სამხედრო გადატრიალების მცდელობა აფხაზეთში
“დე ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, აფხაზეთში შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება მზადდებოდა, რომლის ერთ-ერთი პოტენციური ხელმძღვანელიც ე.წ. პრეზიდენტ ასლან ბჟანიას ყოფილი მრჩეველი ახრა ავიძბა იყო.
იგი უკვე დაკავებულია თავის 5 პირად მცველთან ერთად, თუმცა “ოფიციალურად” მათ მხოლოდ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდება აქვთ წაყენებული. პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ავიძბას დაკავების გამო ახალი პოლიტიკური კრიზისის შექმნის საფრთხეს ვერ ხედავს. მისი თქმით, ავიძბას დაკავების გამო აფხაზურ საზოგადოებაში ჯერჯერობთი ვნებათაღელვა არ ჩანს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით სამხედრო გადატრიალების მცდელობა აფხაზეთში.
“თავად ახრა ავიძბა ბოლო პერიოდში აფხაზეთში საკმაოდ მნიშნელოვან და გავლენიან ფიგურად იქცა. იგი აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებების მონაწილეა და პრორუს სეპარატისტებს შორის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან საველე მეთაურად ითვლებოდა. მას “დონეცკის სახალხო რესპუბლიკის გმირის” წოდებაც აქვს მინიჭებული. აფხაზეთში დაბრუნების შემდეგ იგი აქტიურად ჩაერთო პოლიტიკურ პროცესებში და ღიად უპირისპირდებოდა ბჟანიას წინამორბედ “პრეზიდენტ” რაულ ხაჯიმბას. ამ კონფლიქტის მიზეზი სოხუმის ცენტრში მომხდარი გახმაურებული მკვლელობა იყო, როდესაც 2019 წლის ნოემბერში სოხუმის ცენტრში, შუადღისას ერთ-ერთ კაფეში ორი კრიმინალური ავტორიტეტი და კაფეს მიმტანი ჩაცხრილეს. მათგან ერთ-ერთი - “კანონიერი ქურდი” ალხას ავიძბა - ახრა ავიძბას ახლო ნათესავი გახლდათ. ახრა ავიძბა მიიჩნევდა, რომ ამ მკვლელობის უკან დე ფაქტო ხელისუფლების მაღალჩინოსნები იდგნენ და მათ წინააღმდეგ ღიად გამოსვლა დაიწყო. უფრო მეტიც, ავიძბა ხელისუფლებიდან ხაჯიმბას ჩამოცილების პროცესის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი და ხელმძღვანელი გახდა. აქედან გამომდინარე, მოქმედი “პრეზიდენტი” ასლან ბჟანია მისგან დიდადაა დავალებული და ავიძბას დაკავება მას სერიოზულ უხერხულობას უქმნის”, - აღნიშნავს გამოცემა.
“დე ფაქტო ხელისუფლებაში ბჟანიას მოსვლის შემდეგ ავიძბა მის თანაშემწედ დაინიშნა, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ სერიოზულ სკანდალში გაეხვა. გასული წლის დეკემბერში იგი რუსეთიდან აფხაზეთში მიემართებოდა, თუმცა რუსმა მესაზღვრეებმა, საბანკო დავალიანების გამო, მას ქვეყნის დაკავების უფლება არ მისცეს. აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის მრჩეველი განსაკუთრებით იმან გაანაწყენა, რომ მესაზღვრეებმა არაფრად ჩააგდეს მისი ე.წ. დიპლომატიური პასპორტი. საბოლოოდ, ავიძბა მათ არ დაემორჩილა და აფხაზეთში ძალით შეღწევა სცადა - დიდი სიჩქარით დააჯახა ავტომობილი საზღვარზე აღმართულ წინაღობას, თუმცა მისი გარღვევა ვერ შეძლო და ადგილზე დააკავეს. გარკვეული პერიოდის შემდეგ მან “პრეზიდენტის თანაშემწის” თანამდებობა დატოვა. ბოლო პერიოდში კი სოციალურ ქსელებში დე ფაქტო ხელისუფლების კრიტიკა დაიწყო და სოხულში ბჟანიას საწინააღმდეგო აქციებზეც გამოდიოდა”, - განაგრძობს გამოცემა.
“უშუალოდ დაპატიმრების წინა დღეებში კი ავიძბამ გამოაცხადა, რომ ქმნის საკუთარ პოლიტიკურ პარტიას - “ნოვიე ლიუდი” (“ახალი ადამიანები”). ახრა ავიძბა სოხუმში 4 მარტს დააკავეს იარაღის უკანონ შენახვის ბრალდებით და მას 2-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. საინტერესოა მისი დაკავების ფორმა - იგი ჯერ ე.წ. გამოკითხვაზე დაიბარეს და მოკლე საუბრის შემდეგ დააპატიმრეს. პარალელურად მის სახლში ხმაურიანი სპეცოპერაცია მოეწყო, რომლის დროსაც დე ფაქტო ძალოვნებმა სხვადასხვა ტიპის რამდენიმე ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალები ამოიღეს. ავიძბასთან ერთად დაკავებულია მისი პირადი დაცვაც - უკრაინის 5 მოქალაქე, რომელთაც ასევე იარაღის უკანონო ტარებაში ედებათ ბრალი. თუმცა, რუსული წყაროების ცნობით, დე ფაქტო სპეცსამსახურები ამჟამად მათზე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენენ, რათა სახელმწიფო გადატრიალებასთან მათი კავშირის შესახებ აღიარებითი ჩვენებები მიიღონ. რუსეთის ხელისუფლება კი ამ პროცესებისგან დისტანცირებას ცდილობს. აფხაზეთში რუსეთის ე.წ. საელჩომ თავის “ფეისბუკ” გვერდზე საგანგებო განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ ავიძბას დაკავება “აფხაზეთის შიდა საქმეა”. ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ აფხაზურ საზოგადოებაში გავრცელებული ერთ-ერთი ვერსიით, ავიძბას თავად სურს დე ფაქტო ხელისუფლების სათავეში მოსვლა”, - დასძენს გამოცემა.
“ახრა ავიძბა მეომარია და იბრძოდა დონბასში, ითვლებოდა მნიშვნელოვან ფიგურად რუსულ კონტექსტში. ავიძბა მონაწილეობდა აფხაზეთში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისში, რომელსაც მოჰყვა 2020 წელს დე ფაქტო პრეზიდენტის ხაჯიმბას გადაგომა. მან ერთი ხელის მოსმით მოახერხა ჩამოეგდო ხაჯიმბა და ფაქტის წინაშე დააყენა აფხაზეთის საზოგდაოება და ოპოზიცია. ახალ არჩევნებში გაიმარჯვა ხაჯიმბას მეტოქემ ოპოზიციის იმდროინდელმა ლიდერმა ასლან ბჟანიამ. ბჟანიამ იგი თავის მრჩევლად დანიშნა. დღეს ავიძბა დაპატიმრებულია, ასევე დაპატიმრებულია 4-5 პიროვნება, მათ ბრალად ედებათ შეირაღებული ფორმით გადატრიალება. იყო ასეთი მოსაზრებაც, რომ ბჟანია თუ ჩამოაგდეს თავის თავს ხედავსო. დღეს ყველა ელოდება, რა მოხდება, აფხაზურ საზოგადოებაში ჯერჯერობით არ ჩანს ვნებათაღელვა ავიძბას დაკავების გამო. თუმცა ბჟანიას ხელისუფლება უხურხულ მდგომარეობაშია, მათ კარგად გათვლილი ნაბიჯები უნდა გადადგან, არც მწვადი დაწვან და არც შამფური”, - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"