“ყველას მოუწევს საუბარი “ლელოსთან” მომავალი კოალიციური მთავრობის შესახებ” - დავით უსუფაშვილი

“ლელო საქართველოსთვის” ქვეყანას ახალ მომავალს სთავაზობს და არა არსებულის შენარჩუნებას ან ძველის დაბრუნებას.

დღეს ქვეყანა მტრობასა და ერთმანეთის არმოსმენის ჩაძირვაშია ჩართული. ჩვენ უნდა მოვახდინოთ ერის კონსოლიდაცია, რომ კრიზისს გავუმკლავდეთ. ეს არის ხალხის მოთხოვნა და დაკვეთა. ჩვენი ახირება არ არის, რომ ივანიშვილი უნდა შეიცვალოს და ძველი ხელისუფლება არ უნდა დაბრუნდეს. ეს ეპოქალური ლოგიკის მოთხოვნაა. ამიტომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა მოსახლეობას დავანახოთ, რომ “ლელო” საუკეთესო ალტერნატივა, საუკეთესო ძალაა ამ მიზნის მისაღწევად”, - აცხადებს “ლელო საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი დავით უსუფაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ქვეყნის მთელი შემოსავალი არ უნდა ილექებოდეს ერთი მუჭა ელიტის ჯიბეში” / “ყველას მოუწევს საუბარი „ლელოსთან“ მომავალი კოალიციური მთავრობის შესახებ”.

 

“ჩვენ გვაქვს რესურსი იმისა, რომ 24 საათს ვიმუშაოთ, გვაქვს ერთმანეთის იმედი, იმიტომ, რომ ძალიან საინტერესო გუნდი შევიკრიბეთ. ჩვენი გუნდის წევრების უმეტესობა ახლახან შემოვიდა პოლიტიკაში, მათ ახალი მიდგომები და ხედვები შემოაქვთ ჩვენი მიზნის მისაღწევად. ჩვენ მხარდამჭერთა რაოდენობამ უკვე 70 000-ს მიაღწია. ჩვენი რესურსია ჩვენი სიმართლე და გამჭვირვალობა. “ლელო” შექმნის დღიდან ადგას კონკრეტულ ხაზს, მას არ უღალატია თავისი სიტყვისთვის. ოპოზიციასთან რა საკითხებშიც მართებულად მიგვაჩნდა თანამშრომლობა, ვითანამშრომლეთ, რაშიც არ მიგვაჩნდა, არ ვითანამშრომლეთ და არც მომავალში ვითანამშრომლებთ. ჩვენი რესურსია პროგრამა, რომელიც საზოგადოებას წარვუდგინეთ. ჩვენი გეგმური ამოცანაა და არა სურვილების ერთობლიობა, რომ საქართველოში 10-ჯერ გაიზარდოს ფინანსურად უზრუნველყოფილი ოჯახების რაოდენობა. ამას სჭირდება კონკრეტული მეგაპროექტების განხორციელება, საფონდო ბირჟა ქუთაისში, ანაკლია, ღვინის დედაქალაქი თელავში თუ უამრავი სხვა, რომლის საშუალებითაც ჩვენ უნდა შევძლოთ მოსახლეობის ფინანსურად გაძლიერება. საქართველოში დღეს სულ 60 000 კაცს აქვს 3.000 ლარზე მეტი შემოსავალი. ჩვენი გეგმით, ეს რიცხვი 600 000-ით უნდა შეიცვალოს. ეს ნიშნავს, რომ ათჯერ მეტ ოჯახში გაჩნდება 3.000 ლარის შემტანი წევრი. ქვეყნის მთელი შემოსავალი არ უნდა ილექებოდეს ერთი მუჭა ელიტის ჯიბეში”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით უსუფაშვილი.

