“შეგნებული თუ შეუგნებელი შეცდომები იყო დაშვებული” - რა ხდებოდა აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენის კომისიაში

“თავდაცვის სამინისტროსგან მიღებული წერილის საფუძველზე საქართველოს პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით - უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე დაიწყო.

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის წევრების ჩხრეკვა ჩატარდა. კერძოდ, გაჩხრიკეს დელიმიტაციის კომისიის ყოფილი წევრების, ნატალია ილიჩოვას საცხოვრებელი სახლი და ივერი მელაშვილის სამუშაო ოთახი. ნატალია ილიჩოვა საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელია. 2011 წელს ამ უწყების ოპერაციების დაგეგმარებისა და სასაზღვრო საიმიგრაციო კონტროლის განყოფილების უფროსი ოფიცრის სტატუსით იყო კომისიის შემადგენლობაში. “კურიერის” ექსკლუზიური ინფორმაციით, სწორედ ნატალია ილიჩოვაა ის პირი, ვისგანაც გამოძიებამ 1938 წლის რუკის ორიგინალი ამოიღო. ივერი მელაშვილი 2006-2017 წლებში იყო კომისიის წევრი, ახლა კი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტში მუშაობს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “შეგნებული თუ შეუგნებელი შეცდომები იყო დაშვებული” - რა ხდებოდა აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენის კომისიაში.

 

“ამ დილას ჩხრეკა ჩაატარეს სახლში, შემდეგ სამუშაო ოთახში. წაიღეს უამრავი მასალა შესწავლის მიზნით. არსებობდა რუკის ასლი, ორიგინალი ერევანშია. ბოლო დროს აჟიტირებული თემაა, ვითომ ვიღაცისთვის ფართობის გადაცემა ან დათმობა ვინმეს სასარგებლოდ, აზერბაიჯანის სასარგებლოდ. ამისთანა რამ გამორიცხულია. არც ძველ კომისიაში მომხდარა ასეთი და არც ახალში”, - განაცხადა ივერი მელაშვილმა. როგორც თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა კომისიის მიერ საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა. “აქ არ არის საუბარი მხოლოდ დავით გარეჯზე, აქ საუბარია მთლიანად საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის საკითხზე. ფაქტია, რომ 2006 წლის წინასწარი შეთანხმებით რაც არსებობს, ზიანდება ჩვენი სახელმწიფო ინტერესი. ჩვენ ვსაუბრობთ საერთაშორისო სამართლის მიხედვით, 1998 წლის შეთანხმების მიხედვით, შესაბამისი გადაწყვეტილების აღსრულებაზე. ამისთვის საჭირო იყო 1938 წლის რუკებზე დაყრდნობით დემარკაციის კომისიის ფარგლებში უზრუნველყოფა”, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა, რომლის განმარტებით, “ამ კომისიამ მოამზადა წინასწარი შეთანხმება და ამის ფარგლებში ჩანდა, რომ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესები ზიანდებოდა და ამ ნაწილში გაჩნდა ეჭვები”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“ეს არის ფაქტი, მეორე ფაქტი არის ის, რომ რუკები, რომლითაც უნდა განსაზღვრულიყო დემარკაცია, ან შეგნებულად არ მოიძიეს, ან არსებული რუკები უბრალოდ გაქრა. მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ დავით ხიდაშელს, რომელმაც უნიკალური მოქმედებები განახორციელა და დღეს ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა გვქონდეს ორიგინალური ვერსია 1938 წლის რუკის, რომელზე დაყრდნობითაც კომისიის ფარგლებში, აბსოლუტურად კონსტრუქციულად აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთად კიდევ ერთხელ გავივლით იმ საკითხს, რომ მოხდეს დემარკაცია საერთაშორისო სამართლის მიხედვით”, - თქვა ირაკლი სესიაშვილმა. ორი დღის წინ გამოკითხვაზე იყო დაბარებული გარეჯის ლავრის მღვდელმსახური, არქიმანდრიტი კირიონი. პროკურატურის ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეზე უკვე ათეულობით პირია გამოკითხული. საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით ახალი კარტოგრაფიული მასალები და დოკუმენტებია მოძიებული, რამაც შესაძლოა, 2006-2007 წელს მიღწეული შეთანხმების გადახედვის აუცილებლობა გამოიწვიოს”, - განაგრძობს გამოცემა.

 

“როგორც ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე “რეზონანსთან” საუბარში აღნიშნავს, 2006-2007 წლების კომისიამ “შეგნებული თუ შეუგნებელი” შეცდომები დაუშვა. “ეს იყო წინასწარი დოკუმენტი დემარკაცია-დელიმიტაციისა, ეს წინასწარი დოკუმენტი რომ შექმნეს, იქ ზოგიერთი ნაწილი არასწორად იყო გაკეთებული. 38 წლის რუკაზე როდესაცაა ლაპარაკი, იქ განსაზღვრული იყო აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკასა და საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას შორის ადმინისტრაციული საზღვარი, იქ ყველა ეს მონაკვეთი შეთანხმებული და ბეჭედდასმული იყო. მაშინდელი ადმინისტრაციული საზღვრის გაყოფის რუკა გაქრა, დაიკარგა. რაც შეეხება 2006-2007 წელს, ამ ახალმა კომისიამ მუშაობა 96 წლიდან დაიწყო, რომ სახელმწიფოთა შორის დემარკაცია დელიმიტაცია მოეხდინათ, ხომ ვამბობდით ხოლმე რომ საზღვრის 60% შეთანხმებულია, ეს 60% რომ შეათანხმეს, 2006-2007 წლებში ქაღალდზე გადაიტანეს, ეს კიდევ არ იყო საბოლოო დემარკაცია-დელიმიტაცია, ეს მონაკვეთების შეთანხმება იყო”, - განაცხადა არეშიძემ, რომლის თქმით, “ამ მონაკვეთების შეთანხმებაში შეგნებული თუ შეუგნებელი შეცდომები იყო დაშვებული”, - დასძენს გამოცემა.

წაკითხვა 506 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.