორმაციის ფაბრიკაცია ხდება. მისივე თქმით, თუ ამერიკულ მხარეს გავლანძღავთ, ვამხელთ ე.წ. შხამების და მომწამლავი ნივთიერების წარმოებაში, არჩევნების წინ უფრო ბევრი გაუთვითცნობიერებელი ამომრჩეველი იფიქრებს, რომ მაშინ საშველი ჩრდილოეთით არის და ამ მეზობელ ქვეყანას რაღაცეებში ტყუილად ვადანაშაულებთ. შესაძლოა ეს ინფორმაცია ახლავე არავინ დაიჯეროს, თუმცა რუსეთის ტაქტიკა ის არის, რომ ასე ნელ-ნელა მოხდეს საზოგადოების მუდმივი ინფორმაციით კვება, რომლის შემდეგაც ინფორმაცია უკვე ეჭვად იქცევა”, - განაგრძობს გამოცემა.
“ამ ინფორმაციის მოპარვის შემდეგ ხდება ფაქტების გაყალბება. თითქოს და ჩვენს ქვეყანაში, კერძოდ ლუგარის ლაბორატორიაში ხდება ე.წ. შხამის “ნოვიჩოკის” წარმოება. შემდგომ ამის დადება კონტროლირებად საიტებზე ხდება, თითქოს და ინფორმაციამ გაჟონა. შემდგომ რუსული ტროლების დ ბოტების საშუალებით ამის გაშიფვრა ხდება. შესაძლოა შემდეგ განცხადებები ოფიციალურ დონეზეც კი გაკეთდეს. ამ ყველაფრის ერთი მიზანი შესაძლოა ისრების სხვაზე გადატანის მცდელობა იყოს, რადგანაც გერმანულმა მთავრობამ ისინი ცალსახად დაადანაშაულა ნავალნის წინააღმდეგ განხორციელებულ ტერაქტში და მისი “ნოვიჩოკით” მოწამვლაში. მეორე მცდელობა კი არჩევნებში ჩარევაა. მათი მიზანია, რომ შექმნას საზოგადოებაში უარყოფითი განწყობა და ამერიკული ორგანიზაციის მიერ აშენებული ლუგარის ლაბორატორიის მიმართ უარყოფითი განწყობა გააჩინოს. ამერიკელი პარტნიორების მიმართ გაჩნდეს სკეპტიკური განწყობები და საქართველოში უფრო მეტი პრორუსული განწყობები გაჩნდეს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ანდრო გოცირიძე.
“ქართულ-ამერიკული ურთიერთობებში რაც უფრო დაცარიელდება, ამ ვაკუუმს რუსეთი შეავსებს. რაც შეეხება საიდან მოხდა საიტის ე.წ. დაჰაკვა, გეოგრაფიის დადგენა ძალიან რთულია. მთავარია ვინ იდგა ამის უკან. ჩვენ ვარკვევთ, ვის აინტერესებდა, რა ტიპის ხელწერაა, რა ტიპის მავნე კოდია, ადრესატი საიდანაა. ეს არის შპიონაჟი. მართალია ამ ინფორმაციის სხვადასხვა გავრცელება 1 სექტემბერს მოხდა, მაგრამ გასარკვევია როდის მოიპარეს. შესაძლოა ეს ივნისში, მაისში მოიპარეს. შესაძლოა, თურქეთიდან, ამერიკიდან, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან, ოკუპირებული ტერიტრიიდან და პირობითად საქართველოდანაც მოხდა. ამიტომაც საქართველოში ასეთი კრიტიკული ინფრასტრუქტურა აუცილებლად დაცული უნდა იყოს. ვერც კონცეპტუალურ და ვერც ტექნიკურ დონეზე ის კრიტიკას ვერ უძლებს. რუსეთი თავის კიბერუსაფრთხოებას იმდენად სწრაფად ავითარებს, რომ ჩვენ მათ ძალიან ბევრი ნაბიჯით ჩამოვრჩებით. წარმოუდგენელია მათ დღეს 2010 და 2012 წლის კანონმდებლობით ვებრძოლოთ. ფაქტია, რომ არსებობს შავი ხვრელები და ამ ხვრელებში რუსეთის სპეცსამსახურები ადვილად აღწევენ”, - დაასკვნის კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი.
