“საქართველო გლობალური “ცივი ომის” ერთ-ერთი ინსტრუმენტია, ბალანსის თამაშით ფონს ვერ გავალთ...”
“ლუგარის ლაბორატორიის გარშემო პერიპეტიები არ შეიძლება განვიხილოთ როგორც ჩვენი შიდა პოლიტიკის ან შიდა გამოწვევების თემა.
თუ გლობალური პოლიტიკის მოვლენათა ჯაჭვს დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ ეს ეპიზოდი ამ დიდი დაპირისპირების ნაწილია. საქართველო ამ დიდი “ცივი ომის” ერთ-ერთი ინსტრუმენტია. ჩვენ უნდა ჩამოვყალიბდეთ, რომელ მხარეს ვართ. იმის ილუზია არ უნდა გვქონდეს, რომ ბალანსის თამაშით, როდესაც იქით დასავლეთს უმტკიცებ ერთგულებას და აქეთ რუსეთს უკრავ თვალს, ფონს გავალთ. უნდა გავაკეთოთ არჩევანი - ჩვენი პოზიციები უნდა იყოს ძალიან მკვეთრი და შესაბამისობაში იმ მხარესთან, რომელსაც პარტნიორად მოვიაზრებთ. ჩვენი ხელისუფლების პოზიცია და რიტორიკა პროტესტის შტრიხებს კი შეიცავდა, მაგრამ მაინც მეტისმეტად ფრთხილია, რაც ზოგჯერ კაპიტულანტურ განწყობებში გადადის. იმის იმედი არავის უნდა ჰქონდეს, ამას მეორე მხარე ანუ რუსეთი დაგიფასებს - როდესაც შენ ასე იქცევი, რუსეთი სისუსტედ გითვლის, კიდევ უფრო ძლიერად გიტევს და, ფაქტობრივად, თავის თამაშებში გიყენებს”, - აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “საქართველო დიდი “ცივი ომის” ერთ-ერთი ინსტრუმენტია...”
“რუსეთი ნავალნიზე საბრძოლო-ქიმიური იარაღით თავდასხმის საქმეში ლუგარის ლაბორატორიის გამოყენებას ცდილობს. როდესაც ისმის ბრალდება, რომ “ნოვიჩოკი” შეიძლება ნაწარმოებია საქართველოში, ამაზე ჩვენ უნდა გვქონდეს ძალიან მკაცრი, პრინციპული პოზიცია და არ უნდა ვიძახდეთ, ვიღაცა შეცდომაშია შეყვანილიო. ეს ფსევდოდიპლომატიური რიტორიკა მხოლოდ დამაზიანებელია. რაც შეეხება რუსეთის კიბერჩარევას საქართველოს საარჩევნო სისტემაში, ეს ცოტა დაუჯერებელი თემა მგონია. ჯერ ერთი, ჩვენთან ტექნოლოგიები ისე არ არის განვითარებული, მეორეც, რუსეთმა რატომ უნდა დახარჯოს ზედმეტი ძალისხმევა, როდესაც ქვეყანაში პირდაპირი და დაუფარავი საყრდენები ჰყავს, მათ შორის პოლიტიკურ სპექტრში? სამწუხაროდ, საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული, საქართველოში რუსეთის პოზიციები საკმაოდ ძლიერია, ბოლო პერიოდში ნაცვლად იმისა, შემცირებულიყო, უფრო გაიზარდა. თუ დინამიკას დავაკვირდებით, ეს, ასე ვთქვათ, “ნოსტალგიური სეგმენტი”, რომლისთვისაც დამახასიათებელია დასავლეთის გარყვნილების ბუდედ წარმოჩენა, ერთმორწმუნეობის თემით სპეკულირება და ანტილიბერალური განწყობები, ძალიან მოძლიერდა, რაც ირიბად რუსულ ფასეულობათა სისტემაში ჯდება. თუ ეს ხალხი ადრე ფრთხილობდა, დღეს ძალიან ყელყელაობს. საქართველოზე შეტევა მიმდინარეობს, ოღონდ შეტევა ბევრად მატერიალიზებულია, ვიდრე კიბერთავდასხმა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.
“თუ დამტკიცდება, რომ პარტია “პატრიოტთა ალიანსი” უცხოეთიდან იღებს დაფინანსებას, ეს მძიმე დანაშაულია და ამას უნდა მოჰყვეს კანონით გათვალისწინებული მკაცრი სასჯელი. ფაქტია, რომ ამ ძალას მხარს უჭერს საზოგადოების განსაზღვრული სოციალური სეგმენტი, რომელსაც აქვს ამ ტიპის პოლიტიკის მოთხოვნა და “პატრიოტთა ალიანსიც” მუშაობს ამ სეგმენტზე. ეს პარტია ხვალ რომც გაქრეს, გამოჩნდება სხვა, რომელიც ამავე სეგმენტის გულის მოგებას შეეცდება. პრობლემა სხვა რამეშია. საკითხი ასე უნდა დავსვათ - რატომ არის საზოგადოებაში ასეთი განწყობა? რა დავაკელით ამ ხალხს, რისი ბრალია, რატომ მოსწონთ ის, რაც ჩვენ მანკიერებად მიგვაჩნია? პრორუსული პოლიტიკური ძალები იმიტომაც არსებობენ, რომ ასეთი განწყობებია ქვეყანაში. აქვე ვიტყვი, რომ პოლიტიკური ძალა განწყობას ვერ შექმნის, მას მხოლოდ მისი გაძლიერება შეუძლია, რასაც აკეთებს კიდეც “პატრიოტთა ალიანსი”. ჩვენ უნდა შევისწავლოთ ამ განწყობების ჩამოყალიბების მიზეზები და ვებრძოლოთ მას”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“ქართული ოცნება” არ არის კლასიკური პარტია - ეს არის კლასიკური ტიპის სახელისუფლებო დაჯგუფება, რომელსაც როგორც დასჭირდება, ისე მოიქცევა - ხან პირჯვარს გადაიწერენ, ხანაც ეკლესიას გალანძღავენ. ამ პარტიას ერთადერთი ამოცანა აქვს - ხელისუფლების შენარჩუნება. თუ დასჭირდათ, შესძახებენ, ტრამპს გაუმარჯოსო, მაგრამ თუ დასჭირდათ, იმასაც იტყვიან, დიდება პუტინსო, აქამდეც ასე იქცეოდნენ. თუნდაც ლუგარის თემა ავიღოთ - ერთი ასე ლაპარაკობს, მეორე - სხვანაირად. ვერ გაიგებ, რომელი წარმოადგენს მთელი პარტიისა და ხელისუფლების პოზიციას. არა აქვთ არანაირი გრძელვადიანი პოლიტიკური ამოცანები და მიზნები. მათი ამოცანა სავარძლის შენარჩუნებაა და ამ ყველაფერს ტონს აძლევს ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც დღეს არანაირი სახელმწიფოებრივი მიზანი არა აქვს. მისი მიზანია საკუთარი უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის შენარჩუნება. ამას გრძნობს მის გარშემო არსებული ეს რუხი მასა და ისიც ასე იქცევა. ის, ვინც დღეს სააკაშვილს აგინებს, ხვალ ხელისუფლება რომ შეიცვალოს, პირველი გაიქცევა პროკურატურაში და ყველაფერს ბიძინა ივანიშვილს გადააბრალებს. ეს არ არის პრინციპების მიხედვით შეკრული ორგანიზაცია - როგორც კი “ქართული ოცნება” დატოვებს ხელისუფლებას, ისევე გაქრება, როგორც “მოქალაქეთა კავშირი” გაქრა...”, - განმარტავს ექსპერტი.
“დღეს ხელისუფლების მთავარი მოკავშირე ოპოზიციაა, რომელიც შეცდომას შეცდომაზე უშვებს. თუ დავაკვირდებით, ოპოზიცია არ აწარმოებს აქტიურ საარჩევნო კამპანიას. უფრო ურთიერთგარჩევებით არიან დაკავებული და იმაზე კამათობენ, ვინ იქნება პრემიერ-მინისტრი. ასეთი ოპოზიცია საჩუქარია ნებისმიერი ხელისუფლებისთვის. ამ ვითარებაში ხელისუფლებას ბრძოლა უადვილდება მხოლოდ იმიტომ, რომ მისი მოწინააღმდეგეები უფრო უარესად და სუსტად გამოიყურებიან. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ დღევანდელი საარჩევნო კოდექსით ბარიერი მინიმუმამდეა დასული, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა რამდენიმე ძალაზე ვილაპარაკოთ, რომელმაც შეიძლება შეძლოს კოლექტიური გარღვევა არა თავდაპირველად გამოცხადებული ერთიანობით, არამედ მიღებული მხარდაჭერის ჯამური შედეგით. ეს არის აშკარა შანსი და საფუძველი იმისა, რომ გადავიდეთ მულტიპარტიულ მმართველობაზე, რაც საქართველოსთვის ამ ეტაპზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია”, - ამბობს გია ხუხაშვილი.
“მთავარი მანკიერება, რაც დამკვიდრდა ქვეყნის მმართველობაში, არის ძალაუფლების უზურპაცია. ჩვენ ამ წლების განმავლობაში სხვა გამოცდილება არ შეგვიძენია. მიუხედავად იმისა, მულტიპარტიულ დემოკრატიას თავისი სირთულეები აქვს, მაგალითად, გადაწყვეტილებების დროულად მიღების, დღეს ჩვენ მთავარი სისტემური ურჩხული - ძალაუფლების უზურპაცია უნდა დავამარცხოთ და მერე ვიზრუნოთ მულტიპარტიული დემოკრატიის ეფექტიანობის ამაღლებაზე. გაჩნდა ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრები, მაგრამ ძლიერი არც ერთი არ არის, იქნებ არც არის საჭირო. მაგალითად, არის “ლელო”, რომელსაც ჯერ კიდევ აქვს რესურსი და პოტენციალი, რომ მეტ-ნაკლებად ნორმალური შედეგი აჩვენოს. კარგი შთაბეჭდილება მოახდინა “ლელოს” სწრაფი ეკონომიკური განვითარების გეგმამ, რომელიც უაღრესად საინტერესოა. “ლელოს” გარდა, არიან პატარ-პატარა პარტიებიც, 1-დან 5%-მდე მხარდაჭერის პოტენციალით. ჯამურად, ამ ალტერნატიულმა ცენტრებმა თუ 20-25% დააგროვეს, ეს შექმნის საფუძველს, რომ ორპოლუსიანობა გაირღვეს და ამ ორმა შულერმა, წარსულმა და აწმყომ, ვერ მოახერხონ ახალ ციკლში ძალაუფლების უზურპაცია”, - დაასკვნის ექსპერტი.
“კოალიციურ მმართველობას სირთულეები ახლავს, მაგრამ ჩვენ უნდა ვისწავლოთ ერთმანეთთან საუბარი, კონსენსუსის ძიება და ერთობლივი გადაწყვეტილებების სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე მიღება. როცა ამაზე ლაპარაკობს, “ქართული ოცნება” ეშმაკობს - მას სხვა რამის გამო ეშინია. “ ოცნების” ხელისუფლება არის რელიგიური მართვის მოდელი, სადაც ღმერთი ერთია და განუყოფელი, კოალიცია კი ამ რელიგიური პრინციპისთვის მიუღებელია. შესაბამისად, ის ივანიშვილის აბსოლუტიზმის ნარატივს ანგრევს. ეს აშფოთებთ, თორემ რომელი სახელმწიფოებრივად მოაზროვნე მყავს ეს კოლექტიური ოხანაშვილი, რომ ამ ტექსტებით მელაპარაკებოდეს. ხომ გითხარით, ეს ხალხი პირველი მივარდება პროკურატურაში და ივანიშვილს დააბრალებს ყველაფერს, როგორც კი მისი მმართველობა დასრულდება. “ოცნების~ საარჩევნო სიას რა მნიშვნელობა აქვს? არ არსებობს არანაირი სია, არსებობს ერთი ადამიანი, რომელიც ლოტოს კოჭებივით ჩაყრის ტომარაში გვარ-სახელებს, მერე ამოიღებს და როგორც უნდა, ისე გადაალაგ-გადმოალაგებს. რამდენი პრემიერი გვყავდა უკვე, რომელიმემ დატოვა კვალი პოლიტიკაში?”, - დასძენს ხუხაშვილი და შეკითხვაზე - “გიორგი გახარიაც მათ ბედს გაიზიარებს?” - პასუხობს:
“გიორგი გახარია უნიკალური მოვლენაა ამ რუხ მასაში. ამიტომ, თუ ადრე არჩევნები ივანიშვილის ბრენდის ნიშნით მიდიოდა, ეს არჩევნები მიდის ნიშნით: “ივანიშვილი პლუს” და ეს პლუსი გახარიაა. ივანიშვილის ამოცანაა, მთელი შავი სამუშაო გახარიას გააკეთებინოს, მაგრამ დივიდენდები თვითონ წაიღოს. ამ ამოცანას წყვეტს ახლა ივანიშვილი, რადგან გახარია საფრთხეს უქმნის მის რელიგიას, არადა, დღეს ის წყალივით სჭირდება, მან უნდა მოიგოს არჩევნები, მაგრამ საბოლოოდ ის კავკასიის მთებზე გასაკრავი აღმოჩნდება. ღმერთის ტოლობაზე ამბიცია მას ვერ შერჩება. იქნებ არც აქვს ეს ამბიცია, მაგრამ გარედან ასე ჩანს. ივანიშვილს მითოსი ენგრევა, გახარია არჩევნების შემდეგ შეიძლება დარჩეს კიდეც სისტემაში, მაგრამ ამ რუხ მასაში უნდა გაერიოს და გამორჩეული აღარ იყოს. ამას რა ფორმით მოახერხებენ არჩევნების შემდგომ, როგორ “მიაჩმორებენ”, ვნახოთ... თუ ასე არ მოხდა და გახარიამ თავისი თამაშის წამოწყება სცადა, მაშინ შეიძლება საინტერესო ამბების მოწმენიც გავხდეთ”.
სიახლეები
- "თუ არ ხევ მანდატს და არ გადიხარ, ე.ი. პარლამენტის ლეგიტიმურობას აღიარებ?" - ვახტანგ ძაბირაძე
- "ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა! " - მიხეილ სააკაშვილი
- მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსული დრონებით შეტევას
- "მათ არაფერი აკავშირებთ ამ ქვეყანასთან და არაფერი რომ არ აკავშირებთ, იმიტომაც იღებენ პასუხს ქუჩაში მათივე მხარდამჭერებისგან"- შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე
- "დღევანდელი ოპოზიცია, ის ოთხეული, რომელმაც ბარიერი გადალახა არა ამომრჩევლის, რამედ უცხოელი პატრონების ნებას წარმოადგენს" - შალვა პაპუაშვილი