"სააკაშვილის პრემიერობას "ოცნებაც“ რომ დათანხმდეს, ეს ტექნიკურად შეუძლებელი იქნება”

“7 სექტემბერს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქართველ ამომრჩეველს საკუთარი გეგმები მას შემდეგ გააცნო, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ" და გაერთიანებამ „ძალა ერთობაშია" პრემიერ-მინისტრობის საერთო კანდიდატად დაასახელეს.

სააკაშვილმა სატელევიზიო მიმართვისას თავის გეგმებსა და არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, „სააკაშვილის პრემიერობას „ოცნებაც“ რომ დათანხმდეს, ეს ტექნიკურად შეუძლებელი იქნება” - ხუხაშვილი / ყოფილმა პრეზიდენტმა საქართველოში დაბრუნების პირობა დაასახელა

 

“სააკაშვილის თქმით, საქართველოში ისეთ პირობებში ჩამოვა, რომელიც დაპირისპირებასა და არეულობას არ გამოიწვევს. მე ბევრს მეკითხებიან, როდის ჩამოვალ საქართველოში. მე ჩამოვალ ისეთ პირობებში, რომელიც არ გამოიწვევს დაპირისპირებასა და რაღაც სახის არეულობას იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, იყოს ყველაფერი მშვიდობიანად. თავის დროზე მე ხელისუფლება გადავაბარე მშვიდობიანად და ნამდვილად არ ვაპირებ არეულობას, მაგრამ იმაზე, რომ საქართველო გადასარჩენია, ყველა ვთანხმდებით. მე არ გავურბივარ პასუხისმგებლობას, მე აუცილებლად თქვენთან ერთად, ყველა ერთად, ფეხზე დავაყენებთ ჩვენს საყვარელ სამშობლოს, საქართველოს. ღმერთი იყოს თითოეული თქვენგანის მფარველი!" - თქვა სააკაშვილმა”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

"როგორც მან აღნიშნა, სასამართლო სისტემაში რეფორმები უნდა გატარდეს, ქვეყანაში უცხოელი მოსამართლეები უნდა ჩამოვიდნენ, ასევე შსს-ს პოლიციის ფუნქცია ფორმალურად უნდა დარჩეს, ხოლო სასჯელაღსრულება უნდა გამოეყოს იუსტიციას და მისი ხელმძღვანელი პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. გარდა ამისა, სააკაშვილის თქმით, ოპოზიციის ხელში უნდა გადავიდეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელის თანამდებობა. ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, ის მზადაა, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გახდეს და დაშვებული შეცდომები გამოასწოროს. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრობის პოსტზე მხოლოდ ორი წელი სჭირდება, რათა გეგმები განახორციელოს. სააკაშვილმა ქვეყნის ეკონომიკაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი პრემიერობის პირობებში, საქართველოს თითოეული ოჯახი მდიდარი იქნება”, - განაგრძობს გამოცემა.

 

"პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი „რეზონანსთან" ამბობს, რომ სააკაშვილი პლაგიატია, რადგან შესაძლოა, ყოფილ პრეზიდენტს „ლელოს" წინასაარჩევნო გეგმა მოეწონა. „მე რატომღაც მგონია, რომ ეს უკვე პლაგიატია, ჩვენ „ლელოს" პროგრამა ვნახეთ და, როგორც ჩანს, სააკაშვილი არ გამოტყდება, მაგრამ მათი ძირითადი გზავნილები ძალიან მოეწონა და ცდილობს, რომ ამ მიმართულებით რაღაცები ილაპარაკოს და იბერიის გაბრწყინებაზე იაქტიუროს. „მაგრამ, რეალურად, ნაკლებად დამაჯერებელია, ჩვენ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში საკმაოდ დაზიანებული წარსული გვაქვს და „ქართული ოცნების" პირობებში - დაზიანებული აწმყო. ასე რომ, თუ ამ გზავნილს გადაუწყვეტელ ამომრჩეველზე აკეთებს, მის თვალში ეს დამაჯერებელი არაა, იმიტომ, რომ მის თვალში წარსულიც და აწმყოც კომპრომეტირებულია. „მისი გზავნილები უფრო საკუთარი ელექტორატის მობილიზებაზე უნდა იყოს, რომელსაც ეს საერთოდ არ სჭირდება, მათ მუდმივად მეორედ მოსვლაზე საუბარი სჭირდებათ. ძალიან სამწუხაროა, რომ ურთიერთგამომრიცხავ გზავნილებს ვისმენთ, ჩამოსვლის მოლოდინი შექმნა, ახლა ამბობს, არ ჩამოვდივარ, მაგრამ ჩამოვალ, როცა არჩევნებს მოვიგებო”, - დასძენს გამოცემა.

 

“სააკაშვილის პრემიერ-მინისტრობას "ქართული ოცნებაც" რომ დათანხმდეს, ტექნიკურად არჩევნების შემდგომ მისი პრემიერ-მინისტრობა, უბრალოდ, შეუძლებელი იქნება. მასთან დაკავშირებულ პროცედურებს საკმაოდ დიდი დრო სჭირდება და არჩევნების შემდეგ მისი გაპრემიერება ვერ მოესწრება, მით უმეტეს, რომ ამ ქვეყნის მოქალაქე არაა და განაჩენები ძალაშია შესული. შესაბამისად, სანამ ამ ყველაფერს გავივლით, პრემიერ-მინისტრი ვიღაც ხომ უნდა იყოს. ასე რომ, ასეთ აბსურდში შევყავართ. კი, ბატონო, შესთავაზეს, დათანხმდა, რომის პაპობა რომ შეეთავაზებინათ, შეიძლება, იმაზეც დათანხმებულიყო, მაგრამ ეგეც ტექნიკურად ძალიან ძნელია. ასე რომ, ჩვეულებრივი ამბავია, სააკაშვილი მისთვის დამახასიათებელ ამპლუაშია, ჩემთვის არაფერი სიახლე არაა", - განაცხადა ხუხაშვილმა”, - წერს სტატიის ავტორი.

წაკითხვა 939 ჯერ განახლდა განახლდა სექტემბერი 08 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.