„ბიუჯეტი პრობლემურ საკითხებზე უნდა იყოს მიმართული და არა ბიუროკრატიულ ხარჯებზე“ -ირაკლი კიკვაძე
დღეს, ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, პოლიტიკური დებატების ფორმატში მეორე შეხვედრა გაიმართა.
კონსორციუმი "სამართლებრივი დახმარება საქართველოში" ახორციელებს პროექტს, რომელიც გაეროს განვითარების ფონდის მიერაა დაფინანსებული.
როგორც კონსორციუმი "სამართლებრივი დახმარება საქართველოში"-ს გამგეობის თავმჯდომარე გიორგი შავგულიძემ FirstNews.ge- თან საუბარში განაცხადა, დებატების ფორმატში, შეხვედრა დევნილ ახალგაზრდებთან გაიმართა.
„UNDEF-ის მიერ დაფინანსებული პროექტის - "პოლიტიკური დებატები პოლიტიკურ პარტიებთან" ფარგლებში მეორე შეხვედრა გაიმართა, სადაც ახალგაზრდების პრობლემებზე ვისაუბრეთ. "ლეიბორისტული პარტიის" ქუთაისის მერობის კანდიდატმა ირაკლი კიკვაძემ საკუთარი სამომავლო გეგმები დამსწრე საზოგადოებას გააცნო. ახალგაზრდებს ესაუბრა განათლებაზე, დასაქმებაზე, სტუდენტურ შეღავათებზე, რომელიც ტრანსპორტსა და განათლების საკითხებს შეეხება. მერობის კანდიდატმა განიხილა ბაგა-ბაღების, სკოლისა და უმაღლეს განათლების სფეროში სამომავლო რეფორმები,“- განაცხადა გიორგი შავგულიძემ.
როგორც "ლეიბორისტული პარტიის" ქუთაისის მერობის კანდიდატმა ირაკლი კიკვაძემ შეხვედრაზე აღნიშნა, მისი მთავარი მიზანი, განათლების საკითხში, ახალგაზრდების პრობლემების მოგვარებაა.
„ჩემი მთავარი პრობლემური საკითხი ახალგაზრდების თემაა. ქუთაისიდან ვინც ვერ ახერხებს უცხოეთში წასვლას, ხშირ შემთხვევაში თბილისში მიდიან, იქიდან კი თითქმის სამწუხაროდ არავინ ბრუნდება. ეს არის ჩემთვის ძალიან მტკივნეული საკითხი. ახალგაზრდების ხელშეწყობა, მათ განათლებასა და დასაქმებაზე ზრუნვა. ეს არის ჩემი, როგორც მერობის კანდიდატის ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემაა, ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება. ეს თანხები უნდა გამოთავისუფლდეს და დავეხმაროთ შშმ პირებს, მოხმარდეს განათლების საკითხს. უმთავრესია თანხები გადანაწილდეს ეკონომიკის განვითარების, დასაქმებისა და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის კუთხით. ქალაქის თვითმმართველობა უნდა უწყობდეს ხელს ამ ყველაფერს. ბიუჯეტის თანხა პრობლემურ საკითხებზე უნდა იყოს მიმართული და არა ბიუროკრატიულ ხარჯებზე.
ჩვენ ფაქტობრივად სუსტი თვითმმართველობა გვაქვს, უმთავრესია დეცენტრალიზაციის საკითხი, ეკონომიკური დეცენტრალიზაცია. ჩვენი თვითმმართველობის რეფორმის სისუსტე გვამუხრუჭებს. არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული სხვადასხვა სამინისტროებზე.
ცენტრი რასაც გადაწყვეტს, - ამ მენტალობას უნდა დავემშვიდობოთ. დევნილების საკითხი თითქმის გასულია თვითმმართველობის კომპეტენციიდან და სრულად მიეკუთვნება ცენტრალურ სამინისტროებს. სწორედ ამიტომაა საჭირო რეფორმების გატარება, ყველა საკითხი არ უნდა წყდებოდეს ცენტრში," - განაცხადა შეხვედრაზე "ლეიბორისტული პარტიის" ქუთაისის მერობის კანდიდატმა ირაკლი კიკვაძემ.
სიახლეები
- პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
- საქართველოს რკინიგზა 21 და 22 აპრილს თბილისი-ფოთი-თბილისის და თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს
- "საქართველოში არჩევნების გაყალბება და საგარეო კურსის შეცვლა მოგონილი თემებია, სიმართლე ჩვენს მხარესაა და მოსახლეობა მხარს ჩვენ გვიჭერს"
- "ჩვენ ვამბობთ, რომ ქართველი ხალხის ვიზით შანტაჟი ჩვენთვის მიუღებელია - შანტაჟის ქვეშ ეროვნული საქმე არ კეთდება"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 18 აპრილისთვის