სასიკვდილო საფრთხის ქვეშ უკვე ახალგაზრდებიც არიან - საგანგაშო ლეტალობის მიზეზებს ექიმები ზუსტად ვერ ადგენენ

“საქართველოში ეპიდვითარების გაუარესებასთან ერთად, კორონავირუსით გარდაცვალების ასაკი მნიშვნელოვნად გაახალგაზრდავდა - სიკვდილიანობის მაჩვენებელი დღიურად სამი ათასეულის ფარგლებში გადავიდა და გარდაცვალების მონაცემები საათობრივად იცვლება.

ასევე, მცირეწლოვნების დაინფიცირების შემთხვევებიც იზრდება. ყველაზე ახალგაზრდა გარდაცვლილი კოვიდპაციენტი 15 წლის მოზარდი იყო, იგი საუნივერსიტეტო კლინიკაში ორი კვირის განმავლობაში მკურნალობდა და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. დაგვიანებით მკურნალობას შეეწირა ქუთაისში მცხოვრები 26 წლის გოგო - გარდაცვლილის დედის თქმით, კლინიკებში ადგილები არ იყო და მისი შვილის გადაყვანა ამიტომ ვერ შეძლეს. პაციენტი კლინიკაში 31 ოქტომბერს შეიყვანეს და მეორე დღეს გარდაიცვალა...”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით სასიკვდილო საფრთხის ქვეშ უკვე ახალგაზრდებიც არიან - საგანგაშო ლეტალობის მიზეზებს ექიმები ზუსტად ვერ ადგენენ / “ადრე თუ გვიან ვირუსს ყველა მოიხდის - ვინც ვერ მოიხდის, ლეტალური შედეგი იქნება”.

 

“როგორც ოჯახი ამტკიცებს, გარდაცვლილი დედისგან დაინფიცირდა და თანმდევი დაავადება არ ჰქონია, ხოლო მდგომარეობის მოულოდნელად დამძიმების შემდეგ კლინიკაში გადაიყვანეს - გამომდინარე იქიდან, რომ კრიტიკული პაციენტისთვის კლინიკაში ადგილები არ იყო, ოჯახი მომხდარში ხელისუფლებას ადანაშაულებს. “შეიძლება პირველი შემთხვევაა, ვინც ვერ დააწვინეს და გარდაიცვალა... პაციენტის ისე სწრაფად გადაყვანა სტაციონარში, როგორც ეს გაზაფხულზე ხდებოდა, ვერ ხერხდება გასაგები მიზეზების გამო. სამწუხაროდ, მთელ მსოფლიოში ასეა. ამიტომ, ამ პრობლემის გადაწყვეტას უნდა კომპლექსური მიდგომა როგორც პირველადი ჯანდაცვის, ასევე სტაციონარების მხრიდან -პაციენტების სწორად შეფასება უნდა მოხდეს, რადგან საავადმყოფოებში მხოლოდ მძიმე პაციენტები მოხვდნენ”, - განაცხადა ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ. ახალგაზრდა პაციენტი გარდაიცვალა მარტვილის მუნიციპალიტეტშიც. 31 წლის ქალს ქრონიკული დაავადება ჰქონდა. მარტვილის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ მისი სწრაფი ტესტის პასუხი უარყოფითი იყო, თუმცა “პისიარ” ტესტის ჩატარების შემდეგ დადებითი პასუხი მიიღეს. ახალგაზრდა ქალი კი ტესტის პასუხამდე, საკუთარ სახლში გარდაიცვალა”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“რისგანაა გამოწვეული საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა ასაკის გაახალგაზრდავება, ხომ არ განიცადა ვირუსმა გარკვეული მუტაცია, ან რა გამომწვევი მიზეზი აქვს აღნიშნულ ფაქტს? თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღავნელი მარინა ენდელაძე “რეზონანსთან” საუბარში აღნიშნავს, რომ კორონავირუსით ინფიცირებული ახალგაზრდების გარდაცვალება გამოწვეულია არა ვირუსის მუტაციით, არამედ შემთხვევების კრიტიკული მატებით. იმავე აზრისაა ეპიდემიოლოგი ირაკლი ხმალაძე, იგი მიიჩნევს, რომ გარდაცვლილთა ასაკის გაახალგაზრდავება კორონავირუსის ე.წ. პასაჟირების ანუ გადადების სიხშირის მკვეთრი მატების ფონზე ვირუსის გაძლიერების ბრალია”, - დასძენს გამოცემა.