“მისივე თქმით, წინასაარჩევნოდ მოსალოდნელია, რომ რუსული სპეცსამსახურები უფრო გააქტიურდებიან და მსგავს კიბერშეტევებს უნდა ველოდოთ. გოცირიძე ამბობს, რომ რუსეთი კიბერშეტევებს არჩევნებში ყოველთვის იყენებს და მსგავსი არაერთი პრეცედენტი ყოფილა. მაგალითად ეს მოხდა 2014 წელს უკრაინის არჩევნებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, საუბარია ინგლისზე, საფრანგეთის არჩევნებზე. ამიტომაც საქართველოშიც თუკი დასჭირდება, ამას ყველაზე მარტივად გააკეთებს. კავკასიოლოგი და კონფლიქტოლოგი მამუკა არეშიძე კი “რეზონანსთან” ამბობს, რომ რა თქმა უნდა, ეჭვიც არავის ეპარება, რომ ამის უკან რუსული სპეცსამსახურები დგანან. თუმცა ხელისუფლება ამას კატეგორიული ფორმით ვერ იტყვის, რადგანაც ამის საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობს. არეშიძე ამბობს, რომ ფაქტია - მზადდება ისეთი რამ, რომელიც საქართველოს უსაფრთხოებისთვის საკმაოდ სახიფათოა”, - წერს სტატიის ავტორი.
“მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს ყველაფერი საზოგადოებრივი აზრის დამუშავებას ემსახურება. ეს დივერსიისთვის მომზადებას ჰგავს და მგონია, რომ რაღაცა უფრო ცუდს აპირებენ. ხომ აბსურდია, რომ ამერიკას ისე გაუჭირდა, რომ “ნოვიჩოკს” საქართველოში ლუგარის ლაბორატორიაში ამზადებს. ასეთი პიარკამპანიებს ლოგიკა ნაკლებად სჭირდება. ის ძირითადად მუდივად ინფორმაციის გავრცელების აუცილებლობას ემსახურება. რაც შეეხება კიბერ შეტევას. ეს ყველაფერი ამ პიარკამპანიის ნაწილია. მთავარი შედეგი ის არის, რომ მასალის ნაწილები აიტვირთება და ტყუილ-მართალს ერთმანეთში არევენ. ეს არის როგორც რუსეთის მოსახლეობაზე გათვლილი კამპანია, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებზე. ასეთი ტიპის ინფორმაცია უკვალოდ არ ქრება. ეს ილექება, დღეს არის მედია ტყუილი, ხვალ არის საეჭვო ფაქტი, ზეგ არის გადასამოწმებელი ფაქტი, ხოლო მაზეგ უტყუარი ფაქტი. ამის უამრავი მაგალითი გვაქვს, თუნდაც სადავო ტერიტორიებთან დაკავშირებით”, - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.
“მისივე თქმით, რასაკვირველია, რომ წინასაარჩევნოდ მსგავსი თავდასხმები ქვეყანაზე გახშირდება და სერიულ სახეს მიიღებს. ამიტომაც არეშიძე ოპოზიციას მოუწოდებს, რომ შეწყვიტონ იმაზე საუბარი, რომ საქართველოს ხელისუფლება პრორუსია. უხერხულია, რადგანაც საკუთარი ხალხის ჭკუასუსტად ჩათვლის მცდელობა გამოდის. არეშიძე ამბობს, რომ რუსეთის ამოცანა ის კი არ არის, რომ ქვეყანას პრორუსი ხელისუფლება ჰყავდეს. არამედ საქართველოს სახელმწიფოს ყველმხრივ დასუსტება სურთ”, - დასძენს სტატიის ავტორი.
სიახლეები
- "თუ არ ხევ მანდატს და არ გადიხარ, ე.ი. პარლამენტის ლეგიტიმურობას აღიარებ?" - ვახტანგ ძაბირაძე
- "ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა! " - მიხეილ სააკაშვილი
- მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსული დრონებით შეტევას
- "მათ არაფერი აკავშირებთ ამ ქვეყანასთან და არაფერი რომ არ აკავშირებთ, იმიტომაც იღებენ პასუხს ქუჩაში მათივე მხარდამჭერებისგან"- შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე
- "დღევანდელი ოპოზიცია, ის ოთხეული, რომელმაც ბარიერი გადალახა არა ამომრჩევლის, რამედ უცხოელი პატრონების ნებას წარმოადგენს" - შალვა პაპუაშვილი