"თუ აფხაზეთის დაბრუნება და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა გვინდა, ბრძოლა ქვეყნის ეკონომიკური განვითარებით უნდა დავიწყოთ“
„ადამიანები ვფიქრობთ, რომ ვიღაც მოვა და გვიშველის, ეს აბსურდია, უნდა გავიაზროთ, რომ არავინ არაფერს გაგვიკეთებს, ჩვენი გასაკეთებელი საქმე თვითონ უნდა ვაკეთოთ“ - ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „სოციალური სამართლიანობისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი შერვაშიძემ განაცხადა.
მისი თქმით, თუ აფხაზეთის დაბრუნება და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა გვინდა, მოქმედება ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერებით უნდა დავიწყოთ.
„აფხაზეთი მეც ისევე მტკივა, როგორც ნებისმიერ პატრიოტს. ყველაზე კარგად მესმის დევნილთა ტკივილი, იმიტომ, რომ თვითონ ვარ დევნილი. რთულია, ატარო იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსი, მაგრამ მეორე მხრივ, სწორედ ეს სტატუსი არ გაძლევს უფლებას, დაივიწყო, ვინ ხარ და რისთვის იბრძვი. ოჩამიჩირედან 11 წლის ასაკში წამოვედი. სოხუმის დაცემის შემდეგ ტერიტორიის დატოვება მეც ისევე მომიწია, როგორც სხვა დევნილებს. მას შემდეგ აფხაზეთისთვის თბილისიდან ვიბრძვი... ყოველ შემთხვევაში, ვცდილობ მაინც. ჩვენთან, ისნის რაიონში, 60 ოჯახი ცხოვრობს. კარგად ვიცი, ვის რა პრობლემები აქვს, ვის სად და რა უჭირს. ვხედავ, რამდენად უსამართლოდ დგას ქულების მინიჭების საკითხი, როგორ გვარდება ბინების გადანაწილების თემა საქართველოში და ა.შ. ბუნებრივია, რაღაც ძვრები არის, ადამიანების გარკვეულ რაოდენობას უკვე გადაეცა საცხოვრებელი სახლები, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი ადამიანი საკუთარი ჭერის გარეშეა დარჩენილი. ზოგადად, როგორც ხდება ხოლმე, დევნილთა გარკვეული ნაწილი მოერგო რეალობას, ნაწილი კი ისევ ფინანსური და მორალური პრობლემებითაა დატვირთული. ამ ადამიანების სახელმწიფოს დახმარება სჭირდებათ. უკვე 27 წელი გავიდა სოხუმის დაცემიდან და იძულებით გადაადგილებული პირების გარკვეული ნაწილი ისევ მძიმე მორალური პრობლემებით ცხოვრობს. ეს გასაკვირიც არაა, რუსეთ-საქართველოს ომში (არ ვთვლი, რომ ეს ომი აფხაზ და ქართველ მოსახლეობას შორის დაიწყო) მათ ოჯახის წევრები, ახლობლები და მეგობრები დაკარგეს,“- განაცხადა გიორგი შერვაშიძემ.
მისი თქმით, ადამიანები სხვების იმედზე რჩებიან მაშინ, როდესაც ერთად დგომა და მოქმედებაა საჭირო.
„პრობლემა იმაშია, რომ ადამიანები ვფიქრობთ, რომ ვიღაც მოვა და გვიშველის, გვაქვს განცდა, რომ მესამე ძალა გვჭირდება. მინდა გითხრათ, რომ ეს აბსურდული განცდაა. არავინ არსად მოვა და არც სხვა გაგვიკეთებს არაფერს. ჩვენი პრობლემები ჩვენი მოსაგვარებელია. სხვის იმედად არ უნდა ვიცხოვროთ. მთავარი ისაა, რომ ქვეყანა ეკონომიკურად ისე უნდა გავაძლიროთ, რომ აფხაზებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის სურვილი თვითონვე გაუჩნდეთ. ქვეყანს ამის ყველანაირი რესურსი გააჩნია. მთავარი მონდომება და მოქმედებაა,“ - განაცხადა გიორგი შერვაშიძემ.
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"