 

“მუტაციის შესახებ ასე იოლად საუბარი არ შეიძლება - უბრალოდ ძალიან ბევრი ინფიცირებუილია და ამ ინფიცირებულებიდან ზოგი ახალგაზრდა იქნება და ზოგი უფრო ასაკოვანი, ეს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოშია, ბევრ პაციენტში ბევრი იქნება. თანაც, სიკვდილიანობის თვალსაზრისით ამ რაოდენობას ბევრი არ ჰქვია, ჩვენთან კიდევ უფრო ნაკლებია, ვიდრე სხვაგან. სიტუაცია რა თქმა უნდა, საგანგაშოა, ახლა მიტინგები არ შეიძლება და არ შეიძლება ნიღბის გარეშე სიარული, რა თქმა უნდა, რომ შემთხვევები მოიმატებდა და ახლა კიდევ მოიმატებს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მარინა ენდელაძე.

 

“ვირუსი როცა უფრო მეტ ადამიანს დაემართება და გადადების სიხშირე მოიმატებს, ამას პასაჟირება ჰქვია, რასაც ლაბორატორიებში ვირუსის გასაძლიერებლად იყებენ და სამწუხაროდ, მისი პათოგენობაც იმატებს ხოლმე, არაა გამორიცხული რომ კორონავირუსით გარდაცვლილთა ასაკის გაახალგაზრდავება, სწორედ ამის ბრალია. იმიტომაა, რომ სიკვდილიანობა ყოველთვის იქაა ხოლმე მეტი, სადაც ბევრი ინიცირებულია, როდესაც ჩვენთან 30-მდე შემთხვევები იყო, სიკვდილიანობა თითქმის არ იყო, ახლა უკვე მოიმატა. ის ფაქტი, რომ სიკვდილიანობის თვალსაზრისით ასაკობრივი ცვლილება მოხდა, ეს ძალიან შემაშფოთებელია, სიფრთხილე კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ. ესაა ჩვეულებრივი ვირუსული ინფექცია, რომელიც ძალიან ადვილად ვრცელდება, ეს ეტყობა მას გენში უდევს და ამას ემატება ის პასაჟირება, რომელიც მის გადამდებლობის უნარს აძლიერებს - ყოველი გადაცემის შემდეგ ვირუსი ძლიერდება, იმიტომ, რომ მან სხვადასხვა ადამიანის იმუნიტეტს გაუძლო და ამ ბრძოლებში უფრო გაძლიერდა, როგორც ჯარისკაცების მომზადება ხდება ხოლმე”, - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ხმალაძე.

 

“ის რაც ახლა ხდება, ჩვენმა პოლიტიკურმა მოვლენებმა ვირუსს ხელი ძალიან შეუწყო, თავშეყრები და ა.შ. უმეტეს შემთხვევაში პირბადე არ უკეთიათ და თუ უკეთიათ, არასწორად, ასევე ახლო კონტაქტები, არავითარი დისტანცია, ერთმანეთს მიწოლილი ხალხი, ამ დროს ადამიანი აბსოლუტურად დაუცველი ხდება ხოლმე. თუ ასე გაგრძელდა, ადრე თუ გვიან კორონავირუსს ყველა მოიხდის, ვინც ვერ მოიხდის, სამწუხაროდ, ლეტალური შედეგი დაფიქსირდება, მოსახლეობამ უნდა გაითავისოს, რომ სახელმწიფო ყოველთვის მათ ვერ დაიცავს, პირველ რიგში თითოელმა ჩვენთაგანმა საკუთარ თავსა და მის ირგვლივ მყოფ ადამიანებზე უნდა იზრუნოს”, - დაასკვნის ხმალაძე.

წაკითხვა 590 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 05 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.