“ოცნებამ” საქართველოს საინფორმაციო სივრცე აბსოლუტურად უომრად, საკუთარი ხელით ჩააბარა რუსეთს”
“ეს კიბერთავდასხმა დამაფიქრებელია არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მისი პარტნიორი ქვეყნისთვისაც.
ცხადი შეიქნა, რომ საქართველოს კრიტიკული ინფრასტრუქტურა და ამერიკისთვის რეგიონში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტი კიბერთავდასხმისგან დაცული არ არის. შესაბამისად, ეს ორმაგი დასკვნის საფუძველს იძლევა: რუსეთმა ორივეს - საქართველოსაც და ამერიკასაც თანაბრად ესროლა ხელთათმანი და აგრძნობინა ამერიკას, რომ საქართველოში მისი ინტერესები და მისი მონაწილეობით შექმნილი კრიტიკული ინფრასტრუქტურა არ არის დაცული. რაც ახლა მოხდა, რა თქმა უნდა, მის მასშტაბს ვერ შევადარებ 2008 წლის აგვისტოს კონვენციურ ომს და მის თანამდევ კიბერომს, რომელიც მაშინ რუსეთმა საქართველოს გაუმართა, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ამ კიბერთავდასხმას თუ ამერიკის რეაგირება არ მოჰყვა, ამას შეიძლება რუსეთის უფრო მძაფრი შეტევები მოჰყვეს. შესაძლოა დომინოს პრინციპი ამოქმედდეს და სხვა ქვეყნებზეც გავრცელდეს. ამიტომ ვავლებ პარალელს 2008 წლის ომთან - მაშინ მსოფლიომ სათანადოდ ვერ შეაფასა რუსული აგრესიის მასშტაბი და შედეგად მიიღო დღევანდელი ვითარება - პუტინმა რაც უნდა გააკეთოს მთელ მსოფლიოში, ფაქტობრივად, დაუსჯელია”, - აცხადებს პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით „ამ კიბერომს შეიძლება ისეთი ქაოსი მოჰყვეს, რომ არჩევნების შედეგები კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს“.
“ამ კიბერომს შეიძლება ისეთი ქაოსი მოჰყვეს, რომ არჩევნების შედეგები კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს, მოახდინოს სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირებაც და ა.შ. მთავარი ხელწერა, რასაც რუსეთი ამ ჰიბრიდული ომით აღწევს, არის ქაოსი სამიზნე ქვეყნებში და ეს რამდენიმე მიზანს ემსახურება. ესენია: სამიზნე ქვეყნის საზოგადოების დარწმუნება, რომ მისი ხელისუფლება უვარგისია, სრული ფრუსტრაცია და იმედგაცრუება საკუთარი ხელისუფლებითა და ქვეყნის პერსპექტივით. საინფორმაციო ომის ტაქტიკაა, ჯერ გავრცელდეს სწორი ინფორმაცია რომელიმე საიტზე და მერე, როცა ამა თუ იმ წყაროს სანდოობის ხარისხი გაიზრდება, მასში დოზირებულად შეურიონ ისეთი ინფორმაცია, რომელიც რუსეთს აწყობს. ინფორმაციის გაჟონვა იმის ნიშანია, რომ ხვალ-ზეგ ლუგარის ცენტრის სახელით რუსეთისგან მივიღებთ უამრავ ფეიკს სოციალურ ქსელებში. მათ შორის არ არის გამორიცხული ფეიკდასტურიც, რომ თითქოს "ნოვიჩოკსა" და სხვა სამხედრო დანიშნულების ბიოლოგიურ იარაღს ლუგარში აწარმოებენ. ეს საქართველოს ხელისუფლებისთვის გაფრთხილება უნდა იყოს, რომ საჭიროების შემთხვევაში ამერიკაც ვერ დაგვიცავს. თუმცა სურვილის შემთხვევაში, არჩევნებამდე საკმარისი დროა საიმისოდ, რომ ხელისუფლებამ სტრატეგიულ პარტნიორთან ერთად შეძლოს მძიმე დარტყმების პრევენცია”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ხათუნა ლაგაზიძე.
