"საქართველო დღეს კატასტროფულ სიტუაციაშია, ამიტომ დავთანხმდი პრემიერ-მინისტრობის შემოთავაზებას"
უკრაინის პოპულარული ინტერნეტ-გამოცემის „გორდონ“-ის («Гордон») მთავარმა რედაქტორმა ალესია ბაცმანმა 8 სექტემბერს რედაქციაში მიიწვია და ინტერვიუ ჩამოართვა საქართველოს ექს-პრეზიდენტს, უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარეს მიხეილ სააკაშვილს. საუბარი 20 წუთს გაგრძელდა, იმსჯელეს საქართველოში და უკრაინაში შექმნილ ვითარებაზე, მიხეილ სააკაშვილის გეგმებზე და ა.შ.
გთავაზობთ ინტერვიუს იმ ნაწილს, რომელიც საქართველოს ეხება:
ალესია ბაცმანის კითხვაზე, რომელიც ექს-პრეზიდენტის საქართველოში დაბრუნებას ეხება - „როდის და როგორ მიიღეთ ეს გადაწყვეტილებაო“ - მიხეილ სააკაშვილი პასუხობს:
„მე ჯერ-ჯერობით არსად არ მივდივარ, კიევში ვრჩები. საქართველოში მალე ეროვნული საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. საქართველო დღეს კატასტროფულ სიტუაციაშია. ეს ევროპის ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც შიმშილის ზონაში იმყოფება - ისევე როგორც აფრიკის საჰარისა და აზიის ზოგიერთი სახელმწიფო. როცა მე ვიყავი პრეზიდენტი, ქვეყანაში ეკონომიკის მოცულობა ოთხჯერ გაიზარდა, უკანასკნელ წლებში კი შემცირდა... ანუ ასეთ რთულ სიტუაციაში მყოფი ქვეყანა უნდა გადავარჩინოთ, სწორედ ამიტომ დავთანხმდი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურის შემოთავაზებაზე. იქნება გარკვეული გარდამავალი პერიოდი. მე არ ვიცი, ეს პერიოდი რამდენ ხანს გაგრძელდება. თუ პრემიერ-მინისტრის პოსტზე სხვა კანდიდატები არ იქნებოდნენ (და გაერთიანებულ ოპოზიციას მეტი არ ჰყავს), მე დავთანხმდი ვიყო გარდამავალი პერიოდის პრემიერ-მინისტრი. აი, ასეთი სიტუაციაა“.
- როგორ შეიძლება განხორციელდეს, ტექნიკური თვალსაზრისით, თქვენი დანიშვნა პრემიერ-მინისტრად?
- შევხედავთ, თუ როგორ განვითარდება მოვლენები. არ მინდა, რომ ჩემს დანიშვნას თან უწესრიგოებები ახლდეს... თავის დროზე ხელისუფლება მშვიდობიანად გადავეცი, მიუხედავად იმისა, რომ ახალ [პოლიტიკურ ძალას] მშვიდობიანი განზრახვები არ ჰქონდა. ჩვენ შევქმენით პრეცედენტი მთელი რეგიონისათვის - არჩევნებში გამარჯვებულს ხელისუფლება ზედმეტი შეხლა-შემოხლის გარეშე გადავეცით. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ პრაქტიკულად სტაჟირება ჩავუტარეთ ახალი ხელისუფლების გამოუცდელ მინისტრებს, სანამ ისინი ხელისუფლებას ჩაიბარებდნენ. მე მშვიდად წავედი პრეზიდენტის პოსტიდან, თუმცა მანამდე მე მათთან ერთად კიდევ ერთი წელი ვიმუშავე. ამიტომაც მე არ მინდა ხელისუფლებაში, რომელიმე კაბინეტში ისევ მოსვლა რაღაც არეულობის, უწესრიგობის, შეხლა-შემოხლის და ექსცესების დახმარებით. იქნება არჩევნები, ხალხი ხმას მოგვცემს და როცა შესაბამისი სიტუაცია შეიქმნება, შევხედავთ ვითარებას და მშვიდად ვიმოქმედებთ.
- საქართველოში თქვენს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული...
- ჰო, რაღაც საქმეებია - ისევე როგორც უკრაინაში იყო რამდენიმე საკითხზე.. როგორც კი ხელისუფლება შეიცვალა, ყველა საქმე დაიხურა. მათ ესმით, რომ ყველაფერი თეთრი ძაფით არის ნაკერი...
- როგორ შეგიძლიათ თქვენ, უკრაინის მოქალაქეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავება?
- თავის დროზე, როცა ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში მოდიოდა, მას საფრანგეთის მოქალაქეობა ჰქონდა, თუმცა ამ გარემოებას მისთვის ხელი არ შეუშლია პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავებაში. შევხედავთ სიტუაციას... ყველა შემთხვევაში საჭიროა, რომ საქართველოს პარლამენტი აირჩეს და შეიკრიბოს, რომ მან გადაწყვეტილება მიიღოს. თუ პარლამენტის წევრები გადაწყვეტენ, რომ მე უნდა ვიყო პრემიერ-მინისტრი რაღაც გარკვეული ვადის განმავლობაში, ეს მათი საქმეა და მიიღებენ კიდეც გადაწყვეტილებას. თავის დროზე ჩვენ ბიძინა ივანიშვილსაც, საფრანგეთის მოქალაქეს, ნება მივეცით საქართველოს პრემიერ-მინისტრი ყოფილიყო. ეს იურიდიული საკითხებია და ისინი მოგვარდებიან, მათ არ აქვთ [გადამწყვეტი] მნიშვნელობა, ამაში რაიმე სირთულე არ არის“.
ჟურნალისტის კითხვაზე, აქვს თუ არა მას რაიმე უთანხმოება პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკისთან, იცის თუ არა პრეზიდენტმა მისი საქართველოში დაბრუნების სურვილის თაობაზე, მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტთან მას არავითარი უთანხმოება არ აქვს: „ვლადიმერ ზელენსკისათვის საიდუმლო არ უნდა იყოს ჩემი სურვილი საქართველოში დაბრუნების შესახებ. უკრაინაში სხვა უამრავი პრობლემაც არის, რომ ახლა საქართველოში ჩემს დაბრუნებაზე არ იფიქრონ“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"