გრიგოლ ვაშაძე საკუთარ განცხადებასთან დაკავშირებით განმარტებას ავრცელებს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე დილით გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით განმარტებას ავრცელებს.
„დამატებით განვმარტავ:
- მოქალაქეთა პროტესტი უნდა გაგრძელდეს;
- ამ პროტესტს სასწრაფოდ უნდა დაემატოს პოლიტიკური კომპონენტი - სამართლიანი არჩევნების პრინციპების განხორციელების თაობაზე მოლაპარაკებების სახით სტრატეგიული მოკავშირეების მედიაციით;
- სანამ/თუ მოლაპარაკებები წარმატებით არ დასრულდება არც მეორე ტურში მონაწილეობას არ ვღებულობთ და არც პარლამენტში არ შევდივართ;
- ერთხელ და სამუდამოდ ყველა უნდა დავიძაბოთ, რომ მომავალში ქუჩის პროტესტმა ნორმალური პროცესი არ ჩაანაცვლოს არჩევნების გაყალბების გამო“, - ნათქვამია ვაშაძის განცხადებაში, რომელსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
შეგახსენებთ, მანამდე სააგენტო “ნიუპოსტმა“ გრიგოლ ვაშაძის სახელით მიმართვა გაავრცელა, რომლის მიხედვით, ვაშაძე მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომასა და ქუჩის საკონონმდებლო ორგანოს ტრიბუნით ჩანაცვლებაზე საუბრობს.
"საქართველო ძალზედ სახიფათო მდგომარეობაში იმყოფება - სახეზეა ოთხი უმძიმესი გამოწვევა - ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური და დემოგრაფიული. ამას ემატება კორონავირუსის კონტროლიდან გასული მსოფლიო ეპიდემია. ამავე დროს, უკიდურესად გამწვავებულია სამხედრო-პოლიტიკური სიტუაცია ჩვენს რეგიონში. საქართველოში კი ეროვნული კონსოლიდაცის ნაცვლად საქმე გვაქვს პოლიტიკური პროცესის უკიდურეს გამწვავებასთან, რომელსაც შიშის მომგვრელი სისწრაფით მივყავართ სამოქალაქო დაპირისპირებისა და ქაოსისკენ. თუ საქართველოს პოლიტიკური სპექტრი არ გააცნობიერებს არსებული საფრთხეების სიღრმეს, იმას, თუ საით მიექანება ჩვენი სახელმწიფო, არ გაითვალისწინებს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობის დაკვეთას, არ მიაქცევს ყურადღებას არასამთავრობო სექტორის რჩევებს, და იმას თუ რას გვთავაზობენ ჩვენი მოკავშირეები თავისი დიპლომატიური წარმომადგენლობის მეშვეობით, ანუ აუცილებელი ცვლილებების უზრუნველყოფას დემოკრატიული პროცესის მშვიდობიანი განვითარების გზით, ჩვენ დავკარგავთ სახელმწიფოს სტაბილური და უსაფრთხო განვითარების გზაზე გაყვანის შანსს.
მივმართავ ყველა პოლიტიკურ პარტიას: სასწრაფოდ გადავიტანოთ პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან, ჩავანაცვლოთ ქუჩა ყველა დონის საკონონმდებლო ორგანოების ტრიბუნით და ყველა ძალას მოვუხმოთ სახელმწიფოს ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად. ამისათვის კი აუცილებლად მიმაჩნია, რომ ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად ბოლომდე მივიყვანოთ სადაო უბნების გადათვლისა და სასამართლოების მიერ ოპოზიციის საჩივრების განხილვის პროცესი, რაც მოგვცემს საშუალებას დავასრულოთ ეს პოლიტიკური კრიზისი ოპოზიციის წარმომადგენლების სამართლიანი გამარჯვებით და პარლამენტში უმრავლესობის მოპოვებით. ცესკო-ს თავმჯდომარე უნდა გადადგეს. მომავალ პარლამენტში კი უნდა შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის დარღვევებს მიმდინარე არჩევნებში, გამოავლენს პასუხისმგებელ პირებს და უზრუნველყოფს ისეთი საარჩევნო სისტემისა და გარემოს შექმნას, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ გამორიცხავს გაყალბებებს და ამომრჩეველთა ხმების მითვისების შესაძლებლობას. ჩვენ პირველ რიგში ვართ ქართველები, ანუ მრავალი ეთნიკური, რელიგიური თუ სხვა კუთვნილების საქართველოს მოქალაქეები, და მხოლოდ ამის შემდეგ პოლიტიკური პარტიების წევრები. პირველ ადგილზე სამშობლოა და შემდეგ პოლიტიკა და პარტიული ინტერესები. გავაკეთოთ არჩევანი სამშობლოს უსაფრთხო და ბედნიერი მომავალის სასარგებლოდ. არავის, არც ხელისუფლებას, არც ოპოზიციას, მიუხედავად ოპოზიციის დასაბუთებული არგუმენტებისა და პროტესტისა, არ აქვს უფლება შეეგუოს უმართავი პროცესების განვითარებას. საქართველო უპირველეს ყოვლისა!" - ნათქვამი იყო მედიაში გავრცელებულ ვაშაძის განცხადებაში.
სიახლეები
- „ქართულ ოცნებას“ სანქციები უახლოვდება, რომლებიც ახლა სამიზნეში იღებენ მოსამართლეებს, პროკურორებსა და გამომძიებლებს, როგორც რეპრესიების ინსტრუმენტებს"
- "დონალდ ტრამპმა პირდაპირ უწოდა რუსეთ-უკრაინის ომს ე.წ. „პროქსი" ომი, რაც ნიშნავს მარიონეტულ ომს, მან პირდაპირ განაცხადა, რომ სინამდვილეში ამ ომის ორი მხარე არიან არა რუსეთი და უკრაინა, არამედ რუსეთი და დასავლეთი"
- "ევროპელი ბიუროკრატები საქართველოში დამარცხდნენ" - კახა კალაძე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 11 აპრილისთვის
- "განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენება კლიმატის ცვლილების შემარბილებელი პროცესია" - თამარ მალანია