“ოცნებამ” საქართველოს საინფორმაციო სივრცე აბსოლუტურად უომრად, საკუთარი ხელით ჩააბარა რუსეთს. ამასთან, ლუგარზე თავდასხმით რუსეთმა, ფაქტობრივად, ამერიკის ინტერესებზე აღმართა ხელი და ისრები ბევრი მიმართულებით გაუშვა. ცხადია, ერთი მხრივ, ამერიკა, მეორე მხრივ კი რუსეთი შეეცდებიან საქართველოს ხელისუფლებამ საარჩევნო პროცესში მათი ინტერესები გაითვალისწინოს. ფუნდამენტური განსხვავება ის არის, რომ ამერიკის ინტერესია საქართველოში დემოკრატიული არჩევნების ჩატარება, რუსეთისა კი - პროდასავლური ძალების მაქსიმალურად შეზღუდვა არჩევნების და მის შემდგომ პერიოდში. ასე რომ, საქართველოს ხელისუფლება მძიმე დღეშია”, - განაგრძობს პოლიტოლოგი.
“ლუგარზე თავდასხმამ უკვე მერამდენედ სააშკარაოზე გამოიტანა ქვეყნის ინფრასტრუქტურის დაუცველობა და მთელი რიგი პრობლემები. კერძოდ: 1. “ოცნებას” წლების განმავლობაში არაფერი გაუკეთებია, რათა ქვეყნის კიბერსივრცე მაქსიმალურად დაეცვა, თორემ საინფორმაციო სივრცის 100%-იანი დაცულობის გარანტია, ბუნებრივია, არავის აქვს; 2. რუსეთი ამერიკის ინტერესებს მის პარტნიორ ქვეყნებში დაუფარავად ლახავს. ამერიკისთვის მნიშვნელოვანი ობიექტებიც არ არის სათანადოდ დაცული, რაც ამერიკის პოზიციის სისუსტეზეც მეტყველებს - როცა ხედავს, საქართველო ამას არ ან ვერ აკეთებს, თვითონ უნდა იცავდეს კრიტიკულად მნიშვნელოვან ობიექტებს, მით უფრო, როცა საუბარი კიბერთავდაცვაზეა. ამას აქ ამერიკული სპეციალური სამხედრო ქვედანაყოფების ყოფნა არ სჭირდება; 3. იმის დასტურად, რომ საქართველოში მართლაც “იწარმოება” “ამერიკული” ბიოლოგიური იარაღი, ამ ფეიკნიუსს რუსეთი საქართველოში საარჩევნოდ ანტიდასავლურ თუ ნეიტრალურ ამომრჩეველთან სამუშაოდ გამოიყენებს; 4. ეს კიბერთავდასხმა არის საქართველოს ხელისუფლების გაფრთხილება, ხომ ხედავ, ამერიკა ვერ გიცავსო; 5. ამ ფორმატში ძალიან იოლია საარჩევნო კომისიის სერვერების “დაჰაკვა”, რათა არჩევნების და შემდგომ დღეებში სრული ქაოსი გამოიწვიოს. ასე რომ, ეს იმ ტიპის გამოწვევაა, რომელმაც საქართველოსა და ამერიკის დაინტერესებული სტრუქტურები აქტიური თანამშრომლობისკენ უნდა მიმართოს. ვნახოთ, რა გზას აირჩევს საქართველოს ხელისუფლება”, - დასძენს ხათუნა ლაგაზიძე.
სიახლეები
- "თუ არ ხევ მანდატს და არ გადიხარ, ე.ი. პარლამენტის ლეგიტიმურობას აღიარებ?" - ვახტანგ ძაბირაძე
- "ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა! " - მიხეილ სააკაშვილი
- მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსული დრონებით შეტევას
- "მათ არაფერი აკავშირებთ ამ ქვეყანასთან და არაფერი რომ არ აკავშირებთ, იმიტომაც იღებენ პასუხს ქუჩაში მათივე მხარდამჭერებისგან"- შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე
- "დღევანდელი ოპოზიცია, ის ოთხეული, რომელმაც ბარიერი გადალახა არა ამომრჩევლის, რამედ უცხოელი პატრონების ნებას წარმოადგენს" - შალვა პაპუაშვილი