“ოცნება” 100 მანდატის აღებას აპირებს და კოალიციას გამორიცხავს, ივანიშვილი კი ამბობს, რომ “ნაციონალები” რევანშს ამზადებენ
“ქართული ოცნება” დარწმუნებულია, რომ მთავრობას ყოველგვარი კოალიციის გარეშე ჩამოაყალიბებს და მომავალ პარლამენტში 100 დეპუტატით იქნება წარდგენილი.
პარტიული სიის ცეესკოში წარდგენის შემდეგ ირაკლი კობახიძემ ვინმესთან კოალიციის შექმნა კატეგორიულად გამორიცხა: “გვაქვს მოლოდინი, რომ 50%-ს მნიშვნელოვნად გადასცდება ჩვენი მაჩვენებელი. ვფიქრობთ, შეიძლება იყოს 60%. აქედან გამომდინარე, 70 კაცი შეიძლება იყოს გამსვლელი პროპორციული სიიდან, რაც ნიშნავს მთლიანობაში 100 დეპუტატს. ჩვენ გვაქვს ყველანაირი რესურსი, რომ 100 დეპუტატით ვიყოთ წარმოდგენილი შემდეგ პარლამენტში”. მოგვიანებით, პარტიის საარჩევნო პროგრამის წარდგენაზე ბიძინა ივანიშვილიც გამოჩნდა, თქვა, რომ “ნაცმოძრაობა” რევანშს აპირებს და პოლიტიკურ ოპონენტებზე შურისძიებას გეგმავს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ოცნება” 100 მანდატის აღებას აპირებს და კოალიციას გამორიცხავს, ივანიშვილი კი ამბობს, რომ “ნაციონალები” რევანშს ამზადებენ.
“მართლაც საოცარი ცინიზმია, როდესაც მრავალი სიმხეცით გადაგვარებული, მაგრამ ამავდროულად საკმაოდ ცბიერი პოლიტიკური გუნდი აბსოლუტურად უცვლელი შემადგენლობით, მოურიდებლად ცდილობს კვლავაც მოატყუოს ხალხი და დაიბრუნოს შეუზღუდავი ძალაუფლება, რათა ახლა უკვე გაორმაგებული ძალისხმევით, პერსონალურად იძიოს შური ყველა იმ პატრიოტ ადამიანზე, ვინც 2012 წლის ოქტომბერში თავისი წვლილი შეიტანა მათი ძალადობრივი მმართველობის დასრულებაში”, - თქვა ივანიშვილმა და დაამატა, რომ ყოფილი ხელისუფლება იყო “რეჟიმი, რომელიც მომხდურ მტერზე არანაკლებ დაუნდობლად და სასტიკად ექცეოდა საკუთარ საზოგადოებას”. მისივე განაცხადებით, “ნაციონალური მოძრაობას” ძალიან დაბალი წარმოდგენა აქვს ქართულ საზოგადოებაზე და ფიქრობს, რომ მარტივად მოახერხებს მათი ემოციებით მანიპულირებას და “სწორედ ამიტომ ფუნდამენტურად წარმოუდგენელია ჩვენი ხალხის, მისი კულტურის, ტრადიციებისა და მსოფლმხედველობისა და “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის თანაარსებობა”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ჩვენი მეხსიერებიდან ვერავინ წაშლის უამრავი უდანაშაულოდ მოკლული ახალგაზრდის და დემონსტრაციულად დახვრეტილი ადამიანების სახეებს. ჩვენ არასდროს დაგვავიწყდება წლები, როდესაც ადამიანების ღირსების ფეხქვეშ გათელვა, მათი აბუჩად აგდება, დაშინება, უსაფუძვლოდ ციხეებში გამოკეტვა, ულმობელი წამება და დასახიჩრება, ბიზნესის დაწიოკება და საკუთრების წართმევა ცხოვრების ჩვეულებრივ ნორმად ქცეული მოვლენა იყო. ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრება ქართული ტრადიციული ცხოვრების გაუკუღმართების, ჩვენი კულტურული თვითმყოფადობის წაშლისა და საქართველოს ისტორიის თავიდან გადაწერის ავადმყოფური წყურვილი. ოჯახის ფენომენზე გააფთრებული იერიშის, ქართული სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი საყრდენის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შევიწროებისა და დაქსაქსვის გამუდმებული მცდელობები. დავიწყებას ვერ მიეცემა დრო, როდესაც სახელმწიფოს არ გააჩნდა არანაირი თანაგრძნობა და სოციალური სოლიდარობა საკუთარი ხალხისადმი, დრო, როდესაც მოქალაქეების უმეტესი ნაწილი იძულებული იყო, უკანასკნელი საოჯახო ნივთებიც კი გაეყიდა მკურნალობისთვის” - განაცხადა ივანიშვილმა, რომლის თქმით, “მეტ-ნაკლებად მძიმე სამედიცინო დიაგნოზი, პრაქტიკულად, სასიკვდილო განაჩენს უდრიდა”, - განაგრძობს გამოცემა.
“ჩვენ არასდროს დაგვავიწყდება ხელისუფლების ბოროტი ნების უსიტყვოდ შემსრულებელი, ნოტარიუსად ქცეული, და დაჩოქებული სასამართლო, ნამდვილი სამართლებრივი წყვდიადი, გაუქმებული მართლმსაჯულება, და გაუქმებული ადვოკატის პროფესია, ტერორში მყოფი პოლიტიკური ოპოზიცია, უხეშად გაყალბებული არჩევნები, დემოკრატიული კონტროლისა და სახელისუფლებო ბალანსის არმქონე, დამახინჯებული კონსტიტუცია, ერთი კაცის ვნებებისა და სურვილების შესაბამისად განაწილებული საბიუჯეტო სახსრები; მიტაცებული, უსიცოცხლო და გარინდებული მედია, პირადი ცხოვრების გამჟღავნების უწყვეტი მუქარები და შანტაჟი, უკანონოდ დაპატიმრებული ჟურნალისტები, შეურაცხყოფილი მწერლები, მსახიობები, მეცნიერები, სპორტსმენები, და ჩვენი საზოგადოების სხვა სასიქადულო და თვალსაჩინო წარმომადგენლები”, - თქვა ივანიშვილმა. “ქართული ოცნების” ლიდერის განცხადებით, მმართველი ძალა 8 წელი ებრძოდა სიღარიბეს და შეძლეს ოცწლიანი დაღმასვლის შეჩერება, ხოლო 400 ათასამდე მოქალაქე უკიდურესი სიღატაკიდან ამოვიყვანეს”, - დასძენს გამოცემა.
“ივანიშვილის თქმით, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი კიდევ 700 ათასზე მეტი მოქალაქე რჩებათ, რაც ძალიან დიდი რიცხვია. “სამწუხაროდ, ჩვენი ეკონომიკა არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ეს პრობლემა ერთბაშად დავძლიოთ, მაგრამ მტკიცედ გვწამს, რომ სწორი ეკონომიკური პოლიტიკით, ერთიანობით, თავდაუზოგავი და პატიოსანი შრომით, პასუხისმგებლობითა და პროფესიონალიზმით, ჩვენ ამ პრობლემასაც წარმატებით დავძლევთ”, - აღნიშნა მან. თეა წულუკიანმა საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ 2012 წლის შემდეგ ქვეყანაში არსებითად გაიზარდა დემოკრატიის ხარისხი. ქვეყანამ მიიღო ახალი, ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული კონსტიტუცია. “ქართული ოცნება” შეინარჩუნებს და კიდევ უფრო განამტკიცებს, 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხის უმთავრეს მონაპოვარს, ადამიანის თავისუფლებას, უსაფრთხოებას, დემოკრატიულ, კონსტიტუციურ წეს-წყობილებას ჩვენს ქვეყანაში. ადამიანის ღირსება, მისი თავისუფლება და თანასწორობა, ადამიანის უფლებების განუხრელი დაცვა კვლავაც ჩვენი ხელისუფლების უმთავრესი ღირებულება და გადაწყვეტილებების მიღების სახელმძღვანელო პრინციპი იქნება”, - აცხადებს წულუკიანი. ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით 2020 წელს საქართველოში იმდენი მაგისტრალი აშენდა, რამდენიც 2012 წლამდე ერთად აღებული”, - წერს სტატიის ავტორი.
“2012 წლის ბოლოსთვის საქართველოში სულ 68 კილომეტრი ავტობანი იყო დაგებული, 2012-დან 2020 წლებში კი სამჯერ მეტი, 198 კილომეტრი ჩქაროსნული მაგისტრალი აშენდა”, - განაცხადა ცქიტიშვილმა. “ქართული ოცნების” მიერ გუშინ დასახებული პროპორციული სიის ხუთეული ასე გამოიყურება: პრემიერი გიორგი გახარია, პარლამენტის სპიკერი არჩილ თალაკვაძე, ასევე ირაკლი კობახიძე; თეა წულუკიანი და მამუკა მდინარაძე. განახლებულ პროპორციულ სიაში მოხვდნენ როგორც ძველი, ისე ახალი სახეები. მოქმედი დეპუტატების, მინისტრებისა და პოლიტიკოსების გარდა, სიაში სპორტსმენებიც არიან”, - დასძენს სტატიის ავტორი.
სიახლეები
- "თუ არ ხევ მანდატს და არ გადიხარ, ე.ი. პარლამენტის ლეგიტიმურობას აღიარებ?" - ვახტანგ ძაბირაძე
- "ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა! " - მიხეილ სააკაშვილი
- მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსული დრონებით შეტევას
- "მათ არაფერი აკავშირებთ ამ ქვეყანასთან და არაფერი რომ არ აკავშირებთ, იმიტომაც იღებენ პასუხს ქუჩაში მათივე მხარდამჭერებისგან"- შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე
- "დღევანდელი ოპოზიცია, ის ოთხეული, რომელმაც ბარიერი გადალახა არა ამომრჩევლის, რამედ უცხოელი პატრონების ნებას წარმოადგენს" - შალვა პაპუაშვილი