"10 საათი დამაყოვნეს გამოკითხვაზე, ამომრჩევლებთან დაგეგმილი შეხვედრაც ჩამიშალეს“  – მამუკა ტუსკაძე

„მე საარჩევნო სუბიექტი ვარ, მაგრამ დღეს შსს-ს რუსთავის მესამე განყოფილებაში გამოკითხვაზე დამიბარეს, ამჯერად უარი არ მითქვამს, რადგან დამპირდნენ, რომ პროცედურას ერთ საათში დაასრულებდნენ და შეხვედრებზე დასწრების საშუალებას მომცემდნენ, მაგრამ გამოკითხვა, დაახლოებით, 10 საათს გაგრძელდა.“ – ასე უპასუხა პოლიტიკური მოძრაობა „სოციალური სამართლიანობისთვის“ ლიდერმა, მამუკა ტუსკაძემ „ნეოპრესის“ ჟურნალისტის შეკითხვას, რომელიც საარჩევნო კამპანიის დროს შსს-ს ერთ-ერთ განყოფილებაში მისი დაყოვნების ფაქტს ეხებოდა.  მისივე განმარტებით, უწყება საარჩევნო კამპანიის წარმოებაში ხელს მიზანმიმართულად უშლიდა.

„უწყებათაშორისი კომისიის წევრი ვარ, მაგრამ დღევანდელ სხდომას ვერ დავესწარი, 9 საათიდან გამოკითხვაზე ვარ…  ვერც თელავში დაგეგმილ შეხვედრაზე მივედი… იცოდნენ, რომ დღეს მნიშვნელოვანი გეგმები გვქონდა. გუშინ ველაპარაკე გამომძიებელს. ავუხსენი, რომ ერთი-ორი საათით მისვლა შემეძლო, მაგრამ შემდეგ სხდომაზე და შეხვედრებზე უნდა წავსულიყავი. დამეთანხმა, ერთი საათის მეტი არ დაგვჭირდებაო… აღმოჩნდა, რომ ათი საათი ყოფილა საჭირო. აქ მნიშვნელოვანია არა პროცედურული დარღვევები, არამედ სუბიექტთან ურთიერთობის სტანდარტები, რომელიც ასევე უხეშად დაირღვა,“- აღნიშნა მამუკა ტუსკაძემ.

 

როგორც ტუსკაძემ განმარტა,  გამოკითხვაზე დილის 9 სთ-ზე მივიდა და 1,5 სთ-ში იუსტიციის სამინისტროში დაბრუნებასაც გეგმავდა, თუმცა არათუ 11 საათიანი შეხვედრა,  ამომრჩეველთან 4-საათიანი აუდიენციაც ვერ შედგა.

 

„ფაქტია, რომ შემთხვევა პოლიტიკურ ელფერს ატარებს. ინსტრუქცია კარზე აქვს გაკრული ყველას, რომელშიც ნათქვამია, რომ აქტიურად უნდა ითანამშრომლონ საარჩევნო სუბიექტებთან. მაგრამ ჩემს შემთხვევაში პირიქით მოხდა. ბესო ზედელაშვილმა და მისმა გამომძიებელმა მინისტრის ბრძანება დაარღვია. არაერთხელ შევახსენე, რომ ამომრჩევლებთან შეხვედრა მქონდა. მართალია, ამბობს, რომ ჩვენი საარჩევნო კამპანია არაფერში აინტერესებს, სინამდვილეში პირიქით ხდება. აინტერესებთ იმდენად, რომ მზად არიან, არ დაზოგონ ძალა და ენერგია, რომ ხელი შეგვიშალონ ამ კამპანიის წარმატებულად ჩატარებაში.“- აღნიშნა ტუსკაძემ.

 

მისივე თქმით, გამოკითხვა მაშინ დასრულდა, როდესაც ტელეფონში შსს-ს ზარის ხმა გაისმა.

 

„არ ვიცი, ვინ დაურეკა, მაგრამ ბოლოს ყველა აღელდა. სხვა გამომძიებელიც დამიტოვეს გამოკითხვის დასასრულებლად, თვითონ კი შსს-ში ან გენინსპექციაში წავიდნენ. მანამდე გამიყვანეს და მთხოვეს, რომ გადაცდომების, ანუ გამოკითხვასა და გამოკითხვის ხანგრძლივობის შესახებ არავისთვის არაფერი მეთქვა. იყო შვილების ფიცება, თხოვნები და ა.შ. ვუპასუხე, რომ მნიშვნელოვანი საქმე გამიფუჭდა და ასეთ დროს ძმაკაცობასა და თხოვნაზე ვეღარ ვიფიქრებდი…  მაშინ, ჩათვალე, რომ მოხსნილები ვართო, მითხრეს და გავიდნენ…

 

ზემოთაც აღვნიშნე და აქაც გავიმეორებ: შსს-ს კონკრეტულმა წარმომადგენლებმა დაარღვიეს არა მარტო პროცესუალური ნორმები, არამედ საარჩევნო სუბიექტთან ურთიერთობის სტანდარტები. ეს სტანდარტები იქნა მიღებული წინა სამშაბათს. შსს-ს დავალებული ჰქონდა, რომ განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, თუ ამის აუცილებლობა არ იყო, მაგალითად, მკვლელობის, ან დანაშაულის ადგილზე წასწრების ფაქტი, არ უნდა მომხდარიყო ხელშეშლა. დღეს რამდენჯერმე ვთხოვე გამომძიებელს, შევწყვიტოთ გამოკითხვა და გავაგრძელოთ ხვალ-მეთქი, მაგრამ არ მომისმინა. შენობასთან მელოდებოდნენ ჩემი თანამებრძოლები, ცდილობდნენ, აეხსნათ სათანადო პირებისთვის, რომ იშლებოდა შეხვედრა, მაგრამ შედეგი არ დადგა.