 

“ბევრი სარგებლობს მოქალაქეების გაჭირვებით და ამბობს, თითქოს მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ბანკია დამნაშავე, რომ მოქალაქეს ის პრობლემა შეექმნა, რის გამოც ბანკს ფულის სასესხებლად მიაკითხა. ეს არის უსინდისო ოპონენტების უსინდისო შეფასება. რატომ მივიდა ადამიანი ბანკში? იმიტომ, რომ უმუშევარი იყო. ეს ხალხი ხაზარაძემ და ჯაფარიძემ კი არა, ხელისუფლებამ დატოვა უმუშევარი. მე, როგორც მათი პარტნიორი, დაინტერესებული ვარ, ზუსტად ვიცოდე, მართლა ხომ არ ჩაიდინა ამ ხალხმა რაიმე უკანონობა, რამე კონკრეტული ხელშეკრულება ან კანონი ხომ არ დაარღვია? ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ, თუ ასეთ რამეს ვინმე მომაწვდის, საქმეს თავად შევისწავლი და თუ ასეთი რამ აღმოვაჩინე, უპირველესად მე ვიტყვი. პოლიტიკურ ოპონენტებს არანაირი არგუმენტი არ გააჩნიათ, სარგებლობენ ჩვენი ღარიბი მოსახლეობის გაჭირვებით და მიუთითებენ იმ დაწესებულებაზე, რომელსაც დასახმარებლად თავად მიაკითხეს. ეს არის იმ პოლიტიკური ჯგუფების პროპაგანდისტული ხრიკი, რომლებმაც გაჭირვებაში თავად ჩააგდეს ხალხი”, - განაგრძობს რესპონდენტი.

 

“ჩვენი დიდუბის ორგანიზაციის აქტიურ წევრს დღისით, მზისით, თავს დაესხნენ. პასუხს სთხოვდნენ, რატომ ხარ “ლელოს” წევრიო. მიაყენეს ფიზიკური დაზიანება. ერთი რამ ახლავე შეიძლება ითქვას - ასეთ ძალადობას ვერავინ გაბედავს, თუ მას ვიღაც არ მფარველობს. ეს იყო გამიზნული პოლიტიკური ვანდალიზმის აქტი. როდესაც ასეთი რამ ხდება, ხელისუფლებას აქვს ყველა ბერკეტი, რომ 24 საათში მიაგნოს მოძალადეებს. ყველას გვინდა ვუთხრათ, რომ ჩვენ ასეთი თავდასხმები არ შეგვაშინებს”, - ამბობს “ლელო საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი და შეკითხვაზე - “რას ფიქრობთ, როგორ აპირებთ კოალიციურ მთავრობაში ყოფნას?” - პასუხობს: “ყველას მოუწევს საუბარი “ლელოსთან” მომავალი კოალიციური მთავრობის შესახებ. ჩვენ მივდივართ გამარჯვებისკენ, ეს კი ნიშნავს, რომ მთავრობის შექმნაში გადამწყვეტი სიტყვა ჩვენ უნდა ვთქვათ”.

 

“ჩვენ გვყავს ძლიერი გუნდი, რომლის ლიდერია მამუკა ხაზარაძე, მაგრამ ჩვენ ასევე გვყავს ბევრი თანალიდერიც. ამიტომ არავის გვაქვს განსაკუთრებული, ექსკლუზიური უფლებამოსილება ან პასუხისმგებლობა და სწორედ ასეთ გუნდად წარმოგვიდგენია თავი პარლამენტსა და მთავრობაში. რაც შეეხება ჩრდილოვან კაბინეტს, ძალიან ბევრი ადამიანი სჭირდება ჩვენს ქვეყანას. ჩვენ გვჭირდება ძლიერი პარლამენტი, ძლიერი მთავრობა, ბევრი მცოდნე ადამიანი ბევრ სხვადასხვა ფლანგზე. მე მზად ვარ ერთ-ერთი ასეთი ჩემს თანაგუნდელებთან ერთად”, - დასძენს დავით უსუფაშვილი.

წაკითხვა 457 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.