 

ვფიქრობ, ეს ხელოვნურად გამოწვეული მიზანმიმართული პროვოკაციაა. ასე ებრძვიან ძლიერ ახალ პოლიტიკურ პარტიებს. აქვე მინდა ხაზი გავუსვა, რომ არ ვსაუბრობ ჩასაფრებულის პოზიციიდან, პირიქით. ჩვენი პოლიტიკური მოძრაობა ცდილობს, აუხსნას ხელისუფლებას, რა არის გამოსასწორებელი. ღიად ლაპარაკობს მის ღირსებებსა და გაკეთებულ საქმეებზე. მაგალითად,  ვამბობ, რომ შსს-ს სრული რეორგანიზაციაა საჭირო. მეტიც, ვფიქრობ, რომ უწყებას სახელიც კი უნდა გადაერქვას და მართლწესრიგისა და უსაფრთხოების სამინისტრო ეწოდოს“. სერიოზული პრობლემაა შსს- პირველი დონის საგამოძიებო ორგანოებში. აქვთ კადრების დეფიციტი. სხვათა შორის, რამდენჯერმე გავაკეთე განცხადება ამაზე და ვფიქრობ, შესაძლოა, სწორედ ეს გახდა დღევანდელი დღის ასე წარმართვის მიზეზი. ზოგადად, მე აქტიური ცხოვრებით ვცხოვრობ, როგორც სამშენებლო ბიზნესში, ასევე ადვოკატურაში, პოლიტიკური ცხოვრებაც არანაკლებად საინტერესო მაქვს და ბუნებრივია, დაინტერესებულია სახელმწიფოს უშიშროების სამსახური ჩემი ცხოვრების პერიპეტიებით. ეს კარგიცაა. რა თქმა უნდა, უნდა დაინტერესდნენ, მაგრამ კანონი არ უნდა დაარღვიონ.“ – აღნიშნა მოძრაობის ლიდერმა.

 

როგორც მამუკა ტუსკაძე აცხადებს, საქმე, რომელსაც ედავებიან, სინამდვილეში სადავოც არაა.

 

„ეს ის საქმე არაა, რომლის საფუძველზეც გამოკითხვებზე უნდა მიბარებდნენ. ახლა საქმის ჩაფარცხვას ცდილობენ. გამოიყენეს ჯვარედინი დაკითხვის მეთოდი, რომელიც დღეს აკრძალულია და თითქოს რაღაცებიც წამოაცდევინეს ადამიანებს საკუთარი ოჯახის წევრების შესახებ. მივმართავ ბიძინა ივანიშვილს, მიაქციოს ყურადღება შსს-ს. არ შეიძლება ამ უწყებაში ასეთი არაპროფესიონალიზმი და ქაოსი იყოს. აქვე მინდა, მადლობა გადავუხადო შსს-ს ცენტრალურ დეპარტამენტს, რომ ინფორმაციის მიღებისთანავე ჰქონდა რეაგირება და მეც, როგორც იქნა, გავთავისუფლდი ამ ხანგრძლივი პროცესისგან.“ – განაცხადა მამუკა ტუსკაძემ.

 

პოლიტიკური მოძრაობა „სოციალური სამართლიანობისთვის“ ლიდერი გამოკითხვაზე 13 ოქტომბერს დილით, 9 საათზე მივიდა და დაახლოებით, რვა საათისთვის გათავისუფლდა. დაკავების შესახებ „ნეოპრესს“ პარტიის გენერალურმა მდივანმა, შორენა ახალაიამ, დაახლოებით, ექვსის თხუთმეტ წუთზე აცნობა. ახალაიას თქმით, თელავის მოსახლეობასთან დაგეგმილი შეხვედრა ვერ შედგა, რადგან ლიდერის დროულად გათავისუფლება ვერ მოხერხდა.

 

„უკვე რვა საათს გადასცდა, მაგრამ ჩვენი პარტიის ლიდერი ისევ გამოკითხვაზეა. ადგილი არანაირ გადაუდებელ აუცილებლობას არ ჰქონია, არც დანაშაულის ფაქტზე წაუსწრია ვინმეს. ამ წინასაარჩევნო ალიაქოთში გამოკითხვაზე საერთოდ არ უნდა დაებარებინათ, მაგრამ რადგან დაიბარეს, ამომრჩევლებთან შეხვედრაში მაინც არ უნდა შეეშალათ ხელი. თან წინასწარ იყვნენ გაფრთხილებულები, იცოდნენ, რომ შეხვედრა დაგეგმილი იყო და მამუკა ტუსკაძე დანიშნულ დროს ადგილზე მაინც უნდა მისულიყო. ბოლოს და ბოლოს, ხელწერილი დაეწერა და გაეგრძელებინათ გამოკითხვა ხვალ…"- აღნიშნა შორენა ახალაიამ.

 

წაკითხვა 580